Accessibility links

15 ფაქტი ჯაბა იოსელიანის წიგნიდან


1989 წელს, 30 წლის წინ საქართველოში დაფუძნდა სამხედრო ორგანიზაცია „მხედრიონი“. „მხედრიონი“ მონაწილეობდა თბილისის სამოქალაქო ომსა და სამეგრელოს სამხედრო ოპერაციებში, იბრძოდა აფხაზეთში. საბოლოოდ ორგანიზაციის საქმიანობა 1995 წელს აიკრძალა. „მხედრიონელების“ ნაწილი დაიღუპა, ნაწილი - დააპატიმრეს, მათ შორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯაბა იოსელიანი. იგი 2003 წელს, ინსულტით გარდაიცვალა. თავის წიგნში „სამი განზომილება“ , რომელიც „სულაკაურის გამომცემლობამ“ 2013 წელს დაბეჭდა ჯაბა იოსელიანი „მხედრიონისა“ და 90-იანი წლების პროცესების შესახებ საუბრობს. ციტატები, რომელიც აქ არის მოყვანილი, წარმოაჩენს იმ განუკითხაობას, რომელიც საქართველოში „მხედრიონის პერიოდში“ იდგა.

1. პატარა შეტაკების შემდეგ ჩვენებმა 11 კაცი აიყვანეს. მოიყვანეს ჭადრაკის სასახლეში. მათი უფროსი ახალგაზრდაა, ვინმე ბულია. მიცხადებს: „თქვენი ნათლულის მეგობარი ვარ“. „ვისი?“ „ლაშა თაბუკაშვილისა“. რა ვუყო ახლა ამას? ეს არის საქართველოში სამოქალაქო ომი! ვუშვებთ.

ჯაბა იოსელიანი
ჯაბა იოსელიანი

2. ღამის ორი საათისათვის ტელეფონით მიკავშირდება გია ჭანტურია და მაფრთხილებს, რომ აქვს უტყუარი ცნობა: დღეს ან ხვალ გადაწყვეტილია ჩემი დაპატიმრება. მე ისევ იმ აზრზე ვარ: დამაპატიმრებენ და დამაპატიმრონ - ომს არ დავიწყებ. არადა, მრგვალი მაგიდის გარეკვას წინ არაფერი დაუდგება. გვარდია ჯერ ახლა იწყებს ჩამოყალიბებას, არც ხალხი ჰყავს საკმარისი, არც იარაღი,პოლიცია ამორფულ-ნეიტრალური ბრბოა,მხედრიონს კი ექვსი ჯავშანტექნიკა, ათას ხუთასი კარგად შეიარაღებული მებრძოლი, ორი მაგდენიც უიარაღო წევრი ჰყავს.

3.ზაზა და კოწია [ჯაბა იოსელიანის შვილი] კასპიდან ახალი ჩამოსულები არიან, დილით შავნაბადას ორმოცკაციანი ჯგუფი წაიყვანეს კასპის მილიციაში, სადაც, ჩვენი მონაცემებით, იგეგმებოდა ჩემი მოკვლა. მილიციის უფროსი განიარაღებულია და აქა ჰყავთ მოყვანილი. ისიც იფიცება, რომ ყველაფერი ეს ტყუილი და საგანგებოდ ჩაწყობილი პროვოკაციაა. ბუღა კარგი გამომძიებელივით წარმართავს დაკითხვას.

4. ჯიხურთან მსუბუქი მანქანა დგას, მძღოლი „კანისტრით“ ბენზინს იმარაგებს. ბუღა მიეჭრა, უბრძანებს, წაგვიყვანოს. გაფითრებული მძღოლი უსიტყვოდ ჯდება საჭესთან.

5. ორმოცამდე მილიციელი და გვარდიელი მოვიდა ჩემს წასაყვანად. გამჩხრიკეს. „იარაღი გაქვთ?“ - მეკითხებიან. „რასაკვირველია. შეიძლება მხედრიონის უფროსს იარაღი არ ჰქონდეს?“ მახსენდება დადიანების გაძარცვის ლეგენდა. „გამოიტანეთ ოქრო-ვერცხლი, ყველაფერი! - იძახის დიასახლისი, - ამ მათხოვრებს იმას ვათქმევინებ, დადიანის სახლი გავძარცვეთ და არაფერი ჰქონდათო?“

6.საველე კარვებით გარემოცული მთავრობის სასახლე ცენტრალური ბაზრის შენობას, შორიდან კი ყორჩიხა-ხანის საომარ ბანაკს ჰგავს. გულახდილად რომ ვთქვათ, ეს ჩვენგან მოდის. როცა მხედრიონი შიმშილობდა, ზამთარი იდგა და ანზორ ქაჯაიამ, ჩვენმა მარიფათიანმა მომმარაგებელმა, ოპერის ბაღში კარვები გაგვიშალა. მაშინ ხელისუფლებამ გამოიყენა მსოფლიო პოლიტიკური ცხოვრებისათვის უპრეცედენტო ხერხი - გამოჩნდნენ ახალი ტიპის შტრეიკბრეხერები, გამსახურდიამ ჩვენს შიმშილობას ქალების „შიმშილობა“ დაუპირისპირა - შიმშილობა შიმშილობის წინააღმდეგ. მათი დევიზი იყო: შიმშილობა ხელისუფლების დასაცავად. ჰოდა, დასცეს ბანაკი მთავრობის სახლის წინ. მართალია, მათი „შიმშილობა“ ცოტა სხვაგვარი იყო - მუსლიმურ „ურაზას“ უფრო წააგავდა, საღამოობით რომ იციან ჭამა, მაგრამ მაინც შიმშილობად ითვლებოდა.

7. დაიწყო მხედრიონელთა მასობრივი დაპატიმრება. კახეთში დაიჭირეს ასამდე მხედრიონელი. სასიკვდილოდ დაჭრეს გელა გოდერძიშვილი და კიდევ რამდენიმე წევრი. ერთ-ერთს, თავისთვის მშვიდად შინ მიმავალს, უკანალში ესროლეს. შემდეგ, სასამართლოზე, მილიციელები თავს იმართლებდნენ: ჩვენ შესაშინებლად და გასაფრთხილებლად ზემოთ ვისროდით, ჰაერშიო. დაჭრილმა რეპლიკა მიახალა: „მა მე რა, ყვავი ვიყავი, ტრაკში რომ მამარტყით“.

8. შტაბში შემორბის აღშფოთებული ზორო. ამწე ძლივს უშოვია ქალაქში, წამოუყვანია, თვითონ გამოუსწრია თადარიგის დასაჭერად. „ვუცდი, ვუცდი, არ დაადგა საშველი. მანქანა არ ჩანს. დავბრუნდი. ვეძებ, საცა დავტოვე. გვარდიელებს ძალით არ წაუყვანიათ პორტში?! ბარჟაზე მანქანებს ტვირთავს. ავტომატი გადავტენე, კინაღამ სისხლი დაიღვარა. თავი შევიკავე, რავარც თქვენ მასწავლეთ. თქვენი სახელი ვახსენე და ისე წამოვაბუნძულე ეს კრანი“.

9. მამუკა გვარიშვილს ჩემთან მოჰყავს ვიღაც ვახტანგ რჩეულიშვილი, გინდა თუ არა, რუსის ჯარის რომელიღაც ყოფილი ქარხანა ჩვენ გადმოგვეცით, რაღაც ფირმას თუ კოოპერატივს ვხსნითო. „ვინა ხართ ეს თქვენ?“ - მათ ჩემი კოწია აუყოლიებიათ, რაღაც კორპორაცია შევქმნათო. ძალიან თავხედი ვინმეა. კოწიას მაგრად დავუცაცხანე, მამუკასაც უარი ვტკლიცე, თუმცა არც ვიცი, რა ქარხანაზეა საუბარი.

10. [დატყვევებულები] 86 მამაკაცი და ოთხი ქალი გამოდგნენ დაბა ჯავიდან ცხინვალელების დასახმარებლად ჩამოსული ახლად გამომცხვარი ბოევიკები, 18-35 წლის დარჩეული ახალგაზრდები. ქალები იქვე გავუშვით, მამაკაცები კი კეხვის სკოლის ფიზკულტურის დარბაზში შევყარეთ. საბჭოთა კავშირში ასეთი მასშტაბის მძევლად აყვანის პრეცედენტი ჯერ არ არსებობდა. ატყდა ერთი ვაი-უშველებელი. ამის შესახებ მეორე დღესვე იცოდა მიხაილ გორბაჩოვმა. გივი გუმბარიძემ შუამავლად გამომიგზავნა გურამ მგელაძე. რუსის გენერალი ბე-ემ-პე-თი მოადგა კეხვის სკოლას, შსს-დან ჩამოვიდნენ რომან გვენცაძე და სხვა ხელმძღვანელები. მე ყველანი უარით გავისტუმრე და უშუალოდ დავუკავშირდი ოსთა ლიდერებს: ალიკა ცხოვრებოვს (ჯაყოს), ალიხანას და ნიხასის თავკაცებს. ჩოჩიევი ცხინვალიდან გაიქცა. ბევრი ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ და ბოლოს მივედით იმ დასკვნამდე, რომ აწი ყველაფერს ერთად, შეთანხმებულად გავაკეთებთ, ჩამოვაყალიბებთ ადგილობრივ საბჭოს, სადაც პარიტეტულ პრინციპზე შერჩეული ქართველი და ოსი მოსახლეობის წარმომადგენლები ყველა კონკრეტულ საკითხს თვითონ გადაწყვეტდნენ. მანამდე კი ხალხი უნდა დაგვეწყნარებინა, მოგვეშალა პიკეტები, შეგვერიგებინა მოწინააღმდეგენი. ასეც დავიწყეთ. მე გავუშვი ყველა ტყვე (ჩვენი დაპირისპირების შემდეგ ზვიად გამსახურდიამ ხმა დაყარა, რომ მე ტყვეები გოჭებში გავცვალე).

ისევ შევარდნაძე აწყნარებს. „არ გინდა შვილო, დაწყნარდი...“

11. „ომი იწყება“, - ვაფრთხილებ (თენგიზ კიტოვანს). „გადავუვლით“, - ამბობს ჯიუტად, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ შინაგანი რწმენით, უფრო ბავშვურ სიჯიუტეს წააგავს. „ვერაფერსაც ვერ გადავუვლით. ხომ არ გგონია, მარტო დარჩებიან. სხვა თუ არაფერი, ამდენი უმუშევარი პროფესიონალი რუსი სამხედრო, ჩრდილოკავკასიელი ნაციონალისტები, თურქები“... „თურქებმა თავის თავს მიხედონ, თორემ...“ - იგინება. „კარგად ყოფილხარ, თუ თურქებსაც გადაუვლი“, - ვფიცხდები მე. საერთოდ, შეიძლება ითქვას, თენგიზ კიტოვანი ჯიუტია, მაგრამ ხშირად უინიციატივო ხდება და თავის რაიმე დაჟინების წინაარმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას მოულოდნელად ეთანხმება. ახლაც არ უნდა, რომ აფხაზებთან მოლაპარაკება ჩაიშალოს.

12. შევარდნაძე წამოწითლებული ისმენს გია ყარყარაშვილის ისტერიულ ყვირილს, რომელიც ყურმილიდან გამოდის. „აი, ჯაბაც აქ არის, - უყვავებს იგი, - ორ საათში 300 კაცით თქვენთან იქნება. გია, არ გინდა რა მაგისთანა რამეები...“ ყურმილს ვართმევ. ისმის: „დაგვტოვეთ, ხომ? გაგვყიდეთ, არა?“ „გია, - ვეუბნები, - დაწყნარდი. ახლავე გამოვდივარ“. ის ყურს არ მიგდებს. ისევ შევარდნაძე აწყნარებს. „არ გინდა შვილო, დაწყნარდი...“ „შვილო არ უშველის საქმეს“. გავრბივარ აეროპორტში. იქ 250 მხედრიონელი უკვე თვითმფრინავში ჯდება.

თენგიზ კიტოვანი
თენგიზ კიტოვანი

13. ჩვენი პრეზიდიუმი სინამდვილეში აღარ ფუნქციონირებს. კიტოვანი თბილისიდან არსად გადის. მისი უმოქმედობა პირდაპირ მაცოფებს. როგორ შეიძლება თავდაცვის მინისტრი ომის დაწყების შემდეგ ერთხელ მაინც არ ჩამოსულიყო ან გაგრაში, ან ლესელიძეში, ან სოხუმში, ან ოჩამჩირეში?!

14. ასეთი რამ შემდეგშიც ბევრჯერ მოხდა. ეს სენი - ყოფითი პირობების გაუსაძლისობა - იმაშიც გამოიხატებოდა, რომ ჩვენი მეომრები აღებულ პოზიციებზე სანგრებს არ თხრიდნენ და ამჯობინებდნენ შენობებისთვის ან მანქანებისთვის შეეფარებინათ თავი. ან სულაც უბრძოლველად დაეტოვებინათ, როგორც ბესლახუბას შემთხვევაში. ერთხანს აფხაზები რაციაში დაგვცინოდნენ კიდეც: „დოჟდიკ პაშოლ, გრუზინი, იშიტე კრიშუ, ჩტობ ნი ნამოკლი“.

15. ამათ ომი რვასაათიანი სამუშაო დღე ჰგონიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG