Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უხერხული წარწერები გარე აბრებზე – კანონის დაცვა თუ მარკეტინგული ლაფსუსი?


ავტორი: მაკა თეთრაძე

სახელმწიფო ენისა და რეკლამის შესახებ კანონები მოქალაქეებს გარე აბრებზე ქართულ ენაზე წარწერების განთავსების წესებს უთითებს.

იხილეთ ამონარიდი რეკლამის შესახებ საქართველოს კანონიდან, რომელიც 1998 წელს არის მიღებული: „რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე (მუხლი 4,2)."

გამოდის, რომ თუ კომპანიას სახელწოდება არაქართული აქვს, ერთადერთი ვალდებულება მისი ქართულად ტრანსლიტერაციაა. რას გულისხმობს ტრანსლიტერაცია? ტრანსლიტერაცია (ლათ. trans -ით, გავლით და littera ასო) ლინგვისტური ტერმინია და ნიშნავს ერთი დამწერლობის ასოების გადაცემას სხვა დამწერლობის ასოებით (მ. ჭაბაშილი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი). ქართულისათვის სხვადასხვა წყარო ენიდან ტრანსლიტერაციის წესები წლების განმავლობაში დგინდებოდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმებთან ერთად. ბევრი უცხო სიტყვა კი წესების შემოღებამდე შემოსულა და დამკვიდრებულა. ვარლამ თოფურია 1965 წელს აღნიშნავს უცხო სიტყვათა ქართულად გადმოცემის სამ ტენდენციას: 1. ფონეტიკური (ეს იგივე ტრანსკრიფციაა, როგორც ისმის, ისე ვწერთ): ადესა, ბუღალტერი, 2. გრაფიკული: გოდუნოვი, დოსტოევსკი, 3. ნარევი (ფონეტიკურ-გრაფიკული): გოეთე (Goethe). საბოლოოდ, როდესაც ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის რედკოლეგიამ გადაწყვიტა ტრანსლიტერაციის წესები შეემუშავებინა, ამოსავალ პრინციპად სწორედ ნარევი - ფონეტიკურ-გრაფიკული პრინციპი აირჩია. ერთიც უნდა აღინიშნოს, საბჭოთა პერიოდში მიღებულ წესებს მთავარ ხაზად გასდევს რუსული ენის გავლენა, რადგანაც რუსულისათვის შემუშავებული წესები იყო ყოველთვის შუამავალი, სანიმუშო ქართულისათვის, ხშირ შემთხვევაში არა უშუალოდ წყარო ენის ფონემური სისტემის ქართულად გადმოცემის წესებს შეიმუშავებდნენ, არამედ რუსულში მიღებულ წესებს აკოპირებდნენ ქართულისათვისაც, ასე, მაგალითად, იაპონური სიტყვები ქართულში დამკვიდრდა ამგვარად: ძიუდო, ფუძიამა... რუსულმა იაპონურის სპეციფიკური თანხმოვანი дз-თი გადმოსცა მაშინ, როცა ქართულს თავისუფლად შეეძლო იმავე თანხმოვნის ჯ-თი გადმოცემა ისევე, როგორც ეს ევროპის ბევრ ენაშია დამკვიდრებული.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნის შემდეგ მისი ერთ-ერთი სამუშაო მიმართულება სწორედ ამ წესების გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა გახდა. ამგვარად, პირველ რიგში შეივსო და შემუშავდა ინგლისური ბგერითი სისტემის ქართულად გადმოცემის წესები. ახალი წესების მიზანი იმ ლაკუნის ამოვსება იყო, რომელიც ამდენი წელი გვქონდა, თუ საბჭოთა პერიოდში ტრანსლიტერაციის წესები მხოლოდ პირთა და გეოგრაფიულ სახელთა გადმოსაცემად გვჭირდებოდა, ახლა საზოგადო სახელი შეიძლება საკუთარ სახელად მოგვევლინოს, კომპანიის, პროდუქციის სახელი გახდეს, რისთვისაც გაცილებით მეტი ნიუანსის გათვალისწინება დაგვჭირდა.

ახლა კიდევ ერთ მთავარ პრობლემას შევეხოთ, რაც არ უნდა სრულყოფილი ტრანსლიტერაციის წესები გვქონდეს, რაც არ უნდა ზედმიწევნით დაიცვას მოქალაქემ ეს წესები, არის კი ტრანსლიტერაციის გამოყენება ის ვალდებულება, რომელიც ქართულს — სახელმწიფო ენას იცავს ქუჩაში მაინც? ერთი მხრივ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც საქართველოშიც რეგისტრირდებიან და აქ ბიზნესსაქმიანობას ეწევიან, იცავენ (ან არ იცავენ) კანონს და გარე აბრებს, რეკლამებს ქართულად აფორმებენ: Zara – ზარა, Kodak – კოდაკი, Spar – სპარი და ა.შ. გაცილებით რთულად გვაქვს საქმე, როდესაც კომპანიას ორ- ან მეტსიტყვიანი სახელწოდება აქვს, ხშირად მთელი ფრაზა ქართულად ტრანსლიტერირებულია; სხვა შემთხვევაა, როდესაც ადგილობრივი კომპანია (არა საერთაშორისო) უცხოენოვან სახელს ირჩევს და შემდეგ იძულებულია ეს სახელწოდება გააქართულოს. გაქართულება კი ოდენ ტრანსლიტერაციით შემოიფარგლება, ამ დროს კი ნამდვილად ვხვდებით, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ წარწერებს. ვეცადე, ამ წარწერათაგან რამდენიმე შემერჩია და მეჩვენებინა ქართული კანონისა და მარკეტინგის ლაფსუსი:

V. ამ ჯგუფში გავაერთიანოთ ისეთი სახელები, ძირითადად, ტურისტული სააგენტოებისა, რომლებიც არც ტრანსლიტერაციისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს იცავენ და არც ორიგინალურ ენაზე იკითხებიან მომხიბლავად: აი, ამ სახელწოდებაში Free - ფრი უნდა იყოს, ორი ი ზედმეტია ქართულში, ამასთან, სახელწოდებას (რომელიც ქართულად არაფერს ნიშნავს, თუნდაც რამდენიმე სიტყვიანი იყოს) სახელობითი ბრუნვის ნიშანი ი უნდა ბოლოში. წესი წესია, მაგრამ წესის დაცვითაც დიდად სანიმუშო აბრას ვერ მივიღებდით.

IV. Palais des Thés ფრანგული სახელია და ქართულად ითარგმნება როგორც „ჩაის სასახლე“, არაფერი ისეთი, მომხმარებლისათვის, რომელმაც არ იცის ფრანგული, სანამ არ შევა მაღაზიაში, ვერაფრით მიხვდება, რა იყიდება. ასეთი წარწერა უამრავი გვაქვს, რომელთა თარგმნა გაცილებით მოგებიანი იქნებოდა კომპანიისათვის, ვიდრე თუნდაც სწორი ტრანსლიტერაცია.

III. აქაც მარტივად გვაქვს საქმე, ზემოთ მოყვანილი შემთხვევის გაგრძელებაა, თუმცა ერთი საკითხია– არტიკლის პრობლემა. ინგლისურის განსაზღვრული არტიკლის ქართულად ტრანსლიტერაციით გადმოცემა სრულიად ზედმეტი ჩანს. ამიტომაც, სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა შეიმუშავა რეკომენდაცია, რომ არტიკლები საერთოდ გამოვტოვოთ სახელმწიფო ენაზე წარწერის წარმოდგენისას.

II. მაგრამ ამოცანა გვეკითხება, რა ვქნათ, თუ ორგანიზაციის სახელწოდება უბრალოდ „the“ არის? ტრანსლიტერაციას კურიოზამდე მივყავართ: რა უნდოდა მფლობელს, ეს რომ დაარქვა? იქნებ აბრევიატურაა (Temur, Haykush, Elen)? თუ The არტიკლის ტრანსლიტერაცია სურდა, მაშინ წესების თანახმად „ზე“ უნდა მიეღო; სინამდვილეში საქმე არც ისე რთულად იქნებოდა, თუ უბრალოდ „ბუტიკს“ დაარქმევდა. მართალია, ეს სიტყვა ჯერ კიდევ არ არის შეყვანილი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში, მაგრამ ფაქტია, ქართულში დამკვიდრებულია და უფრო მოხერხებულია, ვიდრე მის მაგიერ „პატარა მაღაზიის“, „სალონის“ გამოყენება, რომლებიც თავის მხრივ ასევე შემოსული და დამკვიდრებულია ქართულ ენაში.

I. წლის ყველაზე უხერხულ წარწერათაგან ბოლოსთვის შემოვინახეთ სოციალურ ქსელში ბევრჯერ განხილული „ენგელსი“. ფრიდრიხ ენგელსი, მარქსიზმის ფუძემდებელი და კარლ მარქსის მეგობარი, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი სახელი თბილისში ერთ-ერთ სტრიპტიზის კლუბს დაამშვენებდა. სახელწოდება, რა თქმა უნდა, არასწორი ტრანსლიტერაციით მივიღეთ, თუმცა Angels-ის სწორი ტრანსლიტერაციაც, დამერწმუნეთ, უხერხულობას ვერ აგვაცილებდა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG