Accessibility links

სხვათა დადანაშაულების ავტოკრატული მეთოდები თურქეთის, რუსეთის, ირანის ლიდერთა რეპერტუარში


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თავის ქვეყანაში პრაქტიკულად მონოპოლიას ფლობს ძალაუფლებაზე - აკონტროლებს ეკონომიკას, მედიას, არმიას.

თუმცა ეს ავტორიტარი ლიდერი მაინც სხვებს - ქვეყნის გარეთ შემუშავებულ „გეგმებსა“ თუ შიდა საბოტაჟის მომწყობებს - ადანაშაულებს ქვეყანაში შექმნილ სავალუტო და ეკონომიკურ სირთულეებში.

ლიდერს, რომელიც ძლიერი ხელით მართავს, განსაკუთრებით ესაჭიროება განტევების ვაცი, იქნება ეს სხვა ქვეყანა, ეთნოსი თუ რელიგიური უმცირესობა, ისინი ყოველთვის პოულობენ განტევების ვაცს და ცდილობენ ამით ახსნან შექმნილი პრობლემები.
გერეთ ჯენკინსი

ერდოანი უკვე 15 წელიწადზე მეტია დომინანტურ პოზიციაზეა თურქეთის პოლიტიკაში - ჯერ პრემიერ-მინისტრის, 2014 წლიდან კი პრეზიდენტის რანგში. თუმცა ეროვნული ვალუტის, ლირის, გაუფასურებაში ის ადანაშაულებს „სოციალურ მედიაში მოქმედ ეკონომიკურ ტერორისტებს“ და თავისი ნატოელი მოკავშირის, აშშ-ის, „პოლიტიკურ, მზაკვრულ გეგმას“.

ერდოანის პროვოკაციულმა განცხადებებმა ბევრი გააკვირვა, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის სხვებისკენ იშვერს ხელს პრობლემების ფონზე.

2016 წელს მომხდარ გადატრიალების მცდელობაში მან ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ბრალი დასდო აშშ-ში დაფუძნებულ სასულიერო პირს, ფეტულა გიულენს, შემდეგ კი წამოიწყო რეპრესიების მასობრივი ტალღა ათიათასობით პირის წინააღმდეგ, რომლებსაც გიულენის მხარდამჭერებად მიიჩნევდა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს კამპანია რეალურად კრიტიკული ხმების ჩახშობას ემსახურება.

თუმცა ერდოანი არ არის ერთადერთი ავტოკრატი ლიდერი, რომელიც საკუთარი მარცხის გადაფარვას ცდილობს ადგილობრივ თუ გარეშე „მტრებზე“ყურადღების გადატანით.

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც, დასავლეთის „გეგმებს“, მეხუთე კოლონას თუ „უცხოეთის აგენტებს“ ადანაშაულებენ ხოლმე თავიანთი ქვეყნების ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებში.

„ლიდერს, რომელიც ძლიერი ხელით მართავს, განსაკუთრებით ესაჭიროება განტევების ვაცი“, ამბობს გერეთ ჯენკინსი, სტამბოლში დაფუძნებული პოლიტიკის ანალიტიკოსი და დასძენს: „იქნება ეს სხვა ქვეყანა, ეთნოსი თუ რელიგიური უმცირესობა, ისინი ყოველთვის პოულობენ განტევების ვაცს და ცდილობენ ამით ახსნან შექმნილი პრობლემები. ეს მათ ბუნებაშია, მათ ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის გამო“.

„ეკონომიკური ომი“

ჩვენთან მოხდა ინსტიტუციების ეროზია, რადგან ყველაფერი ერდოანის ხელშია კონცენტრირებული, აღარ არსებობს ექსპერტული აზრი, რადგან ერდოანმა თავის გარშემო შემოიკრიბა პირები, რომლებიც მას ყველაფერში ეთანხმებიან.
გერეთ ჯენკინსი

შეშფოთების ფონზე, რომ თურქეთი შესაძლოა ეკონომიკურ კრიზისში შედიოდეს, თურქეთის ლირა რეკორდულად გაუფასურდა დოლართან მიმართებით. ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუარესებამ ვალუტის დაცემა კიდევ უფრო დაჩქარა - მიმდინარე წელს ლირა 45 პროცენტითაა გაუფასურებული.

ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა თურქეთის მთავრობის ორ მინისტრს, თურქეთში ამერიკელი პასტორის ტერორიზმის ბრალდებით დაკავების გამო. გასულ კვირაში ვაშინგტონმა თურქული ლითონების იმპორტზე გაზარდა გადასახადი.

ამის პასუხად ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი „ეკონომიკური ომის“ სამიზნეა და მოქალაქეებს მოუწოდა გაყიდონ თავიანთი დოლარები და ევროები, ლირის გადასარჩენად.

ლირის „გაუფასურების და რყევების თავდასხმით ახსნა არ არის რაციონალური“, - ამბობს ჩან სლეჩუკი, თურქეთში დაფუძნებული ეკონომისტი, და დასძენს: „ლირის გაუფასურება ეკონომიკურმა მიზეზებმა გამოიწვია. ამას დაემატა აშშ-სთან დაძაბულობა და საერთო ანგარიშით მაღალი მერყეობის ვითარება მივიღეთ“.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ანკარამ საპროცენტო განაკვეთი უნდა გაზარდოს, რათა შეეწინააღმდეგოს ინფლაციას, მაგრამ ერდოანი ამას არაისლამურს უწოდებს. მისი თქმით, მაღალი საპროცენტო განაკვეთი გამოიწვევს მაღალ ინფლაციას, თუმცა ამ მოსაზრებას ბევრი ეკონომისტი ეწინააღმდეგება.

„ჩვენთან მოხდა ინსტიტუციების ეროზია, რადგან ყველაფერი ერდოანის ხელშია კონცენტრირებული“, - ამბობს ჯენკინსი. - „აღარ არსებობს ექსპერტული აზრი, რადგან ერდოანმა თავის გარშემო შემოიკრიბა პირები, რომლებიც მას ყველაფერში ეთანხმებიან. პრობლემაა ისიც, რომ თურქეთის ეკონომიკურ პოლიტიკას მისი იდეები განსაზღვრავს“.

ირანის მთავრობამ ვერ შეძლო გაეტარებინა თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული სტრუქტურული რეფორმები და ზრდისთვის საჭირო ლიბერალიზაცია. [1979] წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ეკონომიკა ღრმად არასწორად იმართება.
სტივ ჰანკე

ერდოანის ტაქტიკა ირეკლავს ირანისა და რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს - რეგიონული მოთამაშეების ავტოკრატი ლიდერების, რომლებსაც აკრიტიკებენ სისტემური კორუფციისა და ეკონომიკის არასწორი მართვის გამო. ანკარის მსგავსად, თავიანთ პრობლემებში თეირანი და მოსკოვიც გარეშე ძალებს ადანაშაულებენ ხოლმე.

ხამენეიმ, რომელიც ირანს 1989 წლიდან მართავს და ბოლო სიტყვა ეთქმის ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხში, უცხოეთის „აგენტებს“ ადანაშაულებს ხოლმე ირანის ეკონომიკურ კრიზისში, ეროვნული ვალუტის, რიალის, გაუფასურებასა და ეკონომიკური პრობლემის გამო ანტისამთავრობო გამოსვლებში.

ის განსაკუთრებით ისრაელს აკრიტიკებს ხოლმე - „სიონისტებს“ - და „სატანურ“ აშშ-ს.

მაგრამ ეკონომისტები ამბობენ, რომ ირანის ეკონომიკური პრობლემების დიდი ნაწილი გამოწვეულია შიდა ფაქტორებით - მაშინაც კი, თუკი აშშ-ის სანქციებმა ეს პრობლემები გააღრმავა. ირანის ეკონომიკას მკაცრად აკონტროლებს სახელმწიფო, ეკონომიკა დამოკიდებულია ნავთობსა და გაზზე და მას დამატებით პრობლემებს უქმნის ფასების კონტროლი და სუბსიდიები.

„ირანის მთავრობამ ვერ შეძლო გაეტარებინა თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული სტრუქტურული რეფორმები და ზრდისთვის საჭირო ლიბერალიზაცია“, - ამბობს სტივ ჰანკე, ბალტიმორში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მომუშავე ეკონომისტი: „[1979] წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ეკონომიკა ღრმად არასწორად იმართება. მნიშვნელოვანი რეფორმები რომ გატარდეს, ეკონომიკა გამოცოცხლდება და ძალიან სწრაფად გაიზრდება“.

რუსეთის ექსპორტზე დამოკიდებული ეკონომიკა რეცესიაში შევიდა 2014 წელს, როცა მსოფლიოში დაეცა ნავთობის ფასი და დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვს სანქციები დაუწესეს, უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

მაგრამ პუტინი ეკონომიკურ სტაგნაციასა და რუბლის პერიოდულ რყევებში ადანაშაულებს დასავლეთის მცდელობას „შეაკავოს და დაასუსტოს რუსეთი“ - რითიც უგულებელყოფს ბევრი ანალიტიკოსის შეფასებას, რომ რუსეთის ეკონომიკა წლებია არასწორად იმართება და მოსკოვი ვერ ახერხებს შეამციროს ქვეყნის დამოკიდებულება ნავთობისა და გაზის ექსპორტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG