Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 გრადუსია, მაგრამ თითქოს უფრო ცხელა - ელ-ნინიო და უჩვეულო ტენიანობის სხვა მიზეზები

თბილისში ტენიანობის ნიშნული ბოლო პერიოდში მომატებულია.
თბილისში ტენიანობის ნიშნული ბოლო პერიოდში მომატებულია.

თუკი ამინდის პროგნოზის აპლიკაციებში ჩაიხედავთ, აღმოაჩენთ, რომ თბილისში ჰაერის ტენიანობის მაჩვენებელი მაღალ ნიშნულს აღწევს - 14 ივლისს, დღის საათებში ის 70%-მდე ავიდა. კლიმატოლოგების შეფასებით, ზაფხულში, მაღალი ტენიანობისას, ადამიანებს სიცხე კიდევ უფრო რთულად გადააქვთ.

ასეთ დროს ფერხდება ოფლის აორთქლება და ორგანიზმს ბუნებრივი გზით გაგრილება კიდევ უფრო უჭირს. შესაბამისად, მაღალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა ზრდის დისკომფორტს და ჰაერის რეალურ ტემპერატურასთან შედარებით სიცხის შეგრძნება კიდევ უფრო მძაფრდება.

"თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მიკვირს, ამხელა ნესტი თბილისში - 60%-ს მიჩვენებს ახლა. ასეთი მე აქ არ მახსოვს".

"ორი დღის წინ 88 იყო".

"ისეთი წვიმები იყო რატომ გიკვირთ? ის წყალი ხომ უნდა აორთქლდეს? სანიაღვრეებით მდინარეში კი არ წასულა, მიწამ შეიწოვა".

"ბოლო წლებში მოიმატა ძალიან. იმიტომ, რომ 1. ჰაერი აღარ მოძრაობს 2. სმოგი დგას 3. წყალი ჩადგა ყველგან".

წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

რამ გამოიწვია მაღალი ტენიანობა და არის თუ არა ის უჩვეულო?

თბილისი, შადრევანი
თბილისი, შადრევანი

„80% უკვე ძალიან მაღალია. 40-60% - შედარებით კომფორტული ტენიანობაა. და თუკი ამას ემატება ზაფხულის პერიოდი, ამ დროს 70% ძალიან შემაწუხებელია. მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, 28-30 გრადუსი სითბო შეიძლება არ იყოს ძალიან მაღალი ტემპერატურა, მაღალი ტენიანობის გამო, ეს ტემპერატურაც კი კიდევ უფრო შემაწუხებლად აღიქმება“, - გვეუბნება მარიამ ელიზბარაშვილი, თსუს ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი.

ტენიანობის მატებას სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. ერთ-ერთი პირველია კლიმატის გლობალური ცვლილება, რასაც თან ახლავს არა მარტო ტემპერატურის მატება, არამედ ნალექების - მათ შორის, „თავსხმა ნალექების“.

თბილისში ნალექის რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, რასაც შესაბამისად, თან ახლავს ტენიანობის მატებაც.

აი, ასეთია თბილისში ბოლო წლებში ნალექის წლიური რაოდენობა და მისი ზრდის მაჩვენებელი:

  • 2024 წელი - 668 მმ;
  • 2023 – 582 მმ;
  • 2022 – 413 მმ;
  • 2021 – 455 მმ;

ელ-ნინიო საქართველოში?

ელ-ნინიო (El Niño) არის ბუნებრივი კლიმატური მოვლენა, როდესაც წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ეკვატორულ ნაწილში ზღვის ზედაპირის ტემპერატურა ჩვეულებრივზე მეტად თბება, რაც გავლენას ახდენს ატმოსფერულ ცირკულაციაზე და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შეიძლება გამოიწვიოს როგორც უჩვეულო სიცხე და გვალვა, ისე ძლიერი წვიმა ან ამინდის სხვადასხვა ანომალია.

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ 2026 წლის 2 ივნისს განაცხადა, რომ ივნისიდან აგვისტომდე კლიმატის გამათბობელი ფენომენის, ელ-ნინიოს, განვითარების 80%-იანი ალბათობა არსებობს, რაც ექსტრემალური ამინდის მოვლენების რისკს ზრდის.
მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ 2026 წლის 2 ივნისს განაცხადა, რომ ივნისიდან აგვისტომდე კლიმატის გამათბობელი ფენომენის, ელ-ნინიოს, განვითარების 80%-იანი ალბათობა არსებობს, რაც ექსტრემალური ამინდის მოვლენების რისკს ზრდის.

მარიამ ელიზბარაშვილი გვეუბნება, რომ ახლა სწორედ ელ-ნინიოს გააქტიურების პერიოდი დგას და ის და მისი კოლეგები საქართველოზე ამ ბუნებრივი კლიმატური მოვლენის გავლენას სწავლობენ:

„აღმოჩნდა, რომ ელ-ნინიოს გააქტიურების პერიოდში ჩვენთანაც იმატებს ზაფხულის ნალექის რაოდენობა და ბუნებრივია, უხვი ნალექი იწვევს ტენიანობის ზრდასაც.

თბილისში ნამდვილად უჩვეულო გაზაფხული გვქონდა და ზაფხულიც უჩვეულოდ მიდის ნალექის უხვი რაოდენობის თვალსაზრისით. ტენიანობის შეგრძნებაც ამიტომაა უჩვეულო. ჩვენ გვახსოვს, რომ გასულ წლებში, ათწლეულებში თბილისში თითქმის არასდროს იყო ტენიანობის ასეთი შეგრძნება. ამიტომ ადარებს ახლა ხალხი თბილისის ტენიანობას შავი ზღვის სანაპიროს ტენიანობას, რაც არაბუნებრივი მოვლენაა თბილისისთვის“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მარიამ ელიზბარაშვილი.

რა კავშირშია ერთმანეთთან ურბანიზაცია და ტენიანობა?

მშენებლობა თბილისში
მშენებლობა თბილისში

კიდევ ერთი მიზეზი, რამაც შეიძლება დიდ ქალაქებში უხვი ნალექი და შესაბამისად, მაღალი ტენიანობა გამოიწვიოს, სპეციალისტების თქმით, სავარაუდოდ, შეიძლება იყოს გაცხოველებული განაშენიანება.

ავტომობილების, მშენებლობებისა და სხვა ურბანული წარმოშობის მტვერი ჰაერში და წვრილი აეროზოლები იქცევა კონდენსაციის ბირთვებად, რომელთა ზედაპირზეც წყლის ორთქლი ღრუბლის წვეთებად გარდაიქმნება.

ამავე დროს, ასფალტი, ბეტონი და შენობები ქმნის „ურბანული სითბოს კუნძულის“ ეფექტს, აძლიერებს ჰაერის აღმავალ მოძრაობასა და ტენიანი ჰაერის შეკრებას, მაღალი შენობები კი ცვლის ქარის ნაკადებს. ამ პროცესების ერთობლიობამ შესაძლოა შეცვალოს ღრუბლების წარმოქმნის ადგილი, ნალექის ინტენსივობა და მისი გადანაწილება - მათ შორის, გაზარდოს წვიმა ქალაქის თავზეც:

„ურბანიზაციის ზრდა განაპირობებს ნალექების ცვლილებას. ნალექებისა და ტემპერატურის რეჟიმზე მოქმედებს განაშენიანება. ბუნებრივია, თბილისში უხვი ნალექისა და ტენიანობის ზრდას ინტენსიური განაშენიანებაც განაპირობებდეს“, - ამბობს მარიამ ელიზბარაშვილი.

მაღალი ტენიანობისა და სიცხის ერთობლიობის დროს სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში მოერიდონ მზეზე ხანგრძლივად ყოფნასა და ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას, თუკი შესაძლებელია, დრო გრილ სივრცეში გაატარონ და მიიღონ საჭირო რაოდენობის წყალი.

ძლიერი სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი ან ორიენტაციის დაკარგვა შესაძლოა ორგანიზმის გადახურებაზე მიუთითებდეს და საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებას.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG