Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყურადღების გადატანა? - სუსი შემოდგომის „შეთქმულებასა“ და „მაიდნის სცენარზე“ იწყებს საუბარს


საქართველოს ხელისუფლება მთავრობის წინააღმდეგ მორიგ „შეთქმულებაზე“ საუბრობს
საქართველოს ხელისუფლება მთავრობის წინააღმდეგ მორიგ „შეთქმულებაზე“ საუბრობს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებას, რომ ოქტომბერ-დეკემბერში, - მაშინ, როცა ქვეყნისთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს, - „გარკვეული ძალები დესტაბილიზაციასა“ და „მაიდნის სცენარის განხორციელებას“ გეგმავენ, ოპოზიცია და ექსპერტები ტრადიციული უნდობლობით შეხვდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს საგანგებო ბრიფინგზე „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე“, საზოგადოებას „მიმდინარე გამოძიების“ შესახებ ამცნო.

ადრე ზეპირად გაკეთებული არაერთი მსგავსი განცხადება „ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულებათა“ გამოძიების შესახებ, არასდროს დასრულებულა დამნაშავეთა დაკავებით და სასამართლო პროცესით.

ამჟამად „შემოდგომის შეთქმულების“ ორგანიზატორებს შორის სუსმა, „მიმდინარე გამოძიებაზე“ დაყრდნობით, უკრაინელი მაღალჩინოსნები და უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები დაასახელა. ისინი უწყების განცხადებას აბსურდულს, განცხადების ავტორებს კი იდიოტებს უწოდებენ.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისთვის შეთქმულებისა და ხელისუფლების დამხობის მოხმობა მიანიშნებს, რომ მმართველ პარტიას წინასაარჩევნო კამპანია აქვს დაწყებული და ამომრჩევლის ყურადღების გადატანას ცდილობს - რეალური პრობლემებიდან გამოგონილზე.

უკრაინის საგარეო უწყება ამბობს, რომ არ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და აცხადებს, რომ „საქართველოს მოქმედი ხელისუფლება გამუდმებით ცდილობს უკრაინის დემონიზებას, რათა შიდაპოლიტიკური საკითხები მოაგვაროს“.

მორიგი „გადატრიალების საქმე“ სუსისგან

ორშაბათს, 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოში, „უცხო ქვეყნების დაფინანსებით“ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.

უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, საქართველოსა და საზღვარგარეთ მოქმედებს „გარკვეული ჯგუფი“, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას გეგმავს და ამას ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციითა და სამოქალაქო არეულობის მოწყობით აპირებს.

„გეგმის ერთ-ერთ ავტორად“ სუსმა დაასახელა გიორგი (გია) ლორთქიფანიძე - უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე, რომელიც წარსულში საქართველოს შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო.

მიხეილ სააკაშვილი და გია ლორთქიფანიძე ოდესაში. 2015 წელი
მიხეილ სააკაშვილი და გია ლორთქიფანიძე ოდესაში. 2015 წელი

ორგანიზატორთა შორის უწყება ასახელებს, მათი მტკიცებით, „ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში მყოფ ქართული წარმოშობის პირებს“:

  • სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრ მიხეილ ბატურინს, - რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა;
  • უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურ მამუკა მამულაშვილს, - რომელსაც სუსი „სააკაშვილის გარემოცვის ახლო წევრად“ მოიხსენიებს.

სუსის მტკიცებით, „გეგმის განხორციელება იგეგმება“ უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.

„დამფინანსებელი უცხო ქვეყნები“ სუსს არ დაუზუსტებია.

„გადატრიალების საყრდენი“

სუსის მტკიცებით, „დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად“ შერჩეულია წლევანდელი ოქტომბერ-დეკემბრის შუალედი, - ის პერიოდი, როდესაც ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს.

უწყების ვერსიით, „შეთქმულთა მოლოდინი გათვლილია იმ გარემოებაზე“, რომ ბრიუსელის დასკვნა, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, უარყოფითი იქნება, რაც „შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისათვის“.

სუსის მიერ „გამოვლენილი“ „სავარაუდო სცენარი“, უწყების მტკიცებით, გია ლორთქიფანიძეს ეკუთვნის და ორ ფლანგს ემყარება:

  • „უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდ ჯგუფს“ და
  • „დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ ქართველი ახალგაზრდების ნაწილს, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ“.

„რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია ოტპორი“, - ეუბნება ხელისუფლება მოქალაქეებს.

„კანვას საქართველოს“ დირექტორი ამჟამად ვარ მე და არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავ. განცხადების ერთადერთი მიზანია აქტიური ადამიანების დაშინება“, - დაწერა ილიაუნის ლექტორმა, გიორგი მელაძემ სუსის განცხადების შემდეგ.

„სცენარი - კარვების ქალაქი“

სუსი აცხადებს, რომ ორგანიზატორები მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარს განიხილავენ:

  • „ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის“ მოწყობას,
  • საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას,
  • სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებას;
  • სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს“.

„კერძოდ, დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება“, - აცხადებს სუსი, თუმცა არ წერს, რით „დასტურდება“ ეს.

სუსი ირწმუნება, რომ „ლორთქიფანიძისა და ბატურინის ორგანიზებით აქციების მიმდინარეობის ადგილას, „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში შეტანილი იქნება ასაფეთქებელი მოწყობილობა“.

მისმა აფეთქებამ, სუსის მტკიცებითვე, „უნდა გამოიწვიოს საპროტესტო აქციებში მონაწილე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში მსხვერპლი. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში, დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის“.

მტკიცებულებები?

სუსმა ამ ინფორმაციის გავრცელება „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებით“ ახსნა. მათ განაცხადეს, რომ:

  • „ორგანიზატორებს ასეთი პროვოკაციები პირველად არ დაუგეგმავთ საქართველოს წინააღმდეგ“, თუმცა წარსულში ისინი აღკვეთეს;
  • „მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გამოწვევების გათვალისწინებით … ახლანდელი გეგმა გაცილებით მაღალი რისკის შემცველია“;

სუსი ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ მიიღო. მაგრამ სამართალდამცავი უწყება ამ ინფორმაციის დამადასტურებელ არცერთ საბუთს არ აქვეყნებს.

სუსის აღწერილ სცენარში არაერთი კითხვაა პასუხგაუცემელი:

  • რა (ვინ) არის სუსის წყარო ამ ინფორმაციის გავრცელებისას;
  • არსებობს თუ არა ინფორმაციის დამადასტურებელი ფოტო-, აუდიო- ან ვიდეომასალა;
  • იწყება თუ არა გამოძიება მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

პროსახელისუფლებო ტელეარხმა „იმედმა“ სუსის განცხადება თავის ფეისბუკგვერდზე დაასპონსორა.

ვინ არიან „ორგანიზატორები“ და რას ამბობენ?

„იდიოტები არიან“, - თავდაპირველად ასე მოკლედ შეაფასა „ქართული ლეგიონის“ დამფუძნებელმა, მამუკა მამულაშვილმა რადიო თავისუფლებასთან სუსის განცხადება.

მამუკა მამულაშვილი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ დამფუძნებელია. ამ საქმიანობის გამო მის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის არაერთი საქმეა აღძრული.

მამუკა მამულაშვილი, „ქართული ლეგიონის“ ლიდერი
მამუკა მამულაშვილი, „ქართული ლეგიონის“ ლიდერი

„სრული ბოდვა“ უწოდა მიხეილ ბატურინმა ჩვენთან საუბარში უსაფრთხოების სამსახურის აღწერილ სცენარს.

„ამას გვაბრალებს საქართველოს მთავრობაში მყოფი რუსეთის სპეცსამსახურები. ბოდვა ბოდვად და მე მათი „საფუძვლიანი ეჭვებისა“ და „გონივრული ვარაუდების“ გამო უკვე ვიჯექი ციხეში“, - ამბობს იგი.

სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის მაიორი, მიხეილ ბატურინი წლების წინ მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის წევრი იყო. 2020 წლის 28 ნოემბერს - საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ - შავ ზღვაში იახტით დააკავეს ორ უკრაინელ მოქალაქესთან ერთად.

სამკაციანი ეკიპაჟი ხომალდით თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. მას შემდეგ, რაც საქართველოს სანაპირო დაცვის პოლიციის მოთხოვნაზე პასუხად, ხომალდის ეკიპაჟი არ გამოვიდა კავშირზე და ისევ თურქეთის ტერიტორიული წყლებისკენ გაემართა, იახტა და მისი ეკიპაჟი დააკავეს.

ბატურინის მონათხრობის თანახმად, მესაზღვრეებს ეგონათ, რომ გემით მიხეილ სააკაშვილის შემოპარებას გეგმავდა. მათ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

2021 წლის ივლისში კი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა - ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის პარალელურად. ამ ნაბიჯით ორ ქვეყანას შორის მაშინ რამდენიმე თვის წინ შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა.

მიხეილ ბატურინი
მიხეილ ბატურინი

„სრული ბოდვაა სუსის დღევანდელი განცხადება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გია ლორთქიფანიძის ადვოკატმა, შოთა კახიძემაც.

ლორთქიფანიძე 2022 წლიდან დღემდე უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეა. 2015-2016 წლებში უკრაინაში იკავებდა ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობას.

მანამდე ის საქართველოს ხელისუფლებაში იყო - შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე. ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე დემონსტრანტების დარბევის საქმეზე. და საქართველოში დაუსწრებლად აქვს წაყენებული ბრალი სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე, როგორც ორგანიზატორს.

მისი ადვოკატი შოთა კახიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ლორთქიფანიძეს არ აქვს შეხება ქართულ პოლიტიკასთან:

„ის 8 წელია, ქვეყანაში არ ყოფილა, იდევნება საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით. ეს პერიოდი ის აქტიურად არის ჩართული რუსეთ-უკრაინის ომში და იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. მას არანაირი შემხებლობა ქართულ პოლიტიკასთან არ გააჩნია, არანაირი პოლიტიკური მიზნები და ინტერესები საქართველოში არ აქვს“.

მიხეილ ბატურინი კი ფიქრობს, რომ შესაძლოა, თუკი საქართველოში მომავალში მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართება, თავად „ოცნებამ“ მოაწყოს პროვოკაციები:

„მათი პათოსი და რასაც აკეთებენ, არის დასაფიქრებელი. წარმოუდგენელია, [უკრაინაში] რამე იგეგმებოდეს საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ შეიძლება [„ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა] თვითონ შექმნან ასეთი რაღაცები, თვითონ მოაწყონ პროვოკაციები“, - ამბობს იგი.

„კმარა“ 2023 წელსაც?

სუსი, 18 სექტემბრის განცხადებაში, როდესაც „კანვასსა“ და „ოტპორს“ ახსენებს, განმარტავს, რომ მათ „წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით“.

სერბული ახალგაზრდული მოძრაობა „ოტპორი“ (Отпор!) 1998-2004 წლებში არსებობდა. მის გამოცდილებასა და სიმბოლიკას იყენებდა საქართველოში ახალგაზრდული მოძრაობა „კმარა“, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა 2003 წლის ნოემბრის მშვიდობიან „ვარდების რევოლუციაში“.

გიორგი მელაძე
გიორგი მელაძე

„კანვას საქართველოს“ დირექტორმა, ყოფილმა „კმარელმა“, ილიაუნის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი მელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სერბულ ორგანიზაცია „ოტპორის“ წევრებს 2003 წლიდან იცნობს და დაახლოებით 2005 წელს, მათთან ერთად შექმნა „კანვასი“ (The Centre for Applied Nonviolent Action and Strategies (CANVAS). მისი თქმით, ორგანიზაცია მუშაობს არაძალადობრივი სამოქალაქო კამპანიების შესახებ ცოდნის გავრცელებაზე. პირადად მეც ვატარებ ტრენინგებს ამ თემაზეო, თქვა გიორგი მელაძემ.

მისი შეფასებით, „როდესაც ქვეყნის არაძალადობრივი სამოქალაქო კამპანიების წინააღმდეგ უშიშროების სამსახურის მიერ ასეთი განცხადება კეთდება, ფაქტი ხდება, რომ ავტორიტარიზმის ცუდ ფორმასთან გვაქვს საქმე“.

„როდესაც მთავრობა ასე ხედავს სამოქალაქო საზოგადოების ჩვეულებრივ, ნორმალურ ფუნქციობას, საშიშად აღიქვამს, როდესაც „არაძალადობა“ ხდება დევნის სამიზნე, ეს ყველასთვის ძალიან დიდი პრობლემაა და შესაბამისი ადეკვატური რეაგირება სჭირდება“, - ამბობს გიორგი მელაძე.

იცნობენ „შეთქმულები“ ერთმანეთს?

მიხეილ ბატურინი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ საერთოდ არ იცნობს მამუკა მამულაშვილის - მხოლოდ ერთხელ შეხვედრია. მამულაშვილი მედიასთან საერთოდ „რუსული გვარის მქონედ“ მოიხსენიებს ბატურინს და „ბატულინს“ უწოდებს, მართლა არ ვიცი, ვინ არისო.

მამულაშვილის თქმითვე, ლორთქიფანიძეს კარგად კი იცნობს, თუმცა: „ვერ ვიტყვი, რომ ხშირად ვხვდები, საკმაოდ დიდი ხანია, არ მინახავს. ჩვენ ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობა არ გვაქვს, მე ფრონტის ხაზზე ვარ, სულ სხვა მიმართულებით, ის სხვაგან არის“.

აქამდე რუსეთის ხელისუფლება მარტო ცდილობდა „ქართული ლეგიონის“ დისკრედიტაციას და ახლა ამაში საქართველოს ხელისუფლებაც ეხმარებაო, განაცხადა ლეგიონის დამფუძნებელმა.

„ყურადღების გადატანა“

„დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე იხსენებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში ხელისუფლების წარმომადგენლებს 2014 წლიდან არაერთი განცხადება გაუკეთებიათ „გადატრიალების მოწყობის მცდელობის“ შესახებ, - თუმცა რეალურად საქმე არასოდეს მიუყვანიათ ბოლომდე, რადგან:

„ხელისუფლების მიზანი მაშინაც და ახლაც არის, საინფორმაციო დღის წესრიგში მთავარი ადგილი დაიკავოს ამ საკითხზე მსჯელობამ. ხალხმა რაც შეიძლება მეტი ისაუბროს, ნამდვილია ეს სქემა თუ არა, იქნება [ასეთი სცენარი] თუ არ იქნება, და ამით ჩაანაცვლოს ის თემები, რაც რეალურად აღელვებს საზოგადოებას“.

გამოძიებები, რაც 2014 წლიდან დღემდე დაწყებულა „გადატრიალების“ ვარაუდით, შემდეგ შემთხვევებს ითვლის:
2014 წლის „საბურავების საქმეს“ – როდესაც შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე ირწმუნებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობის მიზნით „ევრომაიდნის მოწყობას“ გეგმავდა, რისთვისაც „ზონდერჯგუფებს“ ქმნიდა და საბურავებს იმარაგებდა. ბრალდებებში იყო „ევრომაიდნის აქტივისტების ჩამოყვანა“ და „ტრენინგების ჩატარება“. ჭიკაიძე არც „სროლას“ გამორიცხავდა.
2015 წლის „შეთქმულების“ საქმეს, რასაც უკრაინულ „ვიკილიქსზე“ გამოქვეყნებული სტენოგრამა-დიალოგი უძღოდა, სათაურით „სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს“.
2019 წლის ივნისში - „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, „სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით ამბოხების“ მუხლით…

2018 წლის ნოემბერში „ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ „ნაცმოძრაობის” ლიდერებს დაგეგმილი ჰქონდათ რევოლუციური სცენარი. იმავეს ამბობდა 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების წინაც...

ისეთ საკითხებს შორის, რაზეც ხელისუფლებას საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება არ სურს, გიორგი მშვენიერაძე ჩამოთვლის:

  • „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეფორმებს არ ატარებს“;
  • „ვერ გვცემს პასუხს, როგორ აღმოჩნდა ოთარ ფარცხალაძე მაღალ თანამდებობაზე და რატომაა "ოცნებასთან" დაკავშირებული პირი რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი;
  • ვერ გვცემს პასუხს, პრემიერ-მინისტრი და პოლიტიკოსები რატომ დაფრინავენ პირადი მიზნებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თვითმფრინავით და იყენებენ ამ რესურსებს“.

გიორგი მშვენიერაძე, „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე
გიორგი მშვენიერაძე, „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე

„სწორედ ამიტომ უნდათ, რომ ხალხი ალაპარაკონ სხვა თემაზე. იმაზე, რაც მიმართულია ხალხის დაშინებისკენ. ასე რომ, ვფიქრობ, ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. უნდა გავაგრძელოთ საუბარი რეალურ პრობლემებზე. ხელისუფლების ტაქტიკაა, პროპაგანდის გამოყენებით შეცვალოს დღის წესრიგი, შეცვალოს ნამდვილი პრობლემები გამოგონილი პრობლემებით“, - ამბობს „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე.

18 სექტემბრის საღამოს სუსს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო უწყება.

„არ შეესაბამება სიმართლეს“, - დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ სუსის გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„საქართველოს მოქმედი ხელისუფლება გამუდმებით ცდილობს უკრაინის დემონიზებას, რათა შიდაპოლიტიკური საკითხები მოაგვაროს. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ გეგმავს, ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში“, - დაწერა მან.

XS
SM
MD
LG