Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუები ზურგზე, ფუტკრები წელზე და თაფლი საბურავში - უცნაური კონტრაბანდა საქართველო-თურქეთის საზღვარზე


სარფის საბაჟოზე ყველაზე ხშირად უკანონო თაფლს, ფუტკრებსა და კუებს “აპატიმრებენ“. ფოტოილუსტრაცია
სარფის საბაჟოზე ყველაზე ხშირად უკანონო თაფლს, ფუტკრებსა და კუებს “აპატიმრებენ“. ფოტოილუსტრაცია

საქართველო-თურქეთის საზღვარზე დროდადრო თურქი მესაზღვრეები უცნაურ კონტრაბანდულ პროდუქტს, მათ შორის ცოცხალ არსებებს პოულობენ. რადიო თავისუფლებამ თურქული მედიიდან რამდენიმე ასეთი შემთხვევა შეაგროვა და აღმოჩნდა, რომ სარფის საბაჟოზე ყველაზე ხშირად უკანონო თაფლს, ფუტკრებსა და კუებს “აპატიმრებენ”.

ზურგზე მოკიდებული კუები

2023 წლის მარტში საქართველო-თურქეთის საზღვარზე მებაჟეებმა კონტრაბანდული წყლის კუები იპოვეს. თურქ მებაჟეებს საეჭვოდ მოეჩვენათ ერთ-ერთი მგზავრის არაბუნებრივად გამობერილი ქურთუკი ზურგზე, მგზავრი გააჩერეს და გაჩხრიკეს. აღმოჩნდა, რომ მას მხრებზე დახვრეტილი მუყაოს ყუთი ჰქონდა მიმაგრებული, რომლითაც 250 კუ გადაჰყავდა.

მსგავსი რამ მოხდა ერთი წლით ადრეც. მაშინ მებაჟეებმა 1100 კონტრაბანდული ქვეწარმავალი იპოვეს. თურქული მედია წერდა, რომ საქართველოდან თურქეთში მიმავალი, უცხოურნომრიანი მანქანა საეჭვოდ მას შემდეგ მიიჩნიეს, რაც ერთ-ერთმა მგზავრმა, სკანირებამდე რამდენიმე წუთით ადრე მანქანიდან 2 ჩანთა ფაციფუცით გადაიტანა. საზღვარზე მას მაშინვე ჩამოართვეს ჩანთები, გაჩხრიკეს და წყლის კუები აღმოაჩინეს.

2019 წელს კი მგზავრს საქართველოდან თურქეთში კუები საბარგულით გადაჰყავდა. კონტრაბანდის ჩამორთმევისას მგზავრმა პოლიციას უთხრა, რომ 3400 ცალი კუ მოსკოვში ბაზრობაზე 300 დოლარად იყიდა და სტამბოლში ძმისშვილთან მიჰქონდა საჩუქრად.

თურქეთში ინვაზიურ სახეობად (“შემოჭრილი” სახეობა, რომლის გავრცელებაც ბიომრავალფეროვნებას საფრთხეს უქმნის - რ.თ.) მიჩნეული წყლის “კონტრაბანდულ“ კუებს მებაჟეები ხშირად ართვინის ეროვნულ პარკს აჩუქებენ ხოლმე.

წელზე შემოხვეული ფუტკრები

2022 წლის ოქტომბერში სარფის საბაჟო პუნქტზე თურქმა მებაჟეებმა შეამჩნიეს, რომ ერთ-ერთი მგზავრი ლითონის დეტექტორის გავლისას უცნაურად მოძრაობდა. მამაკაცი საზღვრის გავლისას მაშინვე გააჩერეს და გაჩხრიკეს. აღმოჩნდა, რომ მას წელზე ხის კონტეინერების სარტყელი ჰქონდა შემოხვეული. პატარა, დასვრეტილი კოლოფებით მგზავრს 1100 ფუტკარი გადაჰყავდა.

2022 წელს ეს ერთდერთი შემთხვევა არ იყო, როცა მებაჟეებმა “კონტრაბანდულ” ფუტკრებს მიაგნეს. მანამდე, მათ ერთ-ერთ მგზავრს 32 დედა და 288 მუშა ფუტკარი აღმოუჩინეს. თურქული მედია არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო იგი, თუმცა ფუტკრები ჩამოართვეს და მის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების წარმოება დაიწყეს.

თაფლი სათადარიგო საბურავსა და საწვავის ავზში

2021 წლის თებერვალს 176 კილოგრამი კონტრაბანდული თაფლი მგზავრმა სატვირთო მანქანის მისაბმელის სათადარიგო საბურავში დამალა. სატვირთო მანქანას, რომელიც სარფის მებაჟეებმა გააჩერეს, თურქეთის მოქალაქე მართავდა.

სკანირების გავლის შემდეგ მანქანის სათადარიგო საბურავიდან ჰაერი გამოტუმბეს და წაბლის თაფლი გადმოასხეს. კიდევ ერთ მგზავრს, რომელიც 2022 წლის აპრილში დააკავეს, 104 კილოგრამი კონტრაბანდული თაფლი მანქანის საწვავის ავზში ჰქონდა დამალული.

საწვავის ავზის გარდა თაფლს მალავენ საბარგულებშიც. თურქული მედია 2022 წელს ასეთ რამდენიმე შემთხვევაზე წერდა. თურქმა მებაჟეებმა ერთ-ერთი ჩხრეკისას მანქანის საბარგულში დამალული 157 კილოგრამზე მეტი წაბლის თაფლი იპოვეს, სხვა დროს კი სატვირთოს ნაწილების ჩხრეკისას მისაბმელის შიგნით დამალული 69 კილოგრამზე მეტი წაბლის თაფლი აღმოჩნდა.

თურქული მედია წერდა, რომ ქვეყანაში “შეუფერებელ პირობებში” თაფლის შეტანის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG