Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ეცდება ვენეციის დაპყრობას? - დიდი ფილმები, ვარსკვლავები და პირველი სკანდალები ვენეციის კინოფესტივალზე

ვენეციის კინოფესტივალის ლოგო
ვენეციის კინოფესტივალის ლოგო

2024 წლის ვენეციის ფესტივალზე „ჯოკერი 2-ის" წარუმატებლობამ, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად შეცვალა კინოფესტივალების მიმართ ჰოლივუდის დამოკიდებულება.

„ჯოკერი 2-ის" კინოგაქირავებაში ჩავარდნას ფილმის პროდიუსერები სწორედ ვენეციის ფესტივალზე აკრედიტებულ კინოკრიტიკოსებს აბრალებდნენ, რომლებმაც „ახალ ჯოკერს“ ფელეტონები მიუძღვნეს. გაგახსენებთ, 2019 წელს „ჯოკერი 1“ ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზით დაჯილდოვდა. ჰოლივუდში დაფიქრდნენ: არის კი აუცილებელი „დიდი ფილმების“ საპრემიერო ჩვენება „A“ კლასის ფესტივალებზე, სადაც კინოს ხარისხს ძალიან ხშირად პოლიტიკური სიტუაციით, კონიუნქტურითა და სპონსორების ახირებით აფასებენ?

ამ დისკუსიის შედეგი უკვე გამოჩნდა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე, რომლის კონკურსშიც ჰოლივუდის დიდი სტუდიების არცერთი ფილმი არ გვინახავს. ახლა კი ვენეციის კინოფესტივალი, რომელიც 2 სექტემბერს გაიხსნება, კანის კინოფორუმის მსგავსად, ვეღარ ჩაითვლება „ოსკარების რეპეტიციად“ - საკონკურსო პროგრამაში აქაც არ არის ფილმი, რომელიც ამერიკული „ოსკარის“ რეალურ კანდიდატად შეიძლება ჩაითვალოს. 21 საკონკურსო ფილმიდან 100 პროცენტით ამერიკული მხოლოდ ერთია - „პრაიმ-თაიმი“, რობერტ პატინსონის მონაწილეობით.

და მაინც, მხოლოდ „ჯოკერი 2- ზე" ქილიკსა და „ვენეციურ კატასტროფას“ ვერ დაჰბრალდება დიდ კინოფორუმებზე ძვირადღირებული კინოს ნაკლებობა.

ჰოლივუდის საფესტივალო სტრატეგია, პირველ რიგში, სტრიმინგმა შეცვალა. საფესტივალო პრემიერებზე ხშირად უარს ამბობს არა მხოლოდ „ნეტფლიქსი“. ბოლო დროს კინოფორუმების მიმართ ერთგვარი ფობია დაეტყოთ სხვებსაც. „რატომ უნდა დაიწყოს ფილმის ისტორია ფესტივალით, სადაც რამდენიმე ასეული კრიტიკოსი ამ ფილმის ბედის განსაზღვრას ცდილობს?“ - იკითხა ერთხელ „ამაზონის“ ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა.

დაუმატეთ ამას 2023 წლის ჰოლივუდში მსახიობებისა და სცენარისტების გაფიცვა, რომელმაც სერიოზულად დაარღვია პროგრამირების ციკლი: წარმოებები გადაიდო, პოსტპროდუქციამ გადაიწია და მნიშვნელოვნად შემცირდა სწორედ იმ ტიპის ფილმების წარმოება, რომლებიც იდეალური იყო კანისა და ვენეციის ფესტივალებისთვის.

და მაინც, ჰოლივუდის სტრატეგიის ცვლილება დიდი ფესტივალებისთვის განსაკუთრებული დარტყმა არ ყოფილა. კანში და ვენეციაში ისევ ჩამოდიან კინოვარსკვლავები. „წითელი ხალიჩა“ ვარსკვლავისთვის ისევ „წმინდათა წმინდა“ ადგილია. წელს, მაგალითად, რობერტ პატინსონის გარდა, ვენეციაში ელიან პენელოპა კრუსს და ხავიერ ბარდემს, რომლებიც მთავარ როლებს ასრულებენ ფლორიან ზელერის ფილმში „ბუნკერი“; ასევე - ალისია ვიკანდერს, სიუზან სარანდონსა და კეისი აფლეკს. აფლეკის, როგორც რეჟისორის, ფილმი „კომპანია“ ფესტივალის მთავარ კონკურსშია. ვენეციაში ასევე ელიან სემ როკუელსა და ჯონ მალკოვიჩს, რომლებიც ფესტივალის ერთ-ერთი ფავორიტის, ირლანდიელი რეჟისორის, მარტინ მაკდონაჰის ფილმში „ველური ცხენი“ თამაშობენ. ჯორჯ კლუნი და ელენ ბერსტინი კი საპატიო „ოქროს ლომებით“ დაჯილდოვდებიან.

ჰოლივუდის ახალმა სტრატეგიამ მყისიერად შეცვალა კანისა და ვენეციის კინოფესტივალების ინტერესებიც: ორივე კინოფორუმი დღეს უფრო ენერგიულად ეძებს ევროპულ, აზიურ და ლათინურ-ამერიკულ ფილმებს. შედეგი სახეზეა ვენეციის წლევანდელი კინობიენალეს პროგრამაში - ვენეციის ფესტივალმა ფაქტობრივად ხელიდან გამოსტაცა თავის მთავარ კონკურენტს, კანის კინოფორუმს, კორეელი რეჟისორის, ლი ჩანგ-დონის, „სიყვარულის შესაძლებლობა“, რომელსაც მე პირადად ძალიან ვგულშემატკივრობ.

რვა წლის წინ კანის კინოფესტივალმა პრიზის გარეშე დატოვა „კორეელი ვისკონტის“ მისტიკური დრამა „ალმოდებული“, რომელსაც ფესტივალის ბოლომდე ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. დიდი იმედი მაქვს, რომ 12 სექტემბერს, როდესაც ვენეციის წლევანდელი ფესტივალის ჟიური, რომელსაც წელს ამერიკელი მსახიობი მეგი ჯილენჰოლი ხელმძღვანელობს, ფესტივალის შედეგებს გამოაცხადებს, სამართლიანობა აღდგება და დაფასდება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ავტორის ახალი ნამუშევარი.

ფესტივალი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ვენეციის კინობიენალეს ჟიური უკვე სკანდალის ცენტრში მოექცა. ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ჟიურიმ უარი თქვა პრესკონფერენციის გამართვაზე.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ ვენეციის ფესტივალის ჟიური აშკარად გაექცა იმ კითხვებს, რომლებიც კინოფორუმზე აკრედიტებულ პრესას ჰქონდა მომზადებული. როგორც ჩანს, ჟიურის წევრებს ახსოვდათ ზამთარში ბერლინის ფესტივალზე მომხდარი სკანდალი, როდესაც სწორედ ბერლინალეს გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟიურის თავმჯდომარემ, ვიმ ვენდერსმა, არ უპასუხა კითხვას ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის შესახებ. ვენდერსმა თქვა, რომ პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტი, როგორც ჩანს, აუცილებლად განსაზღვრავს ვენეციის წლევანდელი კინობიენალეს „დრამატურგიას“.

ფესტივალის გახსნამდე ათი დღით ადრე საკონკურსო პროგრამას დაემატა ფილმი „Naza“ - ოსკაროსანი „No Other Land-ის" თანარეჟისორების ნამუშევარი, ჯონათან გლეიზერის პროდიუსერობით. ფილმი თელ-ავივის სახურავებიდან გადაღებული კადრებით დეტალურად აღწერს ისრაელის სამხედრო სისტემას ღაზაში. მისი ჩვენება ვენეციის ლიდოზე, სავარაუდოდ, დიდ პოლიტიკურ ვნებათაღელვასა და საპროტესტო აქციებს გამოიწვევს.

კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც წინ უძღოდა ვენეციის კინოფესტივალის გახსნას, გენდერული დისბალანსია. მთავარ საკონკურსო სექციაში მხოლოდ ერთი ქალი რეჟისორის ფილმი მოხვდა - დანიელი მეი ელ-ტოხის „უცნობი ქალი“. ფესტივალის დირექტორმა ალბერტო ბარბერამ თავი იმით იმართლა, რომ პრობლემა თავად კინოინდუსტრიაშია, რომელიც ქალებს დიდ ბიუჯეტზე წვდომას უზღუდავს, და არა ვენეციის ფესტივალის შემრჩევ კომისიაში.

სამაგიეროდ, ფესტივალის დირექციამ თავი არ იმართლა და მოკლე უარით უპასუხა უკრაინის კულტურის სამინისტროს, რომელიც ევროპაში მცხოვრები რუსი რეჟისორის, ილია ხრჟანოვსკის ახალი ფილმის, „დაუს“, საკონკურსო პროგრამიდან მოხსნას მოითხოვდა. კიევიდან გამოგზავნილ წერილში ეწერა, რომ მოსკოვი კულტურულ პლატფორმებს „ჰიბრიდული ომებისთვის“ იყენებს და პროექტი დაკავშირებულია კრემლთან დაახლოებულ, სანქცირებულ ოლიგარქ სერგეი ადონიევთან.

თავად რეჟისორმა, რომელმაც უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და დაგმო უკრაინაში შეჭრა, განაცხადა, რომ ფილმი გერმანულ-ფრანგული კოპროდუქციაა. მისი თქმით, ადონიევი „დაუს“ პროექტს 2018 წლამდე აფინანსებდა, თუმცა ბოლო ნაწილის გადაღებასთან კავშირი აღარ აქვს. ასეა თუ ისე, უკრაინელები საპროტესტო აქციისთვის 8 სექტემბერს ემზადებიან, როდესაც „დაუს“ ფინალური სერიის საპრემიერო ჩვენებაა დაგეგმილი.

ვენეციის ფესტივალისთვის ასეთი აქციები უკვე ორგანული ხდება. „წითელი ხალიჩა“, გამოპრანჭული კინოვარსკვლავებით, და საპროტესტო მანიფესტაციები იმავე წითელ ხალიჩასთან... იქვე - დიდი კინოდარბაზები, სადაც „A“ კლასის საშემოდგომო ფესტივალზე სეზონის საუკეთესო ფილმებს უჩვენებენ...

ეს სანახაობა, რომლის შესახებ ვენეციიდან გიამბობთ, 12 სექტემბრამდე გაგრძელდება.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG