Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტანკების შემდეგ თვითმფრინავები: როგორ დაეხმარებოდა F-16-ები უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ?


F-16 მებრძოლო შევარდენი.
F-16 მებრძოლო შევარდენი.

ერთ დროს წარმოუდგენელი ჩანდა, რომ გერმანია და აშშ თავიანთ ყველაზე ძლევამოსილ ტანკებს გაუგზავნიდნენ უკრაინას. თუმცა დასავლეთმა ერთიანობა შეინარჩუნა და პუტინის პროვოცირებაზე ღელვაც გვერდით გადადო. ახლა უკრაინის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ სასწრაფოდ სჭირდება დასავლური სამხედრო თვითმფრინავები.

რა არის F-16?

F-16 - იგივე მებრძოლი შევარდენი (Fighting Falcon) - მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავია, რომელიც ჯერ კიდევ 1970-იან წლებში შეიქმნა აშშ-ში, ბელგიის, დანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის თანამონაწილეობით.

მაღალმანევრირებადი გამანადგურებელი ხმის სიჩქარეზე ორჯერ უფრო სწრაფია. ის ფრთების ქვეშ ექვს რაკეტას იტევს.

F-16 ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამხედრო თვითმფრინავი გახდა. აშშ-ს საჰაერო ძალები მას ერაყსა და ავღანეთში იყენებდნენ.

ამერიკული მწარმოებელი, „ლოქჰიდ მარტინი“ (Lockheed Martin), ამბობს, რომ ახლა 3000-ზე მეტი F-16 გამოიყენება 25 ქვეყანაში.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი უფრო ახალმა F-35-ებმა ჩაანაცვლა, F-16-ები კვლავ იწარმოება გასაყიდად, რადგან უფრო იაფია.

რატომ ითხოვს უკრაინა F-16-ებს?

ომის დაწყებისას უკრაინას მცირე ზომის საჰაერო ძალები ჰყავდა, ძირითადად, საბჭოთა სტანდარტების MiG-29 და Sukhoi Su-27 თვითმფრინავებით. ეს იყო, დაახლოებით, 120 ბრძოლისუნარიანი ხომალდი. თუმცა, საჰაერო ბრძოლებისას, ეს რაოდენობა მცირდება და უკრაინის სამხედრო-საჰაერო ფლოტი შევსებას საჭიროებს.

ამასთან, უკრაინის ომში შედარებით ნაკლები საჰაერო შეტაკებებია. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი არც მოიერიშეების და არც საჰაერო თავდაცვის საშუალებების რაოდენობას და ეფექტიანობას არ უჩივის, როგორც ჩანს, მათ ჯერჯერობით უფრთხილდება.

კიევი კი გაზაფხულზე შეტევას გეგმავს და, ამავე დროს, მოსკოვის თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ემზადება. ამიტომ, უკრაინა იმედოვნებს, რომ დასავლური თვითმფრინავები გარღვევაში, ან რუსული მასობრივი თავდასხმის მოგერიებაში დაეხმარება.

რას ამბობს დასავლეთი?

უკრაინის მოთხოვნა დასავლეთში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. ჯერ სკეპტიციზმი ჭარბობს, რადგან F-16-ების მართვას დიდი მომზადება სჭირდება და, ამავე დროს, რუსეთს მარტივად შეუძლია საჰაერო თავდაცვის საშუალებებით მათი ჩამოგდება.

უარზეა აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. თეთრი სახლის პოზიცია კი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ აშშ-ია თვითმფრინავების რეექსპორტზე გადაწყვეტილების მიმღები. მოსკოვისგან შესაძლო საპასუხო ქმედების გამო კი, ნაკლებად მოსალოდნელია, სხვა ქვეყნებმა ვაშინგტონისგან დამოუკიდებლად მისცენ უკრაინას თვითმფრინავები.

პოლონეთმა, უკრაინის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა გულშემატკივარმა, მათ შორის, F-16-ების მოპოვებაშიც, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მხოლოდ ნატოს მოკავშირეებთან ერთად იმოქმედებს. ბრიტანეთმა და გერმანიამ ასევე გამორიცხეს საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა.

ღია რჩება საფრანგეთი, რომელიც საკუთარ საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებს. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, თვითმფრინავების მიწოდებას ტაბუ არ ადევს, მაგრამ ეს არ უნდა ჩაითვალოს ესკალაციის ხელშემწყობად და ისინი არ უნდა იქნეს გამოყენებული რუსული ტერიტორიის მიზანში ამოსაღებად.

ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ არაფერია გამორიცხული, თუმცა იქვე დაამატა, რომ ეს „ნამდვილად დიდი ნაბიჯი იქნებოდა“.

უკრაინა განაგრძობს დასავლეთის დარწმუნებას და მოიერიშე თვითმფრინავების საკითხი ჯერ არ გაქრება დღის წესრიგიდან.

ტანკების ისტორიამ კი აჩვენა, რომ დასავლეთის თავდაპირველმა უარმა შეიძლება ხელი არც შეუშალოს მათ საბოლოო გადაწყვეტილებებს.

შეძლებენ უკრაინელები F-16-ების გამოყენებას?

F-16-ებით ფრენის შესასწავლად მფრინავებს დიდი გამოცდილება სჭირდებათ. უკრაინას, სავარაუდოდ, იდენტიფიცირებული ჰყავს 50 მფრინავი, სასწრაფოდ გადასამზადებლად. მაგრამ უკვე გადიან თუ არა ისინი წვრთნებს, ამის საჯარო მტკიცებულება არ არსებობს.

სხვადასხვა შეფასებით, პილოტების მომზადებას შეიძლება დასჭირდეს ოთხიდან ექვს თვემდე. მხოლოდ პილოტებიც არაა საკმარისი - თვითმფრინავს უნდა მოჰყვეს იარაღის პაკეტი, უკრაინას დასჭირდება სახმელეთო ეკიპაჟი და ინჟინრების საკუთარი გუნდი. ეს ყველაფერი უფრო რთულია, ვიდრე დასავლური ტანკების გამოყენების სწავლა.

შეუძლიათ F-16-ებს ბრძოლის ველზე სურათის შეცვლა?

ეს, ნაწილობრივ, დამოკიდებულია იმაზე, თუკი დასავლეთი დათანხმდა, რამდენი F-16-ის მოპოვებას შეძლებს უკრაინა. ქვეყნის საჰაერო ძალებმა მოითხოვეს 200, რაც, ბევრის აზრით, ძალიან ამბიციური განაცხადია.

ანალიტიკოსების თქმით, თავისთავად, ეს თვითმფრინავები მკვეთრად ვერ შეცვლიან სურათს. თუმცა ტანკებთან, ჰაიმარსებსა და ჯართან კომბინაციაში F-16-ები უკრაინას დაეხმარებოდა.

ამასთან, თვითმფრინავები უკრაინელებისთვის უფრო თავდაცვითი იარაღი იქნებოდა და კიევი მათ ვერ გამოიყენებდა შეტევისთვის, რუსეთის ფართო საჰაეროთავდაცვითი სისტემების გამო.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG