Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტროა ეცემა, კანუდოსი იწვის, იუპიტერი ფიქრობს


ავტორი: გიორგი ჭკადუა

სპექტაკლის ნახვა 2013 წლიდან სამეფო უბნის თეატრში შეგიძლიათ.პიესისთვის შთაგონება ევრიპიდეს ,,ტროელი ქალები“ გახლდათ და სახელიც, ამიტომ შეურჩიეს ასეთი. საინტერესოა, რომ აფიშაზე არ წერია პიესის ავტორი, არამედ ვაწყდებით ასეთ წინადადებას: ,,მასალები მოიპოვეს და დაამუშავეს: დავით გაბუნიამ და დათა თავაძემ“. ის, რაც მაყურებელმა სცენაზე უნდა ნახოს ნამდვილი ისტორიებია. დრამატურგ დავით გაბუნიას თქმით, პიესას სახელწოდება “ტროელი ქალები” ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით დაერქვა. თუმცა, 2500 წლის წინანდელი ნაწარმოების გარდა, მთავარი შთამაგონებელი ქალთა ფონდ “ტასოს” მიერ 2000–იანი წლების დასაწყისში ჩაწერილი ზეპირი ისტორიებია. ევრიპიდეს პიესიდან მხოლოდ ანდრომაქეს ეპიზოდია გადმოტანილი. ამ ამბის გარდა კიდევ სამი ძირითადი ამბავია, რომელიც მოთხრობილია აფხაზეთის, ოსეთისა და აგვისტოს ომგამოვლილი ქალების მიერ. მათ სხვადასხვა ომების პატარ-პატარა ისტორიები და აკუტაგავას მოთხრობებიდან გაცოცხლებული ეპიზოდები ავსებს. ქართული რეალობიდან ამოკრეფილი ამბები, ისევე არის მოყოლილი, როგორც ტროას დაცემის ისტორია. ხშირად ნამდვილად არ გვხვდება რეალობისა და ლიტერატურის ასეთი მკაფიო, შეუმჩნეველი გადაკვეთა, მითიური და რეალური ამბის ერთნაირი შეგრძნებით ამეტყველება. ჩვენ ვხედავთ, რომ 2500 წლის წინ მოყოლილი ამბავი და 2008 წელს მომხდარი ისტორია, მხოლოდ დროით განსხვავდება ერთმანეთისგან.

მეორე მთავარი მესიჯი, რასაც სპექტაკლი გვაწვდის - ფემინიზმია. ეს უფრო აქტუალურს ხდის პიესას. პერსონაჟების ქმრები, ძმები და ნათესავები ბრძოლის ველზე დაეცნენ, გადარჩენილები კი სწორედ ეს ქალები არიან, რომლებმაც იბრძოლეს, გაუძლეს და აგრძელებენ ცხოვრებას. პიესა მთლიანად განგვაცდევინებს ქალის გრძნობებს. ყველაფერი იწყება დატირებით. დეკორაციაც ზუსტად ისეთია, როგორიც პანაშვიდს შეეფერება. მხოლოდ სკამები, ყვავილები და ბევრი წყალი, რათა გონდაკარგული ჭირისუფალი მოვასულიეროთ. აქ არ შეგვხვდება ის ასმათი, რომელსაც სწორედ წყალი მოაქვს ტარიელის დავალებით, შეიძლება ითქვას, რომ ახლა, ასმათი ყვება ამბავს.

რეჟისორის გადაწყვეტილებით მაყურებელიც სცენაზე ზის. პერსონაჟები გიყურებენ და მკვდარს დასტირიან. ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე კი გაისმის რიტორიკული შეკითხვა: ,,გლოვაზე როგორ უნდა ილაპარაკო?!“. ისინიც არ ლაპარაკობენ გლოვაზე, მაგრამ ლაპარაკობენ თავიან წარსულზე. თითოეულ პერსონაჟს დაახლოებით ხუთი ამბავი აქვს მოსაყოლი, სპექტაკლი კი შესვენების გარეშეა. ემოციებისგან გადატვირთვისა და კათარზისის შესაძლო ზედოზირების პრობლემის მოსაგვარებლად რეჟისორი შემდეგ მეთოდს იყენებს, პიესის შუაში, როდესაც ამბების ერთი ტალღა გადაივლის, პერსონაჟები იწყებენ თამაშს. მაყურებელს ეცინება, მაგრამ ამ სიცილზე სევდიანი, ალბათ, არაფერი არსებობს. გართობის შემდეგ კი ამბების მეორე ტალღა იწყება. აღსანიშნავია, ასევე ტრაგედიის ჟანრიდან გადმოტანილი ქოროს კონცეფციაც. ომგამოვლილი ქალების სევდიანი და გულის გამაწვრილებელი ხმები ჰაერსაც კი პერსონაჟების რეალობის ნაწილად აქცევს. პიესა მონოლოგით მთავრდება და დასასრულს ვხვდებით, რომ ზამთარი მორჩა, ახლა გაზაფხულის დროა. ამ დროს ისევ ჩიტების ჭიკჭიკის ხმა გაისმის, როგორც დასაწყისში. ეს კრავს წრეს და მივყავართ ლოგიკურ დასკვნამდე, რომამ შემთხვევაში დასასრული მართლაც ახალი ცხოვრების დასაწყისია, რადგან ამ ქალებმა გადაგვატანინეს ზამთარი, შეხვდნენ გაზაფხულს და მაინც აყვავილდნენ.

საშემსრულებლო სტილი განსხვავებულია. დრამატურგი დავით გაბუნია ყვება, რომ მსახიობები ამ ისტორიების ადრესატებთან შეახვედრეს და მათი მოყოლილი მოასმენინეს. რეჟისორი უკრძალავდა ტექსტის დაზეპირებას, ვარჯიშობდნენ მარტო შინაარსის მოყოლაში და მხოლოდ პრემიერამდე ერთი კვირით ადრე დაიწყეს ტექსტის ზედმიწევნით სწავლა. ერთ-ერთი რეპეტიციის ბოლოს კი დათა თავაძემ მსახიობები პირდაპირ ქუჩაში გაუშვა, ისინი ეკითხებოდნენ გამვლელებს, თუ რა გამოცდილება ჰქონდათ შემორჩენილი განვილილი ომებიდან. სპექტაკლში მოთხრობილი რამდენიმე ისტორია, სწორედ ქუჩაშია ნაპოვნი. მსახიობებს არ აქვთ განცდა, რომ სცენაზე დგანან და თამაშობენ, ისინი თავიანთ პერსონალურ ამბებს ჰყვებიან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ სპექტაკლში სცენა საერთოდ არ არსებობს, რადგან, როგორც ვახსენე, მაყურებელიც სცენაზე ზის.

საბოლოო ჯამში დათა თავაძემ და დავით გაბუნიამ, მიაღწიეს დასახულ მიზანს. მათ ილაპარაკეს ძალიან აქტუალურ საკითხებზე, ქალებსა და ომის მახასიათებლებზე. ჩემი აზრით, ამ ფორმით ამ პრობლემებზე ჯერ არავის უსაუბრია. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში დრამისა და ტრაგედიის მნიშვნელობა უბრალოდ ერთი სიტყვის - კათარზისის მნიშვნელობის ინტერპრეტირების მიხედვით იცვლებოდა. XX საუკუნეში ბერტოლტ ბრეხტმა დრამის ახალი კონცეფცია შექმნა. მისი მთავარი იდეა გაუცხოება იყო. ადამიანი უნდა გაუცხოებულიყო როგორც თეატრის გმირების, მათი მოყოლილი ამბის და ქმედებებისგან, ასევე საკუთარი თავისგანაც. დრამატულ თეატრში მაყურებელი ამბობს: ,,მე ვტირი პერსონაჟთან, ერთად, რადგან მან ვერ მიაგნო გამოსავალს, რამაც მე ამაღელვა”. ეპიკურ თეატრში, ბრეხტთან, მაყურებელი ამბობს: ,,მე ვიცინი იმაზე, ვინც ტირის, მე მეტირება იმაზე, ვინც იცინის, რადგან, ახლა, მე უკვე ვიცი გამოსავალი”. დეკორაციით, მუსიკით და მსახიობებზე ბევრი მუშაობით დავით გაბუნიამ და დათა თავაძემ შეძლეს, რომ მაყურებელი გამხდარიყო ამ ამბების უშუალო მონაწილე, რადგან ხშირად რეალურად ვერ აღვიქვამთ ისტორიის სიმძაფრეს, როდესაც ის ჩვენგან შორს ხდება. ,,ტროელმა ქალებმა’’ არისტოტელესა და ბრეხტის შეხედულებების საზღვარზე გაიარა. ეს არ იყო წარსულის ამბის შორი პერსპექტივიდან დანახვა, თუმცა მიმდინარეობისას მსახიობების კონტაქტმა მაყურებელთან გააჩინა ორივე რეალობის თანადროული აღქმა და ცივი, კრიტიკული პერსპექტივიდან ახლებურ კათარზისამდე, თვითკრიტიკამდე მიიყვანა და დატვირთა მაყურებელი, როგორც მონაწილე და როგორც დამკვირვებელი. ამ სპექტაკლზე ტროადან დღემდე ყველა ომი გაიმართება, ქალები კი გადარჩებიან. ამგვარი ფაქტების განხილვითა და ასეთი სცენარით სპექტაკლის ავტორები, ჩემი აზრით, გვაჩვენებენ იმას, რაც 2500 წელზე მეტია, მუდმივად ხდება, თუმცა ამას ვერავინ ხედავს, ამიტომ ტროა ისევ ეცემა, კანუდოსი ისევ იწვის, იუპიტერი კი განაჩენს გვიმზადებს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG