Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უხვმა ნალექმა ახალციხის სოფლები დააზარალა


ნანა ხიზაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ახალციხის სოფლებში მოსულმა სტიქიამ დააზარალა. მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში - ანდის, წყალთბილის, სხვილისისა და ვალის მეორე შახტის დასახლებაში - 22 და 23 მაისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ნაკვეთები, ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. მოსახლეობის ვარაუდით, ხევის ადიდება მთაში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია.


ღვარცოფისგან მოგლეჯილი ხეები და ლოდები წყალმა სოფელში ჩაიტანა და ადგილობრივ მცხოვრებთა ეზოებში შევარდა. მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა საშემოდგომო ნათესები. მოვარდნილმა ძლიერმა წყალმა ნაკვეთებში რამდენიმე საათი იდინა. სოფელ წყალთბილაში წყალმა ხიდს საყრდენიც გამოაცალა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ ხიდზე გადასვლა მხოლოდ მეორე დღეს გახდა შესაძლებელი.


სტიქიის ადგილზე ჯერ კიდევ მობილიზებულია შესაბამისი
სპეცტექნიკა.შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელიც არსებულ ვითარებას სწავლობს. ვალეს, სხვილისისა და წყალთბილის შემდეგ ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ახალციხეში, სოფელ ანდაში, ხეხილის ბაღები, მიწის ნაკვეთები და გზა დააზიანა. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე ამბობს, რომ სტიქიამ ადგილობრივ მცხოვრებთა სარდაფებიც დატბორა.


დაზარალებული მოსახლეობა აცხადებს, რომ ნაკვეთები დაზღვეული არ ჰქონდათ და ამიტომ დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG