Accessibility links

ფარულობის დარღვევა, აგიტაცია, მხარდამჭერთა მობილიზება და სხვა დარღვევები


არჩევნების დღე ქუთაისში

ქუთაისის ნომერ 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 40-ზე მეტი საჩივარი შევიდა და მათი დიდი ნაწილი კენჭისყრის დღეს დაშვებულ პროცედურულ დარღვევებს ეხება. საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაწერეს.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ რეგიონალური კოორდინატორის თეონა გოგიშვილის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესს აკვირდებოდნენ ქუთაისის 30 უბანზე. თეონა გოგიშვილის განცხადებით, საოლქო კომისიაში შეიტანეს ოთხი საჩივარი, ასევე ამუშავებენ შემაჯამებელ ოქმებს და შესაძლოა საჩივრების რაოდენობა გაიზარდოს. თეონა გოგიშვილის განმარტებით, წინა არჩევნების მსგავსად, განმეორდა კენჭისყრის დროს პროცედურული დარღვევები და, საკონტროლო ფურცლის შევსების წესის გამარტივების მიუხედავად, დარღვევა მაინც დაფიქსირდა. თეონა გოგიშვილის განცხადებითვე, საარჩევნო უბნების გარეთ არათანაბარი პირობები იყო მმართველი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის:

40-ზე მეტი საჩივარი ქუთაისში

  • ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 40-ზე მეტი საჩივარი შევიდა.
  • საჩივრების დიდი ნაწილი კენჭისყრის დღეს დაშვებულ პროცედურულ დარღვევებს ეხება.
  • ქუთაისში დაწერილი საჩივრების განხილვას საოლქო საარჩევნო კომისია დღეს დაიწყებს.

„ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იყო პროცედურული დარღვევები, რაც აისახა ჩვენი შენიშვნების სახით ჩანაწერთა წიგნებში. ჩვენი ყურადღების ცენტრში მოექცა საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრებიც, სადაც ადგილი ჰქონდა აქტივისტების თავშეყრასა და ამომრჩევლის მობილიზებას, ძირითადად „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. ჯერ არ დასრულებულა პროცესი, ჩვენ ვამუშავებთ შემაჯამებელ ოქმებს და შესაძლოა, მათ საფუძველზეც შევიტანოთ საჩივრები საოლქო კომისიაში“.

საარჩევნო უბნებთან ჯგუფების მობილიზებაზე საუბრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კოორდინატორი ლელა მოწონელიძეც. მისი ინფორმაციით, მობილიზებული პირები ამომრჩევლებს აკვირდებოდნენ და აღრიცხავდნენ. ლელა მოწონელიძის ინფორმაციით, ორგანიზაციას ქუთაისში 14 საარჩევნო უბანზე ჰყავდა დამკვირვებელი და მობილური ჯგუფი აკვირდებოდა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას ოლქის სხვადასხვა უბანზე. ლელა მოწონელიძის განცხადებით ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჩივრები დაწერეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და გადასატანი ყუთის გამყოლი პირების მიერ დაშვებული შეცდომისთვის, რის გამოც ორგანიზაცია საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს:

„ერთ-ერთ უბანზე ამომრჩეველმა აღმოაჩინა, რომ ბიულეტენზე, რომელზედაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, არ იყო რეგისტრატორის ბეჭედი და ხელმოწერა, რაც ბიულეტენს გააბათილებდა და მან ახალი ბიულეტენი მოითხოვა. კომისიამ მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა ბიულეტენის გაბათილებისას დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა, რადგან ბიულეტენი, რომელიც არ იყო კანონის დაცვით გაცემული, და რომელზედაც ამომრჩეველს საკუთარი კანდიდატი შემოხაზული ჰქონდა, კომისიის ყველა წევრმა ნახა. ამ უბანზე ჩვენ ვითხოვთ კომისიის წევრის -რეგისტრატორის და კომისიის თავმჯდომარის დისციპლინურ პასუხისმგებლობას, რადგან სახეზე გვაქვს ორმაგი დარღვევა: ის, რომ რეგისტრატორმა არ შეასრულა მოვალეობა და ბიულეტენზე არ დასვა ბეჭედი და ხელმოწერა, ამასთან, შემდგომი პროცედურების დროს გამჟღავნდა ამომრჩევლის ნება - თუ ვის აძლევდა ხმას“.

28 ოქტომბერს ხმის მიცემის პროცედურებს ქუთაისის გარდა ოთხ მუნიციპალიტეტში აკვირდებოდნენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ფილიალის დამკვირვებლები და როგორც მისი ხელმძღვანელი ზაალ გორგიძე განმარტავს, ორგანიზაციამ ათეულობით საჩივარი შეიტანა საუბნო საარჩევნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში. ზაალ გორგიძის ინფორმაციით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა საჩივრები დაწერეს როგორც პროცედურულ, ასევე სხვა სახის დარღვევებზე:

არჩევნების დღე ქუთაისში
არჩევნების დღე ქუთაისში

„პროცედურულ დარღვევებთან ერთად იყო სხვა დარღვევებიც, მაგალითად, თერჯოლის მუნიციპალიტეტში განხორციელდა კენჭისყრის დღეს აგიტაცია საჯარო მოხელეების მხრიდან, რაც კანონსაწინააღმდეგოა და ჩვენმა დამკვირვებლებმა მიმართეს თერჯოლის საოლქო კომისიას. კომისიამ ვერ აღკვეთა აღნიშნული ფაქტები და შევიტანეთ საჩივარი, რომელიც სავარაუდოდ განიხილება. ასევე დაფიქსირდა ფაქტები, როცა საარჩევნო უბანზე შევიდა ამომრჩეველი და მისთვის მარკირება არ შეუმოწმებიათ, დაფიქსირდა დარღვევები გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებითაც. ყველა ამ ფაქტზე დაიწერა საჩივრები“.

როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელები განმარტავენ, მიუხედავად არაერთი რეკომენდაციისა, საარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა ბოლო წლების განმავლობაში და ამჟამად გამოვლენილი დარღვევები თითქმის იდენტურია წინა არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევებისა. არჩევნების დღეს ქუთაისში დაწერილი საჩივრების განხილვას საოლქო საარჩევნო კომისია დღეს, საღამოს 7 საათიდან დაიწყებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG