Accessibility links

logo-print logo-print

უბიუჯეტოდ დარჩენილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა


ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა უბიუჯეტოდ დარჩა. გასული წლის დეკემბერში ადგილობრივმა პარლამენტმა ვერ შეძლო 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება. ე. წ. დეპუტატები დე ფაქტო პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას განაგრძობენ.

დეპუტატების ნაწილი საპარლამენტო მუშაობის გაგრძელებაზე უარს იმ დრომდე ამბობს, ვიდრე დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, ურუზმაგ ჯაგაევს, დე ფაქტო პრეზიდენტი არ გადააყენებს. დე ფაქტო პარლამენტის ხელმძღვანელობა და ე. წ. აღმასრულებელი ხელისუფლება კი გაფიცულ დეპუტატებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ.

ცხინვალი
ცხინვალი

გასული წლის დეკემბრის ბოლოს დე ფაქტო პარლამენტის ხელმძღვანელობა და ანატოლი ბიბილოვის მხარდამჭერი ე. წ. დეპუტატები ოთხჯერ შეეცადნენ საპარლამენტო სესიაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაეწყოთ, მაგრამ კვორუმი ვერც ერთხელ ვერ შედგა. 34- იდან 14 ე. წ. დეპუტატი საპარლამენტო სხდომაზე არ ცხადდებოდა. კვორუმის არარსებობის გამო, ფინანსური დოკუმენტის ვერც განხილვა მოხერხდა და ვერც კენჭისყრა. გაფიცული ე. წ. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური კრიზისი და რესპუბლიკის პარალიზება დე ფაქტო პრეზიდენტის ბრალია, რადგან არ სურს პროკურორის მოხსნა და ძალოვანების მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის საქმის სამართლიანი გამოძიება.

მანამდე დე ფაქტო პარლამენტართა უმრავლესობამ ბიბილოვს კრიზისიდან გამოსავლად საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შესთავაზა. მათ მიერ ინიცირებული ცვლილების მიხედვით, პარლამენტს შესაძლებლობა ექნებოდა გენერალური პროკურორი უნდობლობის გამოცხადების შემდეგ თავად გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან. დეპუტატების ნაწილმა ბიბილოვს ამით უთხრა, რომ თუ თვითონ ვერ ხნის ჯაგაევს, ამას მის მაგივრად საპარლამენტო უმრავლესობა გააკეთებს.

ანატოლი ბიბილოვი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი
ანატოლი ბიბილოვი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი

დე ფაქტო პარლამენტის წევრი დავით სანაკოევი მიიჩნევს, რომ, დიდი ხანია, სამხრეთ ოსეთს აღარ ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება და არალეგიტიმური მთავრობის მიერ შეტანილ ბიუჯეტს პარლამენტი ვერ განიხილავს:

„ჩვენ დავაყენეთ საკითხი კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ. ეს საკითხები უკვე მომზადებული იყო და მათი განხილვა შეიძლებოდა კანონის დაურღვევლად. სხვა ყველა საკითხი, რომელიც ახლა ეგრეთ წოდებული მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მიერ არის წარმოდგენილი, არალეგიტიმურია, რადგან ამ ე. წ. მთავრობის მოვალეობის შემსრულებლებს ვადა 29 ოქტომბერს ამოეწურათ და პარლამენტს ის არ გაუგრძელებია. ესე იგი დღესდღეობით ჩვენ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი თითოეული დოკუმენტი დარღვევით არის წარმოდგენილი. ჩვენ ახლა ვის უნდა გამოვუყოთ ფული? ვინ არის პასუხისმგებელი ამ ფულის დახარჯვაზე? მთავრობა არალეგიტიმურია და ჩვენ არ გავხდებით ამ უკანონობის მონაწილე“.

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ოპოზიციური „სახალხო პარტია“ ღია განცხადებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ რესპუბლიკაში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების დაპირისპირების შედეგად წარმოიშვა. პარტიას მიაჩნია, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელიც პარლამენტს უფლებას მისცემდა გენერალური პროკურორისთვის უნდობლობა გამოეცხადებინა და თანამდებობიდან გადაეყენებინა.

დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა გაფიცული დეპუტატების საქციელს „უწესო“ უწოდა და ისინი მთავარი ფინანსური დოკუმენტის ჩაგდებაში დაადანაშაულა. ტადტაევის განცხადების კვალდაკვალ ამუშავდა ე. წ. სახელისუფლებო პროპაგანდა და ტროლებისა და ბოტების ჯგუფები, რომლებმაც გადაწყვიტეს გაფიცულ დეპუტატებს საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავენი დაუპირისპირონ. ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ბიუჯეტის მიუღებლობას მათი ხელფასების გაუცემლობა მოჰყვება. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო აცხადებს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების ზოგიერთი თანამშრომელი ამ ტყუილებს იჯერებს:

„შეგნებულად კეთდება ეს ყველაფერი. თავად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებიც ნებით თუ ძალდატანებით ჩაერთვნენ ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში. არადა, მათ ყველაზე უკეთ უნდა იცოდნენ, რომ ხელფასები დაცულ მუხლებშია და ისინი წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით უპრობლემოდ გაიცემა. ეს იციან და მალე ხელფასსაც მიიღებენ, მაგრამ მაინც ცდილობენ გაფიცული დეპუტატები ისე წარმოაჩინონ, თითქოს, მათ მხოლოდ სკამები და საკუთარი კეთილდღეობა ადარდებთ და დასაქმებული ხალხი არ აინტერესებთ. ამ პროპაგანდას სოციალურ ქსელებში გაფიცული დეპუტატები ახსნა-განმარტებებით უპირისპირდებიან. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დეზინფორმაციას არ აჰყვნენ“.

„სახალხო პარტიის“ ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრ პლიევი, ბიბილოვის ხელისუფლებას ვითარების გამწვავებაში ადანაშაულებს. „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ის ამბობს:

„უწესობა ისაა, როცა საკუთარ ხალხს არ უსმენ. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ამ კრიზისის გამომწვევი საჭესთან რჩება, ისაა გამოძიების ხელმძღვანელი. ჩვენ ამ კაცს, გენერალურ

ალექსანდრ პლიევი
ალექსანდრ პლიევი

პროკურორს, არ ვენდობით. მას მივიჩნევთ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი კრიზისის მთავარ დამნაშავედ. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩაიდინეს ძალოვანებმა ინალ ჯაბიევის მკვლელობა. ჩვენი მოთხოვნები გასაგები და მკაფიოა. საკონსტიტუციო უმრავლესობამ მიმართა პრეზიდენტს. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა არ მოგვისმინა. ჩვენ დაგვრჩა ზეგავლენის მოხდენის ერთადერთი ზომა, რათა სამართლიანობამ იზეიმოს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გენერალური პროკურორის რანგში ყოფნისას ურუზმაგ ჯაგაევი არ დაუშვებს სამართლიან და მიუკერძოებელ გამოძიებას. ამიტომ, ეს ღონისძიება იძულებითია და ის აბსოლუტურად ლეგალურია. ახლა მთავარი ფინანსური დოკუმენტის - ბიუჯეტის -მიღება ბევრად ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე სიცოცხლის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვა".

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და გაფიცული დეპუტატები დე ფაქტო პრეზიდენტს მოუწოდებენ ბიუჯეტის პროექტთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტიც წარადგინოს პარლამენტში, რადგან მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი კრიზისის დაძლევა. დე ფაქტო რესპუბლიკაში ე. წ. პოლიტიკური კრიზისი ადგილობრივი მცხოვრების, ინალ ჯაბიევის, მკვლელობის შემდეგ დაიწყო.

ინალ ჯაბიევის ნათესავების საპორტესტო აქცია
ინალ ჯაბიევის ნათესავების საპორტესტო აქცია

30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში.

ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ამ დრომდე მოითხოვს.

ერთი თვის წინ ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG