Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-მა დავით ქაცარავა დავით გარეჯის საქმეზე დაკითხა და გაუთქმელობაზე მოაწერინა ხელი


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დავით ქაცარავას თითქმის ორსაათიანი გამოკითხვა დასრულდა. როგორც მან შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, საქმე დავით გარეჯის საკითხს შეეხებოდა.

"მე გაუთქმელობაზე მომიწია ხელის მოწერა და მოკლებული ვარ შესაძლებლობას, დეტალებში ვისაუბრო გამოკითხვაზე, რომელიც ჩატარდა. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომელსაც აინტერესებს და გულშემატკივრობს ანტისაოკუპაციო მოძრაობას, ჩვენ ვაგრძელებთ ფუნქციონირებას, მონიტორინგს, მოქმედებებს დავით გარეჯთან მიმართებაში და არაფერს არ ვცვლით", - თქვა მან.

30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახალი გამოძიების დაწყების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. უწყების მტკიცებით, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. ქაცარავა სწორედ ამ საქმეზე დაიბარეს სუს-ში.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 2,5 კილომეტრზეა განთავსებული და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450-კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში. ამ დროისთვის მხარეებს შორის უკვე შეთანხმებულია სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3.

დავით ქაცარავა და მისი "ანტისაოკუპაციო მოძრაობა" პატრიოტული მოტივებით ხშირად მოძრაობს მონასტრის ტერიტორიაზე და პროტესტს გამოხატავს აზერბაიჯანული მხარის და ასევე საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

XS
SM
MD
LG