Accessibility links

სუსლიაკების საქმე: დეტალები და ახალი ბრალდებები


საქართველოში არიან თანამდებობის პირები, რომლებსაც უნდათ, რომ იულია სუსლიაკს გამოუტანონ გამამტყუნებელი განაჩენი და შემდეგ, გადაწყვიტონ ბავშვების ბედი, თავიანთი შეხედულებისამებრ, - ვარაუდობს ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა. მან გენერალური პროკურორის სახელზე საჩივარიც შეიტანა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

ადვოკატი ამბობს, რომ ქართულ მხარეს სიმართლის დადგენა არ უნდა, შეგნებულად ჭიანურდება დნმ-ექსპერტიზა და იმასაც შიშობს, რომ ბავშვებზე შესაძლოა ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდეს. რადიო თავისუფლება საქართველოს პროკურატურასა და სოციალურ სააგენტოს დაუკავშირდა.

სუსლიაკების საქმე: დედაა თუ ბავშვებით მოვაჭრე?

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის უდანაშაულობაში დარწმუნებულია მისი ადვოკატი - ზურაბ თოდუა.

თავადაც იცის, რომ ბუნებაში ძალიან ძნელი საპოვნელია ადვოკატი, რომელიც თავის დაცვის ქვეშ მყოფ პირს დამნაშავედ აღიარებს, მაგრამ როგორც თოდუა ეუბნება რადიო თავისუფლებას, სიმართლეში დარწმუნებული რომ არ იყოს, უარს იტყოდა ათი მცირეწლოვანი ბავშვის ბედთან დაკავშირებულ საქმეზე.

„იულია სუსლიაკს არცერთი ბავშვი არ უყიდია და არცერთი ბავშვი არ გაუყიდია“.

ზურაბ თოდუას თქმით, მან მოიპოვა უტყუარი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ:

  • იულია სუსლიაკი საქართველოში ჩამოყვანილი ათი ბავშვიდან ოთხის ბიოლოგიური დედაა;
  • ექვსი ბავშვი სუსლიაკების ოჯახში სუროგაციის გზით გაჩნდნენ და ამიტომ არის რამდენიმე ბავშვი ერთი და იმავე წელს (2017) დაბადებული;
  • ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამა იური სუსლიაკია, რომელიც ამჟამად აფხაზეთში ცხოვრობს;​
  • სუსლიაკების ოჯახის მე-11 ბავშვი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

ამ ყველაფრის დასამტკიცებლად ზურაბ თოდუას, როგორც თავად ამბობს, არაერთი დოკუმენტი უჭირავს ხელში: ხელშეკრულებები სუროგატ დედებთან, ხელშეკრულებები დონორ დედებთან, კლინიკების მიერ გაცემული დოკუმენტები ბავშვების დაბადების შესახებ, ნათესავებისა და ძიძების მონათხრობი.

გარდაცვლილ ბავშვთან დაკავშირებით კი - აქვს მისი გარდაცვალების ცნობა, აქვს გამოძიების დოკუმენტები. ასევე ამბობს, რომ არსებობს ბავშვის საფლავი და ამ ამბავს იხსენებს სასულიერო პირი, რომელმაც ბავშვის ცხედარი ნახა.

გამოძიებამ ადვოკატს უარი უთხრა მტკიცებულებების მიღებაზე და როგორც თავად თოდუა ამბობს, გამოძიება არც ამ მტკიცებულებების გადამოწმებით დაინტერესდა.

ზურაბ თოდუას თქმით, აბსურდულია ბრალდება, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურატურის უფროსი პროკურორი თეა გიორგაძე აწერს ხელს.

ბრალდების მიხედვით, იულია სუსლიაკმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან, დაუდგენელ პირებთან ერთად:

  • უკრაინაში იყიდა ათი ბავშვი;
  • ჩაიყვანა ისინი რუსეთის ფედერაციაში;
  • ამის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში იყიდა კიდევ ერთი ბავშვი და ჩაიყვანა რუსეთის ფედერაციაში;
  • 11 ბავშვიდან ერთი ბავშვი გაყიდა;
  • დანარჩენი 10 ბავშვი ჩამოიყვანა საქართველოში;
  • ამის მიზანი იყო: ბავშვების აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა და მათი იქიდან გაყიდვა.

სწორედ თეა გიორგაძეა ერთ-ერთი, ვის წინააღმდეგაც ადვოკატ ზურაბ თოდუას სერიოზული ბრალდებები აქვს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ათი უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს, იულია სუსლიაკს წინასწარი, 55-დღიანი პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა. იულია სუსლიაკს ბრალი წაყენებული აქვს არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგის) მუხლით. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს რომ ბავშვები მისი შვილები არიან.

ადვოკატის სერიოზული ეჭვები და ბრალდებები

ადვოკატი ზურაბ თოდუა სწორედ უფროსი პროკურორის აკვიატებად მიიჩნევს იმ ვერსიის მტკიცებას, რომ იულია სუსლიაკი ბავშვების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული.

ამ ვერსიას ადვოკატი „ავადმყოფურსაც“ უწოდებს და ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ექსპერტიზასთან თუ მტკიცებულებებთან დაკავშირებული შუამდგომლობების დაბლოკვაში პროკურორს მისი მოსამართლე მეუღლის, პაატა სილაგაძის ავტორიტეტი ეხმარებოდა. ადვოკატის ლოგიკის დეტალები ასეთია:

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძე ახლახან დაინიშნა უვადო მოსამართლედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში;
  • სწორედ ამ კოლეგიამ არ გაიზიარა ზურაბ თოდუას ოთხი შუამდგომლობა.

შეთანხმებული ქმედების შედეგად მიიჩნევს ადვოკატი იმ ფაქტს, რომ ჯერჯერობით არაფერი კეთდება იმის დასადგენად, არიან თუ არა ბავშვები იულია და იური სუსლიაკების შვილები. მისი თქმით:

  • ჯერჯერობით არ დაწყებულა იულია სუსლიაკისა და ბავშვების დნმ-ნიმუშების გამოკვლევა, რომელიც 23-24 აპრილს აიღო გამოძიებამ;
  • ადვოკატს არ ეძლევა საშუალება დაჩქარებული წესით ჩაატაროს დნმ-გამოკვლევა ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით, მაშინ როცა მას აქვს ბებიისა და მამის ბიოლოგიური მასალები;
  • გამოძიება ადვოკატს საშუალებას არ აძლევს, რომ გამოიყენოს გამოძიების მიერ ბავშვებისგან აღებული დნმ-ნიმუშები;
  • ადვოკატს არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ თავად მოიპოვოს ბავშვების დნმ-ნიმუშები.

კონკრეტულ გვარებს ამ შემთხვევაში არ ასახელებს, მაგრამ ადვოკატი ვარაუდობს, რომ „პროკურატურტაში, შს სამინისტროსა და სასამართლო სისტემაში არიან თანამდებობის პირები, რომლებსაც უნდათ, რომ იულია სუსლიაკის მიმართ დააყენონ გამამტყუნებელი განაჩენი და შემდგომში გადაწყვიტონ ბავშვების ბედი, თავიანთი შეხედულებისამებრ“.

საადვოკატო უფლებამოსილებისთვის ხელის შეშლის გარდა, ადვოკატმა თოდუამ გენერალურ პროკურს თანამდებობის პირთა არაჯანსაღ ინტერესთან დაკავშირებული საჩივრითაც მიმართა. ეს 23 მაისს მოხდა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

რადიო თავისუფლებამ მიმართა საქართველოს პროკურატურას, ადვოკატის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით და მათ შორის, კონკრეტულად პროკურორ თეა გიორგაძის პოზიციის მოსმენის მიზნით. თუმცა როგორც პროკურატურაში განგვიცხადეს, „პროკურორი ადვოკატის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს“.

როგორ და სად არის 10 ბავშვი?

დაკავებული იულია სუსლიაკის მეუღლე იური სუსლიაკი, რომელიც ამჟამად სოხუმში ცხოვრობს, გამოთქვამს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებს ხელი არ მიუწვდებათ სათანადო მზრუნველობასა და ყურადღებაზე. მისი მონათხრობით:

  • ერთ-ერთ ბავშვს მძიმე დაავადება აქვს და თუკი ექიმები მუდმივი მეთვალყურეობა და მკურნალობა არ ექნება, ბავშვი მომავალში შეიძლება სამუდამოდ დაინვალიდდეს;
  • ზოგიერთი ბავშვი ალერგიულია და მათაც საგანგებო ყურადღება ესაჭიროება.

ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეჭვები იური სუსლიაკს გაუზიარა ბავშვების ბებიამ, ემა სუსლიაკმა, რომელიც თბილისში იყო ჩამოსული და სოციალური მომსახურების სააგენტოს შუამავლობით ბავშვებსაც შეხვდა.

სუსლიაკებმა იციან, რომ ბავშვები ოჯახებში, მინდობით აღზრდის მექანიზმის ფარგლებში არიან განაწილებული, მაგრამ სად - მათთვის უცნობია.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა, ეთერ ცხაკაიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ბავშვები უკვე მოინახულა უკრაინის კონსულმა საქართველოში და მადლობაც გადაიხადა მათი კარგი მოვლის გამო.

ეთერ ცხაკაის თქმით:

  • ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია;
  • ბავშვები იმყოფებიან სხვადასხვა პროფილის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ;
  • ბავშვები ორ ოჯახში არიან გადანაწილებული, ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ და აქვთ ხშირი კომუნიკაცია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვებთან მუშაობს ფსიქოლოგი, რომლის რეკომენდაციითაც - საჭიროა ფსიქოთერაპევტის ჩართვაც, რადგან უახლოეს მომავალში მათი გამოკითხვა იგეგმება.

„იმდენად რამდენადაც ბავშვები გამოსაკითხები არიან, მათთვის ეს ახალი გარემოება შეიძლება სტრესული იყოს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არასტრესულ გარემოში გამოიკითხონ ბავშვები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეთერ ცხაკაიამ.

მისი თქმით, ბავშვები მოინახულეს ასევე საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმაც, რადგან იულია სუსლიაკის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი ათი ბავშვიდან ერთი სწორედ შეერთებული შტატების მოქალაქეა.

უკრაინის კონსულმა ასევე შეატყობინა სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომ საქართველოში უკრაინიდან ჩამოვა ბავშვის უფლებათა დამცველი, პრეზიდენტის აპარატში არსებული სამსახურიდან.

რატომ გაჭიანურდა ბავშვების გამოკითხვა, მაშინ, როცა იულია სუსლიაკის დაკავებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა?

ასეთია ადვოკატ ზურაბ თოდუას შეკითხვა. ის არ გამორიცხავს, რომ გამოკითხვის წინ მიმდინარეობს მუშაობა ბავშვებთან - „გამოძიებისთვის სასურველი ჩვენების მისაღებად, რომ იულია სუსლიაკი არ არის მათი დედა“.

ფოტოები და ვიდეომასალა კიევიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:00:28 0:00

ახლახან ადვოკატმა კიევიდან ჩამოიტანა ფოტო და ვიდეო მასალა იმის დასტურად, თუ როგორ უდარდელად და ბედნიერად ცხოვრობდნენ ბავშვები სუსლიაკების ოჯახში და მათ შორის, როგორ უწოდებს იულიას "დედას" სუსლიაკების უფროსი შვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG