Accessibility links

"კიდევ ერთი ადამიანი, პაციენტი გარდაიცვალა. ეს მდგომარეობა არც მშვიდობაა და არც ომი, რომელსაც, სამწუხაროდ, შევეგუეთ. ეს არის ჩიხი"


უჩა ნანუაშვილი, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებელი

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ეხმაურება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჯუმბერ მილაძის გარდაცვალების ფაქტს, როცა მძიმე პაციენტი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო დროულად ვერ გადაიყვანეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკაში და ის გზაში გარდაიცვალა.

"უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ჩიხი"
please wait

No media source currently available

0:00 0:30:33 0:00

ყოფილი სახალხო დამცველი თვლის, რომ ვითარების სირთულის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას მოეთხოვება აქტიური და ეფექტიანი მოქმედება ყველა შესაძლო მიმართულებით, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვას ეხება:

„რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მესმის მდგომარეობის სიმძიმე - რა ძალასთანაც გვაქვს საქმე, ეს ყველასთვის ცნობილია. შეიძლება ითქვას, რომ დღეს გვაქვს მდგომარეობა, როცა არც ომია და არც მშვიდობა.

ბორდერიზაცია, მკვლელობები, გატაცებები. სამწუხარო შემთხვევები, რომელსაც ახლა ჰქონდა ადგილი - კიდევ ერთი ადამიანი, პაციენტი გარდაიცვალა. ეს მდგომარეობა შეიძლება დავახასიათოთ როგორც არც მშვიდობა და არც ომი, რომელსაც, სამწუხაროდ, შევეგუეთ.

წლებია ასე გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობის აზრი ახალგორში არის იგნორირებული. მათ სურთ მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მინიმალურად მაინც მიიღონ სერვისები, მაგრამ მდგომარეობა წლიდან წლამდე რთულდება.

უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ჩიხი. ვიცით, რომ ამ მდგომარეობას ჰყავს ავტორი - საოკუპაციო ძალებზე ვლაპარაკობ, დე ფაქტო ხელისუფლებაზე, რომელიც განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიბილოვი გახდა დე ფაქტო მმართველი, კიდევ უფრო გამკაცრდა და ეს შეზღუდვები სწორედაც რომ უკავშირდება ბიბილოვის მმართველობის პერიოდს.

ორივე მხარეა შესული ჩიხში - როგორც საოკუპაციო, ქართული მხარეც“.

რა იქნებოდა ჩიხიდან გამოსვლის გზა? უჩა ნანუაშვილი რამდენიმე მიმართულებას ასახელებს. ბუნებრივია, პასუხისმგებლობის მხრივ პირველ ადგილზე ხელისუფლებას აყენებს:

„საქართველოს ხელისუფლების მუშაობა უნდა გახდეს პროაქტიული და უნდა შეიმუშაოს კონკრეტული სამოქმედო გეგმები არსებული რისკების საპასუხოდ. ეს ეხება როგორც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, ისე იმ სერვისებს, რომლების მიწოდება ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გართულდა და მოსახლეობა დგას უმძიმესი პრობლემების წინაშე.

ჩვენ ვიმკით იმ პოლიტიკის შედეგებს, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდება, მაგრამ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების რეაგირება ამ პრობლემებზე არ არის პროაქტიული, არ აქვს კონკრეტული გეგმა და, მეორე მხრივ, არის ინერტული. ხანდახან სჭირდება შეხსენება, რომ უნდა იაქტიუროს. გვახსოვს შემთხვევები არა მხოლოდ ბორდერიზაციასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, არამედ, მაგალითად, მეარაყიშვილის საქმეზე ბოლო ორი წლის განმავლობაში არ მახსოვს საერთაშორისო ტრიბუნაზე საუბარი - რომ ადამიანი არის ფაქტობრივად იზოლაციაში, შინაპატიმრობაში, ეს ადამიანი იდევნება. ვიცით სხვა შემთხვევები. იგივე გენადი ბესტაევის საქმეზე ვსაუბრობდით არაერთხელ. ეს არის ზარდიაანთკარის მცხოვრები, ჩვენი მოქალაქე, რომელიც დღეს ცხინვალის ციხეშია და მის შესახებ არავინ არაფერი იცის.

რამდენჯერ გახდა ეს თემები ხელისუფლების დისკუსიის საგანი? მე მიჭირს ასეთის გახსენება.

სხვა თემები ავიღოთ: მაგალითად, გასულ წელს ერთ-ერთი სოფელი გაგრაში გახდა რუსეთის კრასნოდარის მხარის ნაწილი და „როსრეესტრში“ არის დღეს რეგისტრირებული ეს სოფელი, როგორც რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილი. მე ვერ დავინახე, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო აქტიური მსჯელობა ამ საკითხებზე თუნდაც საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება. რისი გამოყენებაც ხდება, ხდება მხოლოდ მინიმალურ დონეზე. ხშირ შემთხვევაში მათაც სჭირდებათ შეხსენება სამოქალაქო საზოგადოების ან მედიის მხრიდან აქტიურობა, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგან“.

უჩა ნანუაშვილი ხედავს ახალგორის საავადმყოფოს დახმარების გადაუდებელ საჭიროებას. ადგილზე პრობლემებია როგორც კვალიფიციური კადრების, ისე საჭირო სამედიცინო ინვენტარით უზრუნველყოფის მხრივ.

„მოველი ხელისუფლებისგან, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად.

ახალგორში დღეს ძირითადად ხანდაზმული მოსახლეობაა დარჩენილი. ახალგაზრდობა უმეტესად გადმოსულია საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე“.

უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ იმავე ახალგორში მიმდინარე განგრძობადი დანაშაულის ფაქტების შემთხვევაში არ გამოიყენება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, რაც შეიძლება იყოს დამატებითი ბერკეტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ:

„პოლიტიკა, რომელიც წლებია გრძელდება, არ არის ეფექტიანი და სწორედ ამიტომ არის საჭირო ახალი ნაბიჯების, ახალი მიდგომების, ახალი მეთოდების გამოყენება. ამ პოლიტიკას ეწირებიან ადამიანები, ხელისუფლება საკმარისად აქტიური არ არის, რომ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები - მათი ჯანმრთელობა, სიცოცხლე.

როცა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, პირველ რიგში, ხელისუფლება იგულისხმება, თუმცა არა მხოლოდ და არა მხოლოდ ერთი სამინისტრო.

არის ასევე დროებითი ადმინისტრაციები, საპარლამენტო კომისია არსებობს.

ძალიან ბევრი აქტორი არის უკიდურესად პასიური. ყველა თითქოს შეეჩვია მდგომარეობას, რაც არის არასწორი.

აუცილებელია ყველა კონკრეტული შემთხვევის შესახებ ინფორმირება საერთაშორისო საზოგადოების, რაც ყოველთვის არ ხდება, იმავე დაკავებასთან, ბორდერიზაციასთან დაკავშირებით.

აუცილებელია პირდაპირი დიალოგის არსებობა ოსურ მხარესთან და არ არის ბევრი რესურსი გამოყენებული.

ოსებიც არ არიან კმაყოფილი იმ პოლიტიკით, რაც იქ ტარდება“.

გვახსოვს ბიბილოვთან მოსახლეობის შეხვედრა,

პანდემიასთან დაკავშირებული საინფორმაციო ვაკუუმი არის ძალიან პრობლემური.

„მხოლოდ ჟენევა არ არის ერთადერთი ადგილი დიალოგისთვის. სხვადასხვა სივრცის გაჩენა უნდა იყოს ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანა“.


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG