Accessibility links

„самокат“-ის გაქირავება - გადახდა მხოლოდ რუბლებში


​რუსთაველის გამზირზე და პეკინის ქუჩაზე თვითგორიები (самокат) გამოჩნდა, რომელთა ქირაობაც მხოლოდ რუსული რუბლით შეიძლება. თვითგორიას დასაქირავებლად საჭიროა აპლიკაციის გადმოწერა, მენიუს გახსნა, რომელიც მხოლოდ რუსულადაა ხელმისაწვდომი, რეგისტრაციისთვის პირადი მონაცემების გამოყენებაზე თანხმობა და რუბლში ანგარიშსწორება.

თბილისელებმა, რუსულენოვანი აპლიკაციისა და რუბლით გადახდის სისტემის გამო უკმაყოფილება სოციალურ ქსელებში გამოხატეს.

To Go რუსული კომპანიაა, რომელმაც მოწყობილობაზე GPS სისტემა დააყენა და გაქირავებული ტრანსპორტის გადაადგილების კონტროლიც მისი მეშვეობით მოხდება. To Go-ს წარმომადგენელი საქართველოში ნიკო პაპაშვილი Marketer.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ სტიკერები ქართული წარწერებით უკვე მზადდება და მენიუც მალე ქართულ ენაზე იქნება.

„პრობლემის გადასაჭრელად უკვე ვმუშაობთ, დაახლოებით, ორი კვირა დაგვჭირდება, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ. შემდეგ თანხა დოლარსა და ცენტებში გამოჩნდება. ლარი ფიზიკურად ვერ მოხერხდება, რადგან ქართული ვალუტა საერთაშორისო გადახდების სისტემებში არ არის“, - ამბობს ნიკო პაპაშვილი.

რამდენად კანონიერია ქვეყანაში უცხოური ვალუტით ანგარიშსწორება?

ამ კითხვაზე რადიო თავისუფლებას „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე უპასუხებს:

„ლარი არის ანგარიშსწორების ერთადერთი საშუალება საქართველოში. სხვა ყველა ვალუტის გამოყენება არის დარღვევა და თუ ფასი მითითებულია უცხოურ ვალუტაში უნდა მოხდეს კონვერტაცია შესაბამისი კურსით ლარში.

რუსული აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეიძლება იყოს მონაცემების მოპოვების საშუალება და საფრთხის შემცველი. ამასაც უნდა მიექცეს ყურადღება და არამარტო იმას, რომ ლარში არ იხდიან თანხას, ეს უფრო საფრთხილო ამბავია.“

განახლებული ინფორმაცია:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის (ფულის ერთეული) მე-2 ნაწილის შესაბამისად, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესის მოთხოვნების დარღვევია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის მიხედვით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით."

რას აკეთებს ამ დროს მერია?

სოციალურ ქსელში მომხმარებლების უკმაყოფილო კომენტარებმა მერიის მისამართითაც გაისმა. როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს მერიის პრესსამსახურში, მათ ამ კომპანიის მფლობელების შესახებ არაფერი იციან და ნებართვაც არავისთვის მიუციათ, რადგან არ არსებობს ამ ტრანსპორტის რეგულირების სისტემა.

„დადგენილებაში ცვლილებები მომზადებულია და მომავალ კვირაში საკრებულო დაამტკიცებს. მოეწყობა სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, სადაც ველოსიპედები, სკუტერები და ელექტროტრანსპორტი განთავსდება, ამ ადგილებში ტრანსპორტის დაყენების ნებართვის მისაღებად კი მერიას უნდა მიმართონ“, - განმარტა მანანა თოქმაჯიშვილმა.

სანამ რეგულაციები წამოეწევა ახალ რუსულ წამოწყებას, და კომპანიის წარწერები ქართულით შეიცვლება, თვითგორია „самокат“-ის ქირაობა, რუბლებში მოხდება.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG