Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაქსებზე თბილისში დაწესებული რეგულაციები რუსთაველებსაც შეეხოთ


თბილისში “ტაქსების რეფორმის” დაწყების შემდეგ, რუსთაველი ტაქსის მძღოლების ნაწილი მანქანებს თეთრად ღებავს, ნაწილი კი - ტაქსის აღმნიშვნელ ტრაფარეტებს ფონიჭალაში ან ორთაჭალაში ხსნის.

რუსთავიდან თბილისში ყოველდღე ასობით ტაქსი და მინივენის ტიპის ავტომობილი მოძრაობს. მგზავრები ტაქსებს თბილისამდე და უკან, რუსთავში, განსაკუთრებით პიკის საათებში აჩერებენ, როცა „ინტერტრანსის“ მიკროავტობუსების დეფიციტი იგრძნობა.

„მანქანის თეთრად გადაღებვას არ ვაპირებ, ამ ჯაგლაგში ზედმეტ ფულს ვერ დავხარჯავ. ტრაფარეტს თბილისის შესასვლელში ვხსნი ხოლმე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა მძღოლმა, რომელიც მგზავრებს რუსთავში, შარტავას მოედანზე, ელოდება ხოლმე და თბილისში მოჰყავს.

კიდევ ერთმა მძღოლმა კი განაცხადა, რომ რეფორმის შემდეგ ძირითადად რუსთავში მოძრაობს, მგზავრები თბილისში თითქმის აღარ მიჰყავს.

„პირველი ოქტომბრის შემდეგ მგზავრები ერთხელ გადავიყვანე, [ტაქსის აღმნიშვნელი] ტრაფარეტი რუსთავშივე მოვხსენი“, თქვა რადიო თავისუფლების რესპონდენტმა, რომელსაც დაჯარიმების ეშინია.

რუსთავში მსუბუქი ტაქსები რამდენიმე ადგილზე იყრიან თავს, ძირითადად ქალაქის ცენტრში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან კი თბილისისკენ მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილები, ე.წ. ვაკის მინივენები, გადიან. მძღოლებს ერთ-ერთ კომპანიასთან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. ამ მინივენების უმრავლესობაც, რომელიც თეთრი ფერის არ არის, პირველი ოქტომბრის შემდეგ თბილისში ტრაფარეტის გარეშე მოძრაობს, თეთრი ფერის ავტომობილებს კი წინა მინაზე კომპანიის მიერ დამზადებული ტრაფარეტი აქვთ გაკრული.

1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, თბილისში მოძრავი ტაქსი აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. რეგულაცია არის ნაწილი ე.წ. “ტაქსების რეფორმისა”, რომელიც ტაქსის მძღოლებს ავალებს გაიარონ რეგისტრაცია, უკრძალავს მარჯვენასაჭიანი ან სამკარიანი ავტომობილი გამოიყენონ როგორც ტაქსი და ამის უფლებას ფერადი ავტომანქანების მფლობელებს მხოლოდ გამოძახების შემთხვევაში აძლევს.

რეგულაციის შემდეგ რუსთავში გამოჩნდა თეთრი ფერის ტაქსები თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის მიერ გაცემული სპეციალური ტრაფარეტით.

ერთ-ერთი ასეთი მანქანის მძღოლს რადიო თავისუფლება რუსთავში კოსტავას გამზირზე გაესაუბრა. მძღოლმა თქვა, რომ ავტომობილი თეთრად სექტემბრის ბოლოს გადაღება.

„ძირითადად თბილისში ვმოძრაობ. დედაქალაქში ჩასვლამდე მგზავრები რუსთავში ამყავს“, თქვა გია ბეჟანიძემ, ტაქსის მძღოლმა.

მისივე თქმით, პირადად მას რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის ფასი არ გაუძვირებია - თითო მგზავრი 2 ლარს იხდის.

მგზავრობის ღირებულება არ გაუძვირებიათ არც სხვა მძღოლებს.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG