Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკონკურენტო პრეზიდენტი ახალი ვადით გასაპრეზიდენტებლად მზადაა - ფეხბურთის ფედერაცია არჩევნების მოლოდინში


ლევან კობიაშვილი. 2019 წ.
ლევან კობიაშვილი. 2019 წ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ერთ თვეში მმართველობას კიდევ ოთხი წლით გაიხანგრძლივებს.

ვეტერანი სპორტსმენი და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი პარლამენტარი, რომელიც ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას სათავეში რვა წლის წინ ჩაუდგა, 2027 წლამდე ისე შეინარჩუნებს პოსტს - კანდიდატების რეგისტრაცია ისე დასრულდა, რომ ოფიციალურ საპრეზიდენტო არჩევნებში მას ერთი კონკურენტიც არ ეყოლება.

პირველად მოსვლა

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სათავეში 2015 წლის ოქტომბერში ჩაუდგა, ხმაურიანი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მთავარ კონკურენტს, ასევე ვეტერან ფეხბურთელ რევაზ არველაძეს აჯობა. კობიაშვილმა მაშინ 18 ხმა მიიღო, არველაძემ - 15. წაგებულმა მოგებულს უმალ მიულოცა გამარჯვება. თუმცა არველაძის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ არჩევნების შედეგი უნდა გაუქმებულიყო. მიზეზთა შორის მთელ რიგ დარღვევებს ასახელებდნენ. დელეგატების დაშინებას, დაშანტაჟებასა და მათი მანდატების სხვებისთვის გადაცემას. მთავარი ბრალდება დანარჩენებზე გაცილებით მძიმე იყო - ხმის უფლების მქონე დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, რომელიც რევაზ არველაძეს უჭერდა მხარს, საარჩევნო ყრილობის წინა საღამოს სამართალდამცავებმა დააკავეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორმოცდამეხუთე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობდა.

დელეგატის დაკავების გამო მაშინ რევაზ არველაძემ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, თუ გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებდნენ. არველაძე საარჩევნო ყრილობაზე მაინც მივიდა და უეფას წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ, კენჭისყრასაც დათანხმდა.

არჩევნები დაპატიმრებული დელეგატის გარეშე ჩატარდა. გეგა გობეჯიშვილი იმავე დღეს, ხუთასლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავისი პოზიციის გამო, საარჩევნო ყრილობამდე დიდი ზეწოლის ქვეშ იყო.

უთანხმოება ნაკრების მწვრთნელთან

გაპრეზიდენტებიდან ორიოდ თვეში, ლევან კობიაშვილმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე გაათავისუფლა. ცხადაძის მოქმედი კონტრაქტი ვადაზე ადრე შეწყდა, რადგან ფედერაციის მიერ შეთავაზებულ ახალ პირობებს ის არ დათანხმდა.

ფინანსურ დეტალებს ორივე მხარე განსხვავებულად ჰყვებოდა, თუმცა ამ კონფლიქტის მთავარი მიზეზი რეალურად სულ სხვაგან იყო საძებარი - ცხადაძე ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელობის კადრი იყო.

მშვიდი გამარჯვება და მორიგი სიმშვიდის მოლოდინი

ხმაურიანი გამარჯვებიდან სამწელიწად-ნახევარში, ლევან კობიაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტის პოსტი კიდევ ოთხი წლით შეინარჩუნა. ოღონდ უკვე ზედმეტი ნერვიულობის გარეშე - 2019 წლის 15 თებერვალს, სასტუმრო „ჰუალინგში" გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კობიაშვილი მაშინაც ერთადერთი კანდიდატი იყო და მის კანდიდატურას ყრილობაზე დარეგისტრირებულმა ოცდარვავე დელეგატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

მეორე ოთხწლეულიც გავიდა, 2023 წლის 15 იანვარს ამოიწურა პრეზიდენტობის კანდიდატად დასარეგისტრირებელი ვადა. გუშინ კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ კობიაშვილი კვლავ უკონკურენტოა. მოქმედი პრეზიდენტი კანდიდატად ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი ოცდათერთმეტი სუბიექტიდან ოცდაცხრამ წარადგინა.

ლევან კობიაშვილი
ლევან კობიაშვილი

„უკვე მეორე საარჩევნო ციკლია, კონკურენტის გარეშე გახდებით ფედერაციის პრეზიდენტი. თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე?“ - ჰკითხა დღეს რადიო თავისუფლებამ ლევან კობიაშვილს.

ლევან კობიაშვილი: ოთხი წლის წინ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ვისურვებდი, რომ სხვა კანდიდატებიც ყოფილიყვნენ, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია.

რადიო თავისუფლება: რატომ ხდება, რომ უკვე მეორედ იბრძვით კონკურენტის გარეშე. იმიტომ ხომ არა, რომ ხელისუფლების კანდიდატი ხართ და სხვებს შანსი არ აქვთ დაგამარცხონ?

ლევან კობიაშვილი: პოლიტიკა აბსოლუტურად არაფერ შუაშია. მე ვარ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პრეზიდენტობის კანდიდატი და გამიხარდებოდა, რომ მომავალ არჩევნებში კონკურენტი მყოლოდა.

რადიო თავისუფლება: რამდენად დემოკრატიულად მიგაჩნიათ მიმდინარე პროცესი?

ლევან კობიაშვილი: რატომ ფიქრობთ, რომ რამე არადემოკრატიული ხდება? მარტში ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებია და ფიფას მოქმედი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იქნება. იქამდე, უეფა აირჩევს პრეზიდენტს და იქაც, ერთადერთი კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინია. გამოდის, უეფა და ფიფაც არადემოკრატიულად ატარებს არჩევნებს?

რადიო თავისუფლება: ოცდათერთმეტი სუბიექტიდან ოცდაცხრამ წარგადგინათ...

ლევან კობიაშვილი: მადლობა თითოეულ მათგანს, ასეთი ნდობისთვის. ეს ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. მინდა მადლობა გადავუხადო ხალხს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩემს გვერდით იდგნენ და ვისაც ჩემი სჯერათ. თითოეულ ადამიანს, ვინც ქართულ ფეხბურთს ემსახურება.

არწარმდგენის პოზიცია

ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საფეხბურთო კლუბები ზუგდიდის „დინამო“ და თბილისის „ვიტ ჯორჯიაა“ ის ორი სუბიექტია, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ლევან კობიაშვილის კანდიდატურა არ წამოუყენებიათ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს არც იმას ნიშნავს, რომ მათ სხვა კანდიდატურის წარდგენა სურდათ.

„ვიტ ჯორჯიას“ პრეზიდენტმა გურამ რუხაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ კობიაშვილის კანდიდატურის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

„ფეხბურთის ფედერაციასთან საქმიანად ვთანამშრომლობთ. არანაირი კონფლიქტი და პროტესტი არ გვაქვს. ასე რომ, ჩვენც ვართ ლევან კობიაშვილის კანდიდატურის წარმდგენები“, - თქვა რუხაძემ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს, თბილისში, „რედისონში“ გაიმართება და მოსალოდნელია, რომ 2019 წლის არჩევნების მსგავსად, ყოფილი პრეზიდენტი დელეგატთა ერთსულოვანი მხარდაჭერით, ახალი ოთხწლიანი ვადით გაპრეზიდენტდება.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG