Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უტეხი ირანელი ქალის ბრძოლა სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის


ნარგეს მოჰამადი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი
ნარგეს მოჰამადი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი

2023 წლის ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა ირანელ უფლებადამცველ ქალს ნარგეს მოჰამადის, "ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისა და, ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ბრძოლისთვის".

ლაურეატის სახელის გამოცხადებისას, ნორვეგიის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ბერიტ რეის-ანდერსენმა თავისი სიტყვა დაიწყო ლოზუნგით, რომლითაც ათასობით ირანელი ქალი გავიდა ქუჩაში ზნეობის პოლიციის მიერ ჩადენილი ახალგაზრდა ქალის მაჰზა ამინის მკვლელობის გასაპროტესტებლად: „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“.

„ნარგეს მოჰამადის მისჯილი აქვს 31 წლით თავისუფლების აღკვეთა და 154 როზგი. ახლა, როცა მე ამ სიტყვებს ვამბობ, ის ციხეშია“, - თქვა რეის-ანდერსენმა და დაამატა, რომ 2023 წლის მშვიდობის პრემია ასევე მიენიჭა ასიათასობით ადამიანს, რომლებიც გასული წლის განმავლობაში ირანის თეოკრატიული რეჟიმის მიერ ქალების მიმართ გატარებული დისკრიმინაციული და ჩაგვრის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ნარგეს მოჰამადი დიდი ხანია იბრძვის ირანში სიკვდილით დასჯის გაუქმებისათვის. ის ასევე არის ირანელი უფლებადამცველის, ნობელის პრემიის ლაურეატის, შირინ ებადის მიერ დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის (DHRC) ვიცე-პრეზიდენტი.

რას შეცვლის ირანელი უფლებადამცველი ქალის ამგვარი აღიარება?

როგორ იმოქმედებს ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება საკუთრივ ნარგეს მოჰამადისა და ირანის საზოგადოებაზე?

ამ კითხვის პასუხად რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის თანამშრომელი ჰანა ქავიანი ამბობს:

„ეს არის მეორე ნობელის პრემია, რომელიც 20 წლის განმავლობაში ირანელ ადამიანის უფლებების დამცველს მიენიჭა. ორი ათეული წლის გამოცდილებისა და პირველი პრემიის შედეგების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო არ აღიარებს ამ პრემიას, არ შეიცვლის ქცევას და არ შეამცირებს ზეწოლას მოჰამადიზე, უფრო პირიქით. ისინი გალანძღავენ ნობელის კომიტეტს, პრემიას უწოდებენ პოლიტიკურს და ისარგებლებენ შემთხვევით, რათა მეტი ზეწოლა მოახდინონ მოჰამადიზე, თუმცა, ამის მიუხედავად, ნარგეს მოჰამადის მრავალწლიანი ბრძოლისა და ირანელი ქალების მოძრაობის "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება" აღიარება, ყურადღების ცენტრში აქცევს ამ ბრძოლას და ექოდ ეხმიანება იმ ხმებს, რომლებიც შველას ითხოვენ“.

შირინ ებადი ირანში მიმდინარე მოვლენებზე და არა მხოლოდ
please wait

No media source currently available

0:00 0:05:15 0:00

შირინ ებადის, ირანელ იურისტს, მწერალსა და ადამიანის უფლებათა დამცველს, ნობელის პრემია მიენიჭა ზუსტად 20 წლის წინ, 2003 წლის 10 ოქტომბერს „მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში შეტანილი წვრილისთვის, ასევე დევნილების, ქალებისა და ბავშვების უფლებებისთვის ბრძოლისთვის“. 2009 წლის ნოემბერში, ირანის ხელისუფლებამ ებადის ჩამოართვა როგორც ნობელის პრემიის მედალი, ასევე დიპლომი.

ნარგეს მოჰამადის გზა

ნარგეს საფიე მოჰამადი - დაიბადა 1972 წლის 21 აპრილს. მოჰამადი სწავლობდა იმამ ხომეინის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ხარისხი ფიზიკაში და გახდა პროფესიონალი ინჟინერი. სტუდენტობის დროს წერდა სტატიებს ქალთა უფლებების მხარდასაჭერად სტუდენტურ გაზეთებში, ასევე მონაწილეობდა სტუდენტური ორგანიზაციის შეკრებებში, რის გამოც ორჯერ დააპატიმრეს კიდეც. აქტიურად იყო გატაცებული ალპინიზმით, თუმცა პოლიტიკური საქმიანობის გამო აეკრძალა სპორტულ ლაშქრობებში მონაწილეობა.

ნარგეს მოჰამადი
ნარგეს მოჰამადი

ნარგეს მოჰამადი მუშაობდა ჟურნალისტად, გამოქვეყნებული აქვს პოლიტიკური ესეების კრებული სახელწოდებით „რეფორმები, სტრატეგია და ტაქტიკა“.

1999 წელს დაქორწინდა თაგი რაჰმანიზე, ასევე რეფორმატორ ჟურნალისტზე, რომელიც მალევე დააპატიმრეს. 2012 წელს რაჰმანი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად საერთო ჯამში 14-წლიანი პატიმრობის შემდეგ, თუმცა ნარგეს მოჰამადიმ გადაწყვიტა დარჩენილიყო ირანში, რათა გაეგრძელებინა ადამიანის უფლებათა დაცვა ირანში. მოჰამადის და რაჰმანის ჰყავთ შვილები, ტყუპისცალები ალი და კიანა.

ნარგეს მოჰამადი შვილებთან ერთად
ნარგეს მოჰამადი შვილებთან ერთად

მოჰამადი პირველად დააპატიმრეს 1998 წელს ირანის მთავრობის კრიტიკის გამო: ციხეში გაატარა ერთი წელი. 2010 წლის აპრილში იგი დაიბარეს ისლამურ რევოლუციურ სასამართლოში DHRC-ში მისი წევრობისთვის, თუმცა გაათავისუფლეს გირაოს სანაცვლოდ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ დააპატიმრეს. ევინის ციხეში ყოფნისას მოჰამადის ჯანმრთელობა გაუარესდა: განუვითარდა ეპილეფსიის მსგავსი დაავადება, რის გამოც პერიოდულად კარგავდა კუნთებზე კონტროლს. ერთი თვის შემდეგ იგი გაათავისუფლეს და საავადმყოფოში დაწოლის ნება დართეს.

2011 წლის ივლისში, მოჰამადი კვლავ დააპატიმრეს და დამნაშავედ ცნეს „ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედების, DHRC-ის წევრობისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდის საქმეში“.

2011 წლის სექტემბერში მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოჰამადიმ განაცხადა, რომ განაჩენის შესახებ შეიტყო თავისი ადვოკატებისგან, რომლებმაც მას გადასცეს სასამართლოს მიერ გამოტანილი 23-გვერდიანი გადაწყვეტილება, რომელშიც ადამიანის უფლებათა აქტივიზმი გაიგივებულია რეჟიმის დამხობის მცდელობასთან. 2012 წელს სააპელაციო სასამართლომ სასჯელის ვადა ჯერ ექვს წლამდე შეამცირა, მოგვიანებით კი (2012 წლის 31 ივლისი) მოჰამადი ციხიდან გაათავისუფლა.

2015 წლის 5 მაისს მოჰამადი კვლავ დააკავეს ახალი ბრალდების საფუძველზე. რევოლუციური სასამართლოს მე-15 განყოფილებამ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „არალეგალური ჯგუფის დაარსების“ ბრალდებით (ჯგუფი „ნაბიჯ-ნაბიჯ“ აწარმოებდა სიკვდილით დასჯის გაუქმების კამპანიას); კიდევ 5 წლით პატიმრობა მიესაჯა „ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეკრებისა და შეთქმულებისთვის“, ერთი წელი კი - საერთაშორისო მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში „სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის“.

2020 წლის 8 ოქტომბერს მოჰამადი გაათავისუფლეს ციხიდან.

თაგი რამაჰი, ნარგეს მოჰამადის ქმარი, პოზირებს მეუღლესთან გადაღებული ფოტოთი. 2023 წლის 6 ოქტომბერი, პარიზი. REUTERS
თაგი რამაჰი, ნარგეს მოჰამადის ქმარი, პოზირებს მეუღლესთან გადაღებული ფოტოთი. 2023 წლის 6 ოქტომბერი, პარიზი. REUTERS

2021 წლის 27 თებერვალს მოჰამადიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც განმარტა, რომ დეკემბერში ორჯერ იყო დაბარებული სასამართლოში იმ საქმისთვის, რომელიც მის წინააღმდეგ ჯერ კიდევ პატიმრობის დროს, ციხეში აღიძრა. მოჰამადიმ განაცხადა, რომ ის უარს ამბობს სასამართლოში გამოცხადებაზე. გავრცელებულ ვიდეოში მან აღწერა სექსუალური ძალადობა და სასტიკი მოპყრობა, რაც მასზე და სხვა ქალებზე ხორციელდებოდა ციხეებში და, რაზეც ირანის ხელისუფლება არ რეაგირებდა.

ნარგეს მოჰამადის წინააღმდეგ აღძრული ახალი საქმე ეხებოდა ევინის ციხეში ქალი პოლიტპატიმრების მჯდომარე გაფიცვას, რომლებმაც გააპროტესტეს 2019 წლის ნოემბერში უშიშროების ძალების მიერ მომიტინგეების მკვლელობა და დაპატიმრებები.

2021 წლის მარტში მოჰამადიმ დაწერა ირანის ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიშის წინასიტყვაობა ირანში სიკვდილით დასჯის შესახებ.

„ნავიდ აფკარისა და რუჰოლა ზამის სიკვდილით დასჯა იყო ყველაზე ბუნდოვანი და არაერთმნიშვნელოვანი სიკვდილით დასჯა ირანში. აჰმადრეზა ჯალალისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე მცდარი გადაწყვეტილება. სასიკვდილო განაჩენები გულდასმით უნდა იქნეს შესწავლილი, ამ ადამიანებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს სამარტოო საკნებში ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ წამებასთან გათანაბრებულ პირობებში ყოფნის შემდეგ, ამიტომ სასამართლო პროცესი არ მიმაჩნია სამართლიანად. ვხედავ, რომ ბრალდებულებს ამყოფებენ სამარტოო საკნებში იმისათვის, რომ აიძულონ ცრუ ჩვენების მიცემა და აღიარებინონ დანაშაული, რაც შემდეგ, განაჩენის გამოტანისას, გამოიყენება ძირითად მტკიცებულებად“.

2021 წლის მაისში, თეირანის სისხლის სამართლის სასამართლომ ნარგეს მოჰამადის მიუსაჯა 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 80 როზგი და ჯარიმა „სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელებისთვის“. ოთხი თვის შემდეგ მან მიიღო უწყება სასჯელის მოხდის დასაწყებად, მაგრამ არ უპასუხა მას, რადგან განაჩენი უსამართლოდ მიიჩნია. მოჰამადი დააკავეს 2021 წლის 16 ნოემბერს საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლული ებრაჰიმ ქეთაბდარის მემორიალის მონახულებისას.

სხვა კანდიდატები

როგორც ნობელის პრემიის კომიტეტმა განმარტა, მოჰამადი შეირჩა 351 ნომინანტიდან, მათ შორის 259 იყო კერძო პირი, ხოლო 92 - ორგანიზაცია. პრემიის წესების თანახმად, პრემიის მაძიებელთა ვინაობა მხოლოდ ორმოცდაათი წლის შემდეგ გამოქვეყნდება.

მშვიდობის პრემია, რომელიც 1901 წლიდან 2022 წლამდე 103-ჯერ გადაეცა 140 ადამიანს, ერთ-ერთია იმ ექვსი ჯილდოდან, რომლებიც 1895 წელს დააწესა შვედმა ქიმიკოსმა და დინამიტის გამომგონებელმა ალფრედ ნობელმა. მშვიდობის გარდა ნობელის პრემია გაიცემა ლიტერატურაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ფიზიოლოგია/მედიცინასა და ეკონომიკურ მეცნიერებებში.

გამარჯვებულს ირჩევს ნორვეგიის პარლამენტის მიერ შერჩეული ხუთი კაცისგან შემდგარი ნორვეგიის ნობელის კომიტეტი, რომელიც თავის გადაწყვეტილებას აფუძნებს 31 იანვრამდე კომიტეტის მოქმედი და ყოფილი წევრების, ეროვნული პარლამენტების, მთავრობების, მშვიდობის პრემიის ლაურეატების, მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ცენტრების დირექტორებისა და საერთაშორისო სასამართლოების წევრების მიერ გაკეთებულ წარდგენებზე.

2022 წელს მშვიდობის პრემია მიენიჭათ ბელარუს უფლებადამცველ ალეს ბიალიაცკისა და ორ უფლებადამცველ ორგანიზაციას: „საერთაშორისო მემორიალს“ და უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს.

რაც შეეხება 2023 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატთა ე.წ. მოკლე სიას, ჟურნალ TIME-ის მიხედვით, მოჰამადის გარდა მასში ასევე იყვნენ:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი; რუსი პოლიტიკოსი და პოლიტპატიმარი ალექსეი ნავალნი; უიღურების უფლებების დამცველი, პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი ილჰამ ტოჰტი, რომელიც 2014 წლიდან უვადო პატიმრობაში იმყოფება; ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია; მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ), რომელიც გაეროს მთავარი სასამართლო ორგანოა; ავღანელი ჟურნალისტი და ქალთა უფლებების დამცველი მაჰბუბა სერაჯი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG