Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სწორი გზა" ლაფში ჩაფლულისთვის - მაინც რისი არ სჯერა ხელისუფლებას?


შოვი, სტიქიის ზონა. 3 აგვისტო, 2023 წელი.
შოვი, სტიქიის ზონა. 3 აგვისტო, 2023 წელი.

„გადარჩენილების ისტორიები რომ მოესმინათ, აღარ უნდა გასჩენოდათ [ხელისუფლებაში] ასეთი აზრები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიამ ბერიანიძე, რომელიც, მეუღლესთან და შვილთან ერთად, შოვში სიკვდილს გადაურჩა.   

მარიამი გვეუბნება, რომ სტიქიის ეპიცენტრში აღმოჩენილებს "მარშრუტების არჩევის ფუფუნება" არ ჰქონდათ და ყველა ისე ცდილობდა თავის გადარჩენას, როგორც შეეძლო.

ღვარცოფთან 3-საათიანი ბრძოლა მათი კოშმარული გამოცდილებაა, რაც არადამაჯერებლად მიაჩნია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს.

„საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი“, - უთხრა ირაკლი კობახიძემ, 14 აგვისტოს, ჟურნალისტებს. მან ასევე „პრაქტიკულად წარმოუდგენელი“ და „გადასამოწმებელი“ უწოდა დავით ჯელაძის ნაამბობს 3 აგვისტოს, მძიმე ლაფში 420-მეტრიანი მანძილის დაფარვის შესახებ. „რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა“, - თქვა მან.

სტიქიის ეპიცენტრში მყოფი მარიამ ბერიანიძეს სამსულიანი ოჯახის, დავით ჯელაძის ათსულიანი ოჯახის, გიო ადამიას და მისი 6 წლის შვილის ისტორიები ერთმანეთს ემთხვევა.

იყო თუ არა სხვა მარშრუტი, სხვა გზა?

"საითაც გაიხედავდი, სულ ლაფი იყო - ყველგან იგივე იყო, რაც შენს ცხვირწინ", - მარიამი გვეუბნება, რომ არჩევანი არც დავით ჯელაძეს ჰქონდა, როცა თავის 6 წლის დისშვილთან ერთად, ღვარცოფის ტალღამ გაიტაცა და მათ საგრძნობლად დააშორა. "თუკი სხვა მოკლე გზა იყო, საიდანაც დავითს თითქოს გადასვლა შეეძლო, ზუსტად იქიდან ჩამოდიოდა ღვარცოფი, როგორც მდინარე“, - იხსენებს ის.

დავით ჯელაძემ, პატარა დისშვილთან ერთად, 3 აგვისტოს, მძიმე ლაფში, 420 მეტრი გაიარა. მოშორებით მდგარ სასტუმრო „რაჭისკენ“ [ყოფილი ტურბაზა] მან გეზი, როგორც გვიყვება, ბავშვის უსაფრთხოების გამო აიღო მიუხედავად იმისა, რომ, იცოდა, სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ და ტყესთან უფრო ახლოს იყო.

„აღმართზე ბავშვთან ერთად ვერ ვივლიდი. უარესად ჩავეფლობოდით. ვარჩიე, რომ სწორი გზით მევლო მაშოსთან ერთად“, - ასეთია მისი პასუხი.

სტიქიის ეპიცენტრში მყოფი ადამიანები ჰყვებიან, რომ თვალუწვდენელ ლაფში ორიენტირების აღმოჩენა ჭირდა და შეძლებისდაგვარად, შემაღლებულ ადგილებს ეძებდნენ.

დავით ჯელაძე ჰყვება, რომ შორიდან ძლივს დაინახა იმ სასტუმროს ტერიტორია და მის ეზოში მოსიარულე ადამიანები, საითკენაც აიღო გეზი.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს ის ეპიზოდი, როდესაც დავით ჯელაძე და მისი დისშვილი ბოლო რამდენიმე ათეულ მეტრს გადიან. ისმის ქალის ხმა „დაიღალა საწყალი“ და „წყალი დაალევინეთ ბავშვს“. ჩანან უკვე ხმელეთზე ამოსული ტალახიანი ბიძა და დისშვილიც. ჯელაძის მონათხრობით, ბოლო მონაკვეთზე, ლაფიდან ამოსვლაში მას სასტუმროს ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები დაეხმარნენ.

ღვარცოფის ტალღამ დავითი და მაშო რომ გაიტაცა, ეს გიო ადამიამაც დაინახა, სტიქიის ეპიცენტრში შვილთან, 6 წლის თომასთან ერთად მოყოლილმა.

„ჩვენთან ერთად მყოფი ახალგაზრდა ბიჭი, დავითი, თავის დისშვილთან, მაშოსთან ერთად, გაცილებით შორს წაიღო ტალახის ტალღამ. აქეთ მხარეს ვინც ვიდექით, ისინი უფრო ნაკლებ მანძილზე გაგვიყოლა“, - იხსენებს ის რადიო თავისუფლებასთან.

სხვების მსგავსად, ადამიებიც სტიქიის ეპიცენტრში, საათების განმავლობაში ელოდნენ შველას.

მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ დავით ჯელაძის მძიმე თავგადასავალს „პრაქტიკულად წარმოუდგენელი“, „გადასამოწმებელი“ უწოდა და თქვა, რომ არ ესმის, თუ რატომ გადაწყვიტა შორ მანძილზე წასვლა, ჯელაძემ სოციალურ ქსელ ფეისბუკზე არაერთი ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

ის ამბობს, რომ ასე შეურაცხყოფილად თავი არასდროს უგრძნია.

ვისთვის სადავო 3 საათი?

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ცარიელი ტყუილი“ უწოდა დაზარალებულთა ნაამბობს სტიქიასთან მათი 3-საათიანი ბრძოლის შესახებ. მან ასევე თქვა, რომ იყო „სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს“.

„თუკი უშუალოდ წამოსული ღვარცოფის ტალღებთან ბრძოლას ვიტყვით - ეს გაგრძელდა ერთი საათი, მაგრამ ტალღები რომ შეწყდა - იმის მერე, [ლაფში დარჩენილების] ბრძოლა ბრძოლა არ იყო?! 3 საათი ვიყავით იქ“, - გვეუბნება მარიამ ბერიანიძე და იხსენებს, რომ ბოლო ეტაპზე მათ კვლავ შემოუერთდა დავით ჯელაძე, დისშვილის სამშვიდობოს გაყვანის შემდეგ.

ლაფთან ჭიდილში, დისშვილის სამშვიდობოს გაყვანას დავითმა, როგორც გვეუბნება, დაახლოებით 2 საათი მოანდომა და შემდეგ, იმავე გზით, მაგრამ უკვე ბავშვის გარეშე - უფრო სწრაფად, ოჯახის დარჩენილ წევრებთან დაბრუნდა.

დაბრუნების შემდეგ, დავით ჯელაძეს მიზანი ჰქონდა, რომ იმავე გზით გადაეყვანა მეორე დისშვილიც, მაგრამ უკვე ვეღარ შეძლო. კაცი ზურგზე პატარა ბიჭით - სწორედ დროის ამ მონაკვეთში, მისი დის მიერ გადაღებული ფოტოა.

დავით ჯელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, ჯამში, მან სტიქიის ეპიცენტრში სამ საათზე მეტი დაჰყო.

ბავშვი, რომელსაც, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე გულისხმობდა, როცა ტყუილის გავრცელებაზე ლაპარაკობდა, დავით ჯელაძის კიდევ ერთი დისშვილი - ტასოა. თვითმხილველების თქმით, ის ღვარცოფსა და ლაფს სამ საათზე მეტხანს ებრძოდა.

"ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა”, - ეს ამბავი 14 აგვისტოს, კობახიძის საპასუხოდ, გიო ადამიამაც გაიხსენა.

სოციალურ ქსელში ადამია წერს, რომ „გაყინულ ტალახში“ მდგომები ვერტმფრენს 3 საათის განმავლობაში ელოდებოდნენ.

მანამდე მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ლაფში ჩაფლულებს ვერტმფრენმა თავზე გადაუფრინა და სასტუმრო „სანსეტის“ ტერიტორიაზე დაეშვა. თვითმხილველები ერთნაირად ჰყვებიან, რომ მათ სამშვიდობოს ადგილობრივების დახმარებით გააღწიეს.

  • ღვარცოფი რაჭაში, კურორტ შოვში, 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის წამოვიდა.
  • ამ ეტაპისთვის უკვე იდენტიფიცირებულია 24 გარდაცვლილი და მაშველები ეძებენ კიდევ 7 ადამიანს.
  • სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ ინფორმაცია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG