გაურკვეველია, ზუსტად როდის და როგორ ჩამოყალიბდა კრემლიოვის მჭიდრო კავშირები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროს ვაჟთან.
ტაჯიკური წარმოშობის რუსი ბიზნესმენი კრემლიოვი 2020 წელს სათავეში ჩაუდგა სკანდალებში გახვეულ კრივის მსოფლიო ასოციაციას.
ProPublica-ს ინფორმაციით, კრემლიოვი, რომელმაც უმცროსი დონალდ ტრამპი დაახლოებით ერთი წლის წინ გაიცნო, მის ქორწილს სხვა რუსი სტუმრების დიდ ჯგუფთან ერთად დაესწრო. მათ შორის იყო რუსი ბიზნესმენი ალექსანდრ ლაგუტინი, რომელიც კრემლიოვთან ერთად მანამდე პუტინს ახლდა თან ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას.
ProPublica-ს მასალის საფუძველზე, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მაღალი რანგის დემოკრატმა წევრმა, რობერტ გარსიამ, ოფიციალური წერილით მიმართა თეთრი სახლის აპარატის უფროსს და უმცროსი დონალდ ტრამპისა და რუსი ოლიგარქის კავშირების შესახებ დოკუმენტები ითხოვა.
გასულ სექტემბერს, ათეულობით ბიზნესმენი და სპორტული ხელმძღვანელი შეიკრიბა სტამბოლის საკონფერენციო ცენტრში გამართულ ვახშამზე. შეხვედრის ორგანიზატორი იყო კრივის საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც სპორტის ამ სახეობას მთელ მსოფლიოში ზედამხედველობს.
მასპინძელი იყო ასოციაციის პრეზიდენტი - კრემლთან დაკავშირებული ბიზნესმენი უმარ კრემლიოვი, რომელიც სცენაზე იჯდა, რათა გამოეცხადებინა ახალი ინიციატივა იმაზე, რომ „ბიზნესი შეესაბამებოდეს ღირებულებებს, კრივი — სამართლიანობას, ხოლო მემკვიდრეობა - განახლებას“.
სცენაზე მასთან ერთად იყო დონალდ ტრამპ უმცროსი, რომელმაც კრემლიოვი შეაქო და მიანიშნა გასული წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე წარმოქმნილ უთანხმოებაზე, რომელიც ორი ქალი მოკრივის ოლიმპიადაში მონაწილეობას უკავშირდებოდა.
„ეს მხოლოდ კრივს არ ეხება; ეს ეხება ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, დისციპლინას, პატიოსნებასა და შესაძლებლობას. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვჭირდება, და მე ვამაყობ, რომ უმარს არა მხოლოდ ლიდერს, არამედ მეგობარსაც ვუწოდებ“, — განაცხადა დონალდ ტრამპ უმცროსმა.
სტამბოლის ღონისძიების ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ დონალდ ტრამპ უმცროსს თან ახლდა საცოლე, ბეტინა ანდერსონი, ერთი ამერიკული ბანკის ხელმძღვანელის ქალიშვილი.
რვა თვის შემდეგ წყვილი დაქორწინდა - ფლორიდაში გამართულ საქორწინო ცერემონიას მოჰყვა მრავალდღიანი წვეულება ბაჰამის კერძო კუნძულზე. ქორწილის შემდგომი წვეულება კრემლიოვმა დააფინანსა.
"საქორწინო საჩუქარი"
მხილებებმა, რომლებიც პირველად ProPublica-ს ანგარიშში გამოჩნდა, ხოლო მოგვიანებით The New York Times-მა გაავრცელა, ყურადღების ცენტრში მოაქცია დონალდ ტრამპ უმცროსის ურთიერთობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კავშირებით ცნობილ კრემლიოვთან, რომელიც სკანდალებში გახვეული კრივის ასოციაციის ხელმძღვანელია. ეს ასოციაცია კი, სხვადასხვა ცნობით, ორგანიზებულ დანაშაულთანაც არის დაკავშირებული.
განცხადებაში, რომელიც ProPublica-ს სტატიის გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში გავრცელდა, დონალდ ტრამპ უმცროსმა და ბეტინამ დაადასტურეს ProPublica-ს ინფორმაცია და განაცხადეს, რომ ეს იყო მეგობრის საჩუქარი.
„ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა უმარმა ძალიან გულუხვად უმასპინძლა ზეიმის ორ არაჩვეულებრივ საღამოს ჩვენთვის, ჩვენი ქორწილის შემდეგ, - დაწერა წყვილმა Instagram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, - ეს იყო მეგობრისგან მიღებული არაჩვეულებრივად გულუხვი საქორწინო საჩუქარი და რაღაც ისეთი, რისთვისაც უზომოდ მადლიერები ვიყავით და ვართ”.
„სამწუხაროა, რომ ასეთი პირადი და ბედნიერი რამ, უბრალოდ ვინმეს ვინაობის ან წარმოშობის გამო შეიძლება წარმოჩინდეს, როგორც პოლიტიკური მოვლენა ან ბოროტი განზრახვა“, — ნათქვამი იყო განცხადებაში, რომლის თანახმად, „მეგობრობა არ მოითხოვს პოლიტიკურ მოტივს. გულუხვობას ავტომატურად არ ახლავს ფარული დღის წესრიგი. და ზოგჯერ საქორწინო საჩუქარი უბრალოდ საქორწინო საჩუქარია".
თეთრი სახლის მიერ The Times-ისთვის მიწოდებულ განცხადებაში პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა: „წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის უმარი, არასდროს მსმენია მის შესახებ და მას არ გადაუხდია დონისა და ბეტინას ქორწილი, რომელიც სრულიად სხვა ადგილას და სხვა დღეს გაიმართა".
„ეს იყო მათ პატივსაცემად გამართული ქორწილის შემდგომი წვეულება - არაფერი განსაკუთრებული!“
და მაინც, ვინ არის უმარ კრემლიოვი, ამ არაგანსაკუთრებული, მაგრამ არაჩვეულებრივად გულუხვი საჩუქრის ავტორი?
ლუთფულოევიდან კრემლიოვამდე
უმარ კრემლიოვი 1982 წელს დაიბადა სერპუხოვში, მოსკოვის სამხრეთით. მისი ნამდვილი გვარია ლუთფულოევი. მამამისი, ნაზარ ლუთფულოევი, ტაჯიკეთიდან იყო. გავრცელებული ცნობებით, მან ოჯახი მიატოვა, როცა უმარი ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო. ნაზარი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. დედის ვინაობა უცნობია.
საჯარო განცხადებებში კრემლიოვი ამბობდა, რომ მოზარდობაში კრივზე დადიოდა, თუმცა პროფესიონალი მოკრივე არასდროს ყოფილა.
2000-იანი წლების შუა ხანებში ის, სულ ცოტა, ორჯერ გაასამართლეს: ჯერ გამოძალვისთვის, ხოლო შემდეგ - თავდასხმისთვის. 2010 წლისთვის, რუსული ახალი ამბების ცნობების თანახმად, გვარის შესაცვლელი პროცესი წამოიწყო — ლუთფულოევიდან უფრო რუსული ჟღერადობის გვარზე, კრემლიოვზე, რაც მოსკოვის კრემლის ასოციაციას იწვევს. მალევე დაიწყო მუშაობა კრივის სფეროში - პრომოუტერად.
დაახლოებით იმავე პერიოდში კრემლიოვი დაუახლოვდა ნაციონალისტურ „ღამის მგლებს“ (Night Wolves) და მათ შეხვედრებზე დადიოდა. ეს არის ბაიკერთა კლუბი, რომელმაც მიიღო პუტინის პირადი კურთხევა და, გავრცელებული ცნობებით, სახელმწიფო დაფინანსებაც.
კრემლიოვი ასევე დაუახლოვდა და დაუმეგობრდა ალექსეი რუბეჟნის, ფედერალური დაცვის სამსახურის (ФСО) მაღალი რანგის ოფიცერს. ამ სააგენტოს პუტინისა და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების დაცვა ევალება. რუბეჟნი სააგენტოს დირექტორად 2016 წელს დაინიშნა.
ენერგიული და სკანდალური პრეზიდენტობა მსოფლიო კრივში
სამი წლის შემდეგ უმარ კრემლიოვი აირჩიეს კრივის საერთაშორისო ასოციაციის (International Boxing Association- IBA) პრეზიდენტად. IBA-ს ხელმძღვანელის პოსტზე მან შეცვალა გაფურ რახიმოვი, უზბეკი ბიზნესმენი, რომელზეც აშშ-ის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ იყო მსხვილი კრიმინალური ავტორიტეტი და ჩართული იყო ჰეროინით საერთაშორისო ვაჭრობაში. რახიმოვი დიდხანს უარყოფდა დანაშაულებრივ მოქმედებას.
ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე კრემლიოვის მოსვლა ასევე დაემთხვა მსხვილი ფინანსური სპონსორის გამოჩენის შესახებ განცხადებას. ეს იყო „გაზპრომი“, ბუნებრივი აირის სახელმწიფო კომპანია, რომლის ბიზნეს და საინვესტიციო გადაწყვეტილებებიც ზუსტად ემთხვევა კრემლის ინტერესებს.
კრემლიოვის მმართველობისას კრივის ფედერაცია ღიად დაუპირისპირდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) მის მართვასთან, ფინანსებსა და მსაჯობასთან დაკავშირებით არსებული მუდმივი ეჭვების გამო.
თავის მხრივ, კრემლიოვმა გამოაქვეყნა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით სავსე ვიდეოების სერია ინგლისური სუბტიტრებით, რომლებშიც მკაცრად აკრიტიკებდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და მის მაშინდელ პრეზიდენტს, თომას ბახს.
2023 წელს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წლით ადრე, სადაც ქალ მოკრივეთა გარშემო სკანდალმა იფეთქა - საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა IBA-ს აღიარება გაუუქმა; კომიტეტის მხრიდან ეს იყო უპრეცედენტო ნაბიჯი გლობალური სპორტული ორგანიზაციის წინააღმდეგ. მან ასევე ჩამოართვა IBA-ს უფლება, ორგანიზება გაეწია კრივში შეჯიბრებისთვის 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, რომლებიც ლოს-ანჯელესში უნდა გაიმართოს.
2024 წელს კრემლიოვმა გადაიბარა რუსეთში ავტომობილებით მოვაჭრე უმსხვილესი ჯგუფი „როლფი“ (Rolf). ფირმა ჩამოერთვა მის დამფუძნებელს, სერგეი პეტროვს, რომელმაც ქვეყანა დატოვა. Proyect-ის თანახმად, ნაციონალიზაციისა და შემდეგ მისი კრემლიოვისთვის გადაცემის გადაწყვეტილება პირადად რუბეჟნიმ მიიღო.
კრემლიოვი ასევე გაფართოვდა სხვა სექტორებშიც, მათ შორის საკვები დანამატებისა და ავტომობილების აღდგენა-რესტავრაციის სფეროში. „კომერსანტის“ (Kommersant) თანახმად, ის ფლობს მსხვილ წილებს რუსულ ტოტალიზატორებში — „ლიგა სტავოკსა“ (Liga Stavok) და „ფონბეტში“ (Fonbet).
რუსეთის ბიზნესწრეებში დაწინაურებამ, კრემლიოვს პირადად პუტინის ყურადღებაც მოუტანა.
აპრილის შუა რიცხვებში, დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე, კრემლიოვი დაესწრო კრემლში გამართულ ცერემონიას, სადაც სხვა სპორტსმენებსა და სპორტის ოფიციალურ პირებთან ერთად მეგობრობის ორდენით დაჯილდოვდა — მედალი პიჯაკზე მას პირადად პუტინმა ჩამოჰკიდა.
ორი კვირის შემდეგ ის გაემგზავრა ჩინეთში, როგორც ბიზნესმენთა დელეგაციის წევრი და თან ახლდა პუტინს ჩინელ ოფიციალურ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებზე.
განსვენებული მამის მშობლიურ ტაჯიკეთში კრემლიოვი მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებდა ნათესავებთან და ჩუმად ეწეოდა მცირე ქველმოქმედებას. გასულ წელს, მას შემდეგ, რაც მოსკოვის სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ტაჯიკი მოზარდი მოკლეს, ბიჭის დედას კრემლიოვმა ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში ბინა უყიდა.