Accessibility links

ფაშიზმზე გამარჯვების დღე - მამებს იცავენ და ასამართლებენ


”მუსიკალური ზარდახშა” (1989, აშშ, რეჟ. კოსტა-გავრასი, მთავარ როლში ჯესიკა ლანჟი - ბერლინის კინოფესტივალის ”ოქროს დათვით” აღნიშნული ფილმი).

რამდენი წელია უკვე, ყოველ 9 მაისს ერთი და იგივე მესმის: რატომ არ აღვნიშნავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 8 -ში, ევროპის ქვეყნების მსგავსად, რატომ ვაგრძელებთ საბჭოთა ტრადიციას, რატომ ვზეიმობთ იმ დღეს, როცა ზეიმობს პუტინის რუსეთი? საბჭოთა სიმბოლიკაზეც ამასვე კითხულობენ: რატომ ვაძლევთ ამ ადამიანებს კანონის დარღვევის უფლებას, რატომ არ გვაქვს რეაქცია ნამგალსა და უროზე, სტალინის პორტრეტებზე.

სანამ ჩვენ კითხვებს ვსვამთ, ვკამათობთ, ვჩხუბობთ, ისინი მუშაობენ - აგერ წელს, 9 მაისს, ომის ვეტერანები, რომელთა რიცხვი, ბუნებრივია, რომ იკლებს და რომლებიც საქართველოში მხოლოდ 9 მაისს ახსენდებათ ხოლმე, მთლად პუტინის ”უკვდავმა პოლკმა” დაიპყრო. დიახ, დაიპყრო, რადგან სტალინის სურათები და წითელი დროშები კი არ წაართვა, კი არ დასცინა, არამედ ბელადის უფრო დიდი სურათით, უფრო ხასხასა წითელი დროშით დაასაჩუქრა.

ბუდაპეშტში 2002 წელს გაიხსნა ტერორის მუზეუმი, რომელიც მეოცე საუკუნის ორ ტოტალიტარულ იდეოლოგიას, სტალინიზმსა და ნაციზმს აერთიანებს. ერთ შენობაში ორი, ერთი შეხედვით მტრული სისტემებია გაერთიანებული (სხვათა შორის, ეს შენობა ნაცისტების დროს ციხე იყო, კომუნისტების ეპოქაში კი -უშიშროების სამმართველო, სადაც 1956 წელს ამბოხებულებს აწამებდნენ). ტერორის მუზეუმის კონცეფციის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ ნაციზმი და სტალინიზმი ერთი და იგივე მოვლენებია. მე ამ ანალოგიას არ ვიზიარებ. საერთოდ, არ მწამს ანალოგიებისა ისტორიაში.

თუმცა ნაციზმსა და სტალინიზმს ერთი რამ ნამდვილად აერთიანებთ: ადამიანი, ინდივიდუალობა ამ სისტემებისთვის არაფერია. ებრძვიან რა ლიბერალიზმს, როგორც (პარლამენტარი ბექა ნაცვლიშვილის ტერმინს თუ გამოვიყენებთ) ”ინდივიდუალიზმისა და ეგოიზიმის ფეტიშიზმს”, ორივე სისტემა ერთნაირად მტრობს განსხვავებულს და უნიკალურს... და, შესაბამისად, მრავალფეროვნებას. ამიტომ სტალინიზმი, დიახაც, ”ჩვენი ნაციზმია” და სტალინიზმის ნოსტალგია, დიახაც, არა იმდენად წესრიგის, რამდენადაც ტერორის, განსხვავებულის განადგურების ნოსტალგიაა.

კოსტა-გავრასზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ არის ფრანგი რეჟისორი, რადგან მისი ფილმების უმრავლესობა ფრანგულია - მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში დაიბადა, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სურათი, ”მუსიკალური ზარდახშა”, ჰოლივუდში გადაიღო.

ფაშიზმის, როგორც მეოცე საუკუნის ყველაზე სასტიკი იდეოლოგიის, მხილება კოსტა-გავრასის თითქმის ყველა ფილმში იგრძნობა - მაშინაც კი, როცა რეჟისორი თანამედროვე საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებას აღწერს. მაგრამ ”მუსიკალური ზარდახშა” მაინც განსაკუთრებული სურათია - რეჟისორმა მთავარი როლის შესასრულებლად იმ პერიოდის ამერიკული კინოს ვარსკვლავი ჯესიკა ლანჟი დაითანხმა, მერე კი გაიმარჯვა ბერლინის (ჯერ კიდევ ”დასავლეთ ბერლინის”) კინოფესტივალზე.

გარდა ამისა, ფილმის პრემიერას მოჰყვა დისკუსია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ახლა ეს ფილმი რომ ნახოთ და დაეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ თუნდაც რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი არ იყო მხოლოდ პოლიტიკური კომპრომისი, რომ ეს ორი იდეოლოგიის ”დაძმობილება” უფრო იყო, და ისიც რომ გაიხსენოთ, რომ სტალინისტურ საკონცენტრაციო ბანაკებშიც იღუპებოდნენ უდანაშაულო ადამიანები, ე.წ. ”სტალინური სიები” და 37 წლის ტერორი რომ გაიხსენოთ, შესაძლებელია ”მუსიკალური ზარდახშის” ნახვის შემდეგ თქვენც გაგიჩნდეთ ფიქრისა და დისკუსიის სურვილი.

სურათის გმირი ლასლო, რომელსაც კომუნისტური გერმანიიდან დასავლეთ გერმანიაში გაქცეული მსახიობი არმინ მიულერ-შტალი ასახიერებს, წარმოშობით უნგრელი, შეერთებული შტატების მოქალაქეა. მოქალაქეობა მან მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისას მიიღო. ახლა უნგრეთის მთავრობა მოითხოვს მის ექსტრადიციას, რადგან ეჭვმიტანილია ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებში. ბრალდებულის ქალიშვილი, ენი (ჯესიკა ლანჟი), ადვოკატია. ენი მამის დაცვას გადაწყვეტს - დარწმუნებულია, რომ ლასლო უდანაშაულოა და მას უნგრეთის კომუნისტები ემტერებიან, რადგან ლასლო ცნობილი ანტიკომუნისტია. ასე ხდება ”მუსიკალური ზარდახშირის” მთავარი გმირი ენი, რომელიც დგება მორალური არჩევანის წინაშე - გაამართლოს მამა, რომელსაც ადამიანების წამებაში ედება ბრალი, თუ გაემიჯნოს ბოროტებას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს, ფაქტობრივად, უარი თქვას მამაზე.

ყოველ 9 მაისს ვხვდები, რომ საქართველოში ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულის შესწავლის ეშინიათ, ისევე როგორც ეშინოდათ თავის დროზე ლუსტრაციის კანონის მიღების. ”საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია”, ადამიანთა ერთადერთი ჯგუფი, რომელიც საქართველოში საბჭოთა რეპრესიებს იკვლევს, იმდენად დაუფასებელია, რომ სახელმწიფო უარს ეუბნება ამ ჯგუფის წევრ მეცნიერებს გასცენ ინფორმაცია საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა საქმეებზე.

ამ შიშმა მოგვიყვანა აქამდე, ამ შიშმა მოგვიყვანა სწორედ ”უკვდავ პოლკამდე”. ჩვენ გვეგონა, თუკი ავკრძალავდით საბჭოთა სიმბოლიკას, თუკი სტალინის ძეგლებს მოვაშორებდით ჩვენს ქალაქებს, ჩვენი მამების, ჩვენი პაპებისა და ბებიების ტვინები საბჭოთა კავშირისა და სტალინისგან ისედაც განთავისუფლდებოდა. არ მოხდა ასე. ზოგმა ჩაანაცვლა ცეკას კომიტეტი საპატრიარქოთი, ზოგი თავისი ბელადის ერთგული დარჩა, ხოლო ზოგიც ორივეს ერთდროულად ”დაეწაფა” - ეკლესიას და იმ იდეოლოგიას, რომელმაც ამ ეკლესიების ნგრევითა და აფეთქებით დაიმკვიდრა ადგილი.

ჩვენ ვერაფერი მოვუხერხეთ ჩვენივე ხალხის ამ ვნებას - ჩვენ, უშნო და უუნარო ლიბერალებმა, ინდივიდულიზმისა და ეგოიზმის ჩვენი ფეტიშებით. და ახლა ვბრაზდებით, პუტინმა რომ დაგვასწრო, ბიძინამ რომ დაგვასწრო, შორენამ რომ დაგვასწრო... ჩვენ გვეგონა, რომ მხოლოდ მამები ზრდიან თავიანთ შვილებს და შვილები არ არიან ვალდებულნი აღზარდონ თავიანთი მამები, თავიანთი პაპები. არადა, სიცოცხლის მშვენიერება სწორედ თაობების დიალოგი და თაობების ომია. სხვანაირად ვერ ვითარდება საზოგადოება. სხვანაირად არ გამოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG