Accessibility links

ფიროსმანი სიტყვებში


რა იქნებოდა ფიროსმანის ნახატები და აბრები ფიროსმანისვე რუსულ-ქართული მინაწერების - სიტყვებისა და ფრაზების გარეშე? „უწინდელი საქართველოს ქორწილი“, „პურს აცხობენ“, „Разбойник украл лошадь“ („ყაჩაღმა ცხენი მოიპარა“), „გაუმარჯოს პურ მარილიან კაცსა“ და სხვ.

"ფიროსმანი ანუ ირმის გასეირნება". ავტ. გასტონ ბუაჩიძე
"ფიროსმანი ანუ ირმის გასეირნება". ავტ. გასტონ ბუაჩიძე

როგორც ფიროსმანზე დაწერილი წიგნის, „ფიროსმანი ანუ ირმის გასეირნება“ ავტორი, გასტონ ბუაჩიძე ამბობს, ამ სიტყვებს თავიანთი შინაარსით, განლაგებითა და მოყვანილობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მხატვრის ფერწერული ჩანაფიქრისა და სათქმელის ამოკითხვაში.

„სიტყვები ფიროსმანთან არა მხოლოდ აზუსტებენ მაყურებლის აღქმას, არამედ ასახვის პროცესში ახალ ფორმათა წარმოქმნაშიც მონაწილეობენ“, - ამბობს გასტონ ბუაჩიძე თავის ვრცელ ნაშრომში და ნიმუშად მოაქვს ფიროსმანის ცნობილი ნახატი „ცხენის ქურდი“ და მასზე გაკეთებული წარწერა „Разбойник украл лошадь“ („ყაჩაღმა ცხენი მოიპარა“), რომელიც თითქოს მთვარის შუქითაა დაწერილი მუქ კლდეზე იმგვარად, რომ დამთვალიერებელს ეჩვენება: „საკმარისია მთვარე კვლავ ღრუბელს ამოეფაროს, რომ წარწერა ჩაქრეს და ქურდობის თანამზრახველ ღამის წყვდიადს შეუერთდეს“.

„ფიროსმანის ფუნჯი ყველაფერს ფერწერის ენით ამეტყველებს, მათ შორის - სიტყვებსაც. სურათის საერთო ჩანაფიქრის სრული გაგებისათვის სიტყვის გათვალისწინებაც აუცილებელია. ფიროსმანის წარწერების არსებითი თვისება ისაა, რომ ისინი ერთგვარად „ბანს აძლევენ“ სურათის სათქმელს, თუ გნებავთ - ფერწერის „პოლიფონიურობას“ ემსახურებიან. აძლიერებენ სათქმელს“, - ვკითხულობთ ბუაჩიძესთან.

მირზაანში ფიროსმანის სახლ-მუზეუმში დაცულ ერთ-ერთ აბრაზე („წარაფი“), ღვინით სავსე ტიკებით დატვირთული ურმის გარდა, გამოსახულია ფიროსმანის მიერ შეთხზული ლექსის ორი სტროფი. მარცხნივ ვკითხულობთ:

ღვინოს ვინ დაიწუნებს
ჩვენი ზიარებაო
ზოგჯერ ძალით გვასმევენ
ზოგჯერ გვენატრებაო.

მარჯვენა წარწერა გვეუბნება:

ვაი რა მეაფსუსები
სავსე ტიკო ღვინითა
მაჰმადიანი არ მოგიგონებს
თუ ფლავი უდგა სინითა.

შთამბეჭდავია „შეთე ეხმარება ბარიატინსკის შამილის დასაჭერად“ ნახატზე გაკეთებული მინაწერიც, უფრო სწორად შთამბეჭდავია ამ ტექსტის გრაფიკული მხარე:

Шете указу
ет князя
Борадскому
Дорога
Поймать
Шамиль

აშკარაა, რომ მინაწერის ფორმა (ერთგვარი კალიგრამა) საგანგებოდ იმეორებს ნახატზე ჯარისადმი დახმარების იდეის გამომხატველ კიბის ფორმას.

ფიროსმანის ამ მინაწერების გამიზნულ ლაკონურობას დიდწილად დროის მოთხოვნაც განაპირობებდა. არ დაგვავიწყდეს, რომ მე-19-ე საუკუნის ბოლო წლების თბილისი „წვრილ ვაჭართა და მედუქნეთა ურიცხვი აბრების ქალაქი“ იყო. ფიროსმანსაც უწევდა აბრების კეთება და ამ საქმის ( მათ შორის აბრების ენის) თავის თარგზე გარდაქმნა. მაგალითად „холодный пиво“ („ცივ-ცივი პივა“): ნახატზე ყველა სასმისი სავსეა ლუდით, თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, ფიროსმანის ოსტატობის წყალობით, სასმისების გვერდით წარწერის ასოებიც განსაკუთრებულად სავსენი ჩანან.

გასტონ ბუაჩიძე ყურადღებას ამახვილებს „კახური ღვინის საწყობის“ კალიგრაფიაზე: სიტყვები ერთ მთლიანობადაა შერწყმული, მაგრამ ასოების მოყვანილობაში მხატვარი დედა-შვილურ ალერსს ხედავს, ესოდენ შთაგონებულად რომ აქვს გადმოცემული დედისა და შვილების, თეთრი დათვის და ბელების, ღორისა და გოჭების, კრუხ-წიწილების გამოსახულებებში.... მშობლიური ანბანის განყენებულ მოხაზულობაში მხატვრის თვალმა პატარა, მაგრამ გულში ჩამწვდომი მოთხრობები დაინახა, რომელთა არსებობის შესაძლებლობაც კი არივის მოსვლია აზრად“.

განსაკუთრებული ხიბლის მატარებელია მხატვრის მარტივი, ნაივური მიძღვნები:

„კამპანიას გაუმარჯოს ბეგო კეთილი ცხოვრება ღმერთმა ყველას გამრავლოს“; „გაუმარჯოს პურ მარილიან კაცსა“, "მადლობა ღმერთს რო დავესწარით აღდგომასა. ქრისტე აღდგა ჭეშმარიტათ" და სხვ.

თუმცა ის არის, რომ ერთი შეხედვით მარტივ ტექსტებში ჩანს იმაზე მეტი ფიქრი და ცოდნა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. მაგალითად წარწერა „უწინდელი საქართველოს ქორწილი“ თვალსაჩინოს ხდის იმას, რომ აქ საუბარია არა ქართლ-კახეთზე, არამედ მთლიანად საქართველოზე, რაც (მოქმედების ამგვარი გაფართოება), გასტონ ბუაჩიძის თქმით, იმის ნიშანია, რომ ფიროსმანი თავს აღიქვამს არა ლოკალურ „ეთნოგრაფად“, არამედ სრულიად საქართველოს ყოფის აღმწერელ მხატვრად.

ანდა ნახატი, რომელზეც გლეხის ორი ქალი პურს აცხობს: ერთი ფიჩხს აგდებს გახურებულ თონეში, მეორე კი პატარა მაგიდაზე ზელს ცომს. მოყვითალო ფონზე შავი წარწერა სურათის ქვედა კიდეს მიჰყვება და გაუწყებს: „პურს აცხობენ“.

„შედარებითი გრძობადობა ზმნის ამ ფორმისა - პურს აცხობენ - მონათესავეა დროის ფიროსმანისეული აღქმისა: მხატვარი მეტწილად ირჩევს არა სწრაფმავალ მოქმედებას, არამედ გრძნობად მდგომარეობას. გარდა ამისა, აბსტრაქტულ ფორმებთან შედარებით, კონკრეტულ ზმნურ ფორმებში არის რაღაც ღირსება, მნიშვნელობა, სიცოცხლისეული შინაარსი: „პურს აცხობენ“,

ეს ჟღერს დაახლოებით როგორც „მზე ამოდის“ - ვკითხულობთ „ფიროსმანი ანუ ირმის გასეირნება“-ში, რომლის შვიდიდან ერთი თავი ეძღვნება ფიროსმანის ფერწერაში გამოყენებული სიტყვების ანალიზს: „ზოგჯერ ეს სიტყვები გვკარნახობენ, თუ რა ტემპში, რომელ ტონალობაში უნდა აღვიქვათ რთველი, ქორწილი, სახალხო ზეიმის სცენა... ფერწერა თვალით აღიქმება და ფიროსმანისეული წარწერებიც მის თვალსაჩინოებას უწყობენ ხელს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG