Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სჯობს, არაფერი თქვა...


ტრადიციული ეთიკის შესაბამისად, გარდაცვლილის შესახებ ან რაიმე კარგს ამბობენ, ან სულაც არაფერს. ამიტომ, რახან არც კარგის თქმაა შესაძლებელი და არც, შესაბამისად, ცუდის, შევეცდები არაფერი ვთქვა.

სჯობს, არაფერი თქვა...
please wait

No media source currently available

0:00 0:02:58 0:00
გადმოწერა

90-იან წლებს მრავალი გმირი თუ ანტიგმირი ჰყავს და თუკი დღემდე სხვადასხვაგვარად აფასებენ მათგან ზოგიერთს, უშუალოდ 1992 წლის უცნაური და უსიმპათიო ტრიადა - სიგუა-კიტოვან-იოსელიანის ეკლექტურ-კრიმინალურ-დილეტანტური "საბჭო" (თუ "სამი მუშკეტერი", როგორც მათ ერთი მორალურად სელექციური შემოქმედი მოიხსენიებდა), - ცალსახად სიმპათია-ანტიპათიის ნიშნულის მიღმაა, რადგან დღეს უკვე აღარავინ დავობს, რომ 1991-92 წლის დეკემბერ-იანვარს, უაზრო სისასტიკის გარდა, სხვა არც არაფერი მოუტანია საქართველოსთვის. ყოველ შემთხვევაში, ის კი ნამდვილად არა, რაც, წესით, დამოუკიდებლობას უნდა მოეტანა, თუმცა დამოუკიდებლობა ვისღა ახსოვდა, როცა თავისუფლება "თბილისის ომის" ტყვიების ზუზუნში შთაინთქა და უმნიშვნელოვანესი ისტორიული პროცესის დასასრული (თუ დასაწყისი) ერთმანეთის სიძულვილის მძვინვარებაში ჩაკარგულებს გამოგვეპარა.

შალამოვი ერთგან წერს, რომ გულაგის გამოცდილება არაფრად სჭირდება ადამიანს - ამ გამოცდილებას ის ვერაფერში გამოიყენებს, რადგან საკონცენტრაციო ბანაკის გამოცდილება, ზოგადად, ადამიანურთან, ანუ სიცოცხლესთან, არის შეუსაბამო. უნდა დაივიწყო, რადგან გულაგისგან ვერაფერს ისწავლი.

ცხადია, 91-92 წლებს გულაგის ეპოქას ვერ შევადარებ, მაგრამ ის, რაც საქართველომ გაიარა ამ წლებში - კრიმინალური ანარქია თუ "თბილისისა" და ოსურ-აფხაზურ-რუსული ომები - სწორედ ამგვარ, ტრაგიკულად გამოუსადეგარ, გამოცდილებათა კატეგორიას განეკუთვნება, რადგან საბოლოოდ ვის რად წაადგა ეს ყველაფერი? ანკი რა დარჩა იმის გარდა, რომ არავის არაფრის გახსენება არ უნდა იმ პერიოდიდან?!

ამიტომ თუკი რაიმე დარჩა 1992 წლის სამხედრო საბჭოს ტრიოს ერთ-ერთი წევრის ეპიზოდურ-ფატალური მოღვაწეობიდან, ალბათ, სწორედ ტრაგიკული და სევდიანი არარა, რის გასტრონომიულ-სიმბოლურ განსხეულებად 92 წლის სიბნელესა, უპერსპექტივობასა და ქაოსში შექმნილი, მისივე სახელობის ნამცხვარი, სიგუა, მესახება - არაფრისგან შექმნილი არაფერი, შაქრის, კვერცხის, კარაქის, ცომისა და, რაც მთავარია, გემოს გარეშე, ოღონდ დღემდე გადაუმუშავებელ გასტრო-ისტორიულ სიმძიმედ რომ გვადგას გულზე...

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG