Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Deutschlandfunk-ი: "ბერლინალეს" დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებენ

"ბერლინალეს" დირექტორი ტრიშა ტატლი. ბერლინი, 21 თებერვალი, 2026 წელი
"ბერლინალეს" დირექტორი ტრიშა ტატლი. ბერლინი, 21 თებერვალი, 2026 წელი

კითხვის ნიშნის ქვეშაა “ბერლინალეს” დირექტორის მომავალი, იტყობინება გერმანიის მედია - სირიელ-პალესტინელი რეჟისორის, ალხატიბის გამოჩენა საერთაშორისო კინოფესტივალ "ბერლინალეზე", კინოფესტივალის მმართველობაში ცვლილებებს მოიტანს, წერს Deutschlandfunk-ი.

"ბერლინალეს" საქმიანობის გარშემო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა 26 თებერვალს არის დაგეგმილი. საბჭოს თავმჯდომარეობს კულტურის სახელმწიფო მინისტრი ვოლფრამ ვაიმერი.

Deutschlandfunk-ის ბერლინის სტუდიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა, სავარაუდოდ, ტრიშა ტატლის, როგორც "ბერლინალეს" დირექტორის, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას გამოიწვევს. განხილვები შეეხება ფესტივალის რეფორმირებასაც.
“ბერლინალეზე” ალხატიბის განცხადების გამო, გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრმა კარსტენ შნაიდერმა ღონისძიება დატოვა.

21 თებერვალს დაჯილდოების ცერემონიაზე კვლავ გაისმა პალესტინელების მომხრე განცხადებები და გამოჩნდა პალესტინური სიმბოლოები. სირიელ-პალესტინელმა რეჟისორმა აბდალაჰ ალხატიბმა სცენაზე გერმანია „ღაზაში გენოციდში“ მონაწილეობაში დაადანაშაულა.

მას გადაეცა „საუკეთესო სადებიუტო ფილმის“ ჯილდო ფილმისთვის „ალყის ქრონიკები“. მის გამოსვლას აუდიტორიის ზოგიერთი წევრი ტაშით შეხვდა.
ტატლმა პრიზების გადაცემამდე საგანგებო განცხადება გააკეთა და სხვათა შორის, თქვა, რომ “ჩვენ პატივს ვცემთ მათ, ვინც ხმამაღლა საუბრობს, მაშინაც კი, თუ არ ვეთანხმებით ჩვენ წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას”.

"ბერლინალეს” ხელმძღვანელმა ილაპარაკა იმაზე, რითაც ამაყობს: “ამ ათი დღის განმავლობაში “ბერლინალე” ისეთივე დარჩა, როგორიც იყო: ადგილი, სადაც ადამიანები საჯაროდ იკრიბებიან, სადაც ყველას სიხარულით ხვდებიან განსხვავებების მიუხედავად, სადაც შეგიძლიათ ერთად დასხდეთ სიბნელეში და სამყაროს სხვების თვალით შეხედოთ”.

გაზეთ „ბილდის“ ცნობით, დაჯილდოების ცერემონია კულტურის მინისტრისთვის ერთადერთი პრობლემა არ არის. 56 წლის ტატლმა ერთი კვირით ადრე ფოტოები გადაიღო გადამღებ ჯგუფთან პალესტინის დროშითა და შარფებით. ტატლი "ბერლინალეს" დირექტორია 2024 წლიდან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG