Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკაცრავად, გრიპის ვაქცინა ხომ არ გაქვთ?


ხალხი პანიკამ მოიცვა - გრიპის ვირუსმა უკვე ორი ადამიანი იმსხვერპლა. გაიზარდა მოთხოვნა, მაგრამ მსურველები ვაქცინაციას, უკვე კარგა ხანია, ვეღარ ახერხებენ. სახელმწიფო მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფების აცრაზე ზრუნავს. გრიპის წინააღმდეგ აცრა სავალდებულო არ არის. ჯანდაცვის მინისტრს თავისივე განცხადებების განმარტება უწევს, მაგრამ კრიტიკას მაინც ვერ სცდება.

ვაქცინების უშედეგო ძებნა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის ეპიდემია არ არის:

  • ბოლო კვირის მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე გრიპით დაავადების 190 შემთხვევა აღირიცხა;
  • ეპიდემიური ზღვარი კი 450-500 შემთხვევაზე გადის.

თუმცა ეს ხალხს ვერ ამშვიდებს. გარდაცვალების ორი შემთხვევა, გართულების ალბათობა და საავადმყოფოების გადატვირთვასთან დაკავშირებული ინფორმაცია ბევრისთვის პანიკის საფუძველს ქმნის.

უკაცრაცად, გრიპის ვაქცინა ხომ არ გაქვთ? - ეს შეკითხვა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ შეკითხვად იქცა.

58 წლის ნინომ თადარიგი დროზე ვერ დაიჭირა და შემოდგომაზე აცრა ვერ ჩაიტარა. ახლა ის მონდომებით ცდილობს, მაგრამ ვაქცინას ვეღარ შოულობს - „სადაც დავრეკე, ყველგან უარი მითხრეს. ირგვლივ რაც მესმის, შევშინდი და აცრაც იმიტომ გადავწყვიტე... მაგრამ ჯერ უშედეგოდ“. 40 წლის ნიკოლოზს კი, ბოლო თვის განმავლობაში, ასე ძებნა-ძიებაში, ორი ბავშვი დარჩა აუცრელი - „სადაც დავრეკეთ, არავის ჰქონდა. ხან ისე სწრაფად უთავდებოდათ, ვერ ვუსწრებდით“.

პროცესი არც რადიო თავისუფლებისთვის აღმოჩნდა იოლი. სადაც დავრეკეთ, ვაქცინის ყიდვა ანდა აცრის ჩატარება ვერავინ შემოგვთავაზა:

  • GPC-ის ქსელში (სადაც აცრა ადგილზე შეიძლებოდა) - ვაქცინა აღარ აქვთ;
  • ავერსის სააფთიაქო ქსელში ვაქცინა არ იყიდება;
  • ავერსის კლინიკაში - ერთი კვირის წინ გაუთავდათ;​
  • PSP-ს ქსელში რამდენიმე ვაქცინა მხოლოდ ბათუმში ერიცხებათ, თუმცა გვითხრეს, რომ მისწრების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან უკვე ძალიან ბევრი მსურველი გადაამისამართეს;
  • ფარმადეპოს ქსელში ვაქცინები უკვე თვეზე მეტია, რაც გაუთავდათ;
  • კლინიკა „კურაციოში“ ადგილები დეკემბერი ბოლომდეა დაჯავშნილი, იანვრის ამბავი კი ჯერ არ იციან;
  • პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინები აღარ აქვთ;
  • „რეპროარტში“ აცრის შანსი ორშაბათიდან გამოჩნდება (სხვებმა ზუსტი დრო ვერ დაგვისახელეს).

გრიპის ვაქცინების საშუალო ღირებულება (შემადგენელი კომპონენტების რაოდენობის გათვალისწინებით) კლინიკებსა და აფთიაქებში ბოლო თვეებში 35-დან 65 ლარამდე მერყეობდა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2019-2020 წლის სეზონისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 100 ათასი დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა; ხოლო კერძო სექტორმა - დაახლოებით 30 ათასი დოზა.

დეკემბერი გრიპის სეზონის პიკად მიიჩნევა. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაავადებულთა რიცხვი 30-ით ნაკლებია, 100 ათას მოსახლეზე გათვლით.

ვისზე ზრუნავს სახელმწიფო?

გრიპის საწინააღმდეგო აცრას სახელმწიფო მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებს უტარებს. აქ იგულისხმებიან „მძიმე გართულებების განვითარების რისკის ქვეშ მყოფი პირები და სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული პროფესიული რისკჯგუფები“.

ოფიციალური ჩამონათვალის მიხედვით, სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს ყველა პენსიონერის აცრას. სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ პენსიონერების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გრიპის გართულებული შემთხვევების მკურნალობა სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება.

პრინციპით, რომ ყველაზე სახელმწიფო ვერ იზრუნებს, დანარჩენებმა ფასიანი აცრისთვის კერძო სექტორს უნდა მიმართონ.

და რა ქნას ადამიანმა, თუკი უნდა, მაგრამ ვაქცინას ვერ შოულობს?

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას სახელმწიფო თავის კომპეტენციად არ თვლის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სახელმწიფო პასუხს ვერ აგებს კომერციული სექტორის გათვლებზე.

„საბჭოთა კავშირის დროს იყო აფთიაქები და ფარმაცია სახელმწიფოსი ბიზნესის შემთხვევაში, მოთხოვნა თუ იქნება, ვაქცინაც იქნება. (თუ მოთხოვნა არის და ვაქცინა არ არის), ესე იგი ჩვენი ფარმაცევტული სექტორი მოიკოჭლებს ბიზნესში. მე ნუ მთხოვთ პასუხს იმაზე, რომ ვიღაც ბიზნესმენმა ვერ გათვალა თავისი ბიზნესი... ჩვენ გავთვალეთ ძალიან კარგად - სახელმწიფოს უნდოდა 2,5-ჯერ მეტი ვაქცინა, შემოვიტანეთ და ავცერით ყველა მსურველი მაღალი რისკის ჯგუფიდან“.

იმნაძის თქმით:

  • სახელმწიფომ უფასოდ აცრა მაღალი რისკის ჯგუფებში შემავალი 93 ათასი ადამიანი და კიდევ 7 ათასი ვაქცინაა დარჩენილი მარაგში;
  • სახელმწიფოს არა აქვს უფლებამოსილება, რომ დაავალდებულოს კერძო სექტორი;
  • გრიპის ვაქცინაცია სავალდებულო არსად არის;
  • საქართველოში აცრა სავალდებულოა მხოლოდ პროფესიული რისკჯგუფებისთვის;
  • მთავარია სიფრთხილე და ექიმისთვის დროულად მიმართვა - გარდაცვალების შემთხვევები დაგვიანებულ მკურნალობას უკავშირდება.

იმ ფაქტს, რომ გრიპით დაავადებულთა რიცხვი, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს ნაკლებია, ექსპერტები იმით ხსნიან, რომ წლევანდელი სეზონისთვის უფრო მეტი ადამიანი აიცრა.

შესაბამისად, იგივე სპეციალისტები ძალიან დამაზიანებლად მიიჩნევენ ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

რა თქვა ჯანდაცვის მინისტრმა?

როდესაც გრიპის სეზონის შესახებ ლაპარაკობდა, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 25 დეკემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ვაქცინა - ეს არ არის პანაცეა“.

მინისტრმა ასევე თქვა:

  • „მე არ ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე“;
  • „შესაბამისად, ამისათვის არ არის საჭირო ზედმეტი აქცენტების გაკეთება“;
  • „გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში. ჩვენც როგორმე გადავიტანთ გრიპის ვირუსს“.

მინისტრმა მეორე დღეს (26 დეკემბერს) დააზუსტა, რომ ის მხოლოდ გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაციის არასავალდებულო ხასიათზე ლაპარაკობდა და ეჭვქვეშ არ დაუყენებია ზოგადად ვაქცინაციის მნიშვნელობა - „ვწუხვარ, თუ გუშინდელმა განცხადებამ საზოგადოებაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. ვაქცინაცია მუშაობს! იმუნიზაციის როლი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არის უმაღლესი მნიშვნელობის და მისი ეფექტურობა ეჭვს გარეშეა“.

დამატებითი განმარტებების მიუხედავად, სპეციალისტების ნაწილი მაინც თვლის, რომ მინისტრის 25 დეკემბრის განცხადებამ დარტყმა მიაყენა ვაქცინაციის კულტურის დამკვიდრების პროცესს, რომელიც საქართველოში ისედაც ნელი ტემპებით მიმდინარეობს.

„ეს იყო აბსოლუტურად არაადეკვატური, არაკომპეტენტური, დაუფიქრებელი განცხადება... შედეგისთვის სულერთია, რის გამო გააკეთა მინისტრმა ასეთი განცხადება. ჯანდაცვის უწყების პირველი პირისგან ეს არის პირდაპირი მავნებლობა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სერგო ჩიხლაძემ.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, აცრების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილს ისედაც აქვს უნდობლობა და „მინისტრის განცხადებამ ზოგადად იმუნიზაციის მიმართ საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო შეარყია“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG