თქვა 2022 წელს მთავრობის სხდომაზე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და დააანონსა საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის შექმნა - „ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი“.
2022 წლის მარტიდან ოფიციალურად ამოქმედდა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა, რომელიც მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სოციალურ ინიციატივად დაასახელა.
4 წლისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონობით ლარის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ” აღიარა, რომ დასაქმების პროგრამით: „დაახლოებით 30 000 ადამიანი იყო… ფიქტიურად დასაქმებული… ეს პროგრამა გაუქმდა, რაც აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ, რომ ფიქტიური იყო…“ - „ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურმა ეს განცხადება 2026 წლის 25 მაისს გააკეთა.
პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ თქვა ის, რის შესახებაც „ოცნების” კრიტიკოსები იმთავითვე მიუთითებდნენ: სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების პროგრამა არა სიღარიბის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, არამედ ფორმალური დასაქმების სქემა იყო, რომელმაც ათიათასობით ადამიანს სახელმწიფო ბიუჯეტის ფული ფიქციური საქმიანობისთვის დაახარჯა.
კობახიძისგან განსხვავებით, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებითი ბარათი პროგრამის გაუქმების მიზეზად „ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად დაფიქსირებულ სამუშაო ძალის დეფიციტს“ ასახელებდა.
ირაკლი კობახიძის ამ განცხადებასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ საქართველოს პროკურატურას ჰკითხა, დაიწყო თუ არა უწყებამ პროგრამის შესაძლო ფიქციურ დასაქმებასთან დაკავშირებით მოკვლევა. პროკურატურის პასუხით, „ფაქტის შესწავლა დაწყებულია“.
და სანამ პროკურატურა ფაქტს სწავლობს, ამ სტატიაში ვეცდებით გავარკვიოთ, ვის რა სარგებელი მოუტანა საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამამ და ხომ არ იქცა ის პოლიტიკური გავლენების გამყარების მექანიზმად.
„ორმაგი შედეგი”, სამასი ლარი და სასაფლაოზე მეტი დამლაგებელი
2022 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა მიზნად ისახავდა სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას. ღარიბაშვილი მაშინ ამბობდა, რომ „არსებული სოციალური პოლიტიკა შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უმოქმედობისკენ უბიძგებდა“. ამ პროგრამის შექმნით კი ათიათასობით ადამიანი შრომის ბაზარზე დაბრუნდებოდა.
| დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო სოციალური შემწეობის მიმღებ ადამიანებს ასევე სთავაზობდა მათი გამოცდილებისა და უნარების შესაბამის ვაკანსიებზე დასაქმებას, თვითდასაქმებულად რეგისტრაციას ან პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსებში ჩართვას. |
სოციალური დახმარების მიმღებ ადამიანებს პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად უნარჩუნდებოდათ სოციალური შემწეობა, დამატებით კი სხვადასხვა სამუშაოს შესრულებაში ისინი 300-ლარს იღებდნენ. რა სამუშაოებზე იყო საუბარი, ამასთან დაკავშირებით პროგრამის დასაწყისში ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ინიციატივის მიზნებზე საუბრობდა, თქვა, რომ ამ პროგრამით „მივიღებთ ორმაგ შედეგს - ერთი მხრივ, გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლები, და, ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის ან არსებულის გასაუმჯობესებლად შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს.“
„ეს ადამიანები ძირითადად დაასაქმეს სასაფლაოების მთიბავებად, მეეზოვეებად, საცურაო აუზების მომვლელებად, მებაღეებად სკვერებში ნარგავების მოვლის მიზნით.“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კორუფციის მკვლევარი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ბესიკ დონაძე. მისი შეფასებით, პროგრამაში ჩართული „არცერთი ადამიანის შესაძლებლობები არ შეუსწავლიათ.“
პროგრამის პრაქტიკული შინაარსი რომ მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ მასშტაბური მიზნებისგან, რომლებზეც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა, დაადასტურა 2022 წლის სექტემბერში ჯანდაცვის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, თამილა ბარკალაიამაც. მან პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ „ძირითადი აქტივობები არის სკვერების, არხების, გზების, შენობების დალაგება, განახლება, მცირედი სარეაბილიტაციო სამუშაოები“.
მისი თქმით, იმ დროისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებში დაახლოებით 22 ათასი ადამიანი იყო ჩართული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა - „დაახლოებით 21 ათასი ვაკანსია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე იყო შექმნილი“. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში მოქალაქეთა ნაწილმა საკუთარი არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება არჩია.
დროდადრო მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის ფარგლებში ხელოვნურად შექმნილ ვაკანტურ სამუშაო პოზიციებზე, საჯარო სექტორის გადატვირთულობასა, და საბიუჯეტო ხარჯების ზრდაზე, რაც აჩენდა კითხვებს, რამდენად რეალური იყო ასეთი ტიპის დასაქმება და იყო თუ არა ეს „გზა სიღარიბის შემცირებისკენ“.
2022 წლის სექტემბერში პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში წარადგინა პროგრამის ფარგლებში დასაქმებული ადამიანების სტატისტიკა. ლილუაშვილმა მაშინ ისაუბრა მესტიის მუნიციპალიტეტის მაგალითზეც და თქვა, რომ მესტიის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური „პროგრამის ამოქმედებამდე 500 ადამიანს ასაქმებდა და დამატებით 966 პირი დაასაქმა. მათ შორის, დასაქმდა 404 მეეზოვე და სასაფლაოების მომვლელი - 221. მესტიაში სულ 156 დასახლებული პუნქტია. ყველა დასახლებულ პუნქტში სულ რომ ერთი სასაფლაო იყოს, რაც ნაკლებად რეალურია, არ ვიცი, რას ალაგებს დანარჩენი 70 დამლაგებელი“
„აღარც ეძებენ სამსახურს” - პროგრამის ძირითადი პრობლემები
„მთავარი პრობლემა ასეთი პროგრამების არის ის, რომ მათ არ აქვთ ეფექტი“, უთხრა რადიო თავისუფლებას ეკონომისტმა გოგა ხიშტოვანმა.
მისი თქმით, არაეფექტურობას მოწმობს პროგრამის გაუქმების შემდეგ მიღებული სტატისტიკაც - „გარდა იმისა, რომ შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა სტატისტიკაში, გაიზარდა სამუშაო ძალის გარეთ მყოფი ადამიანების რაოდენობა 50 ათასით დაახლოებით 2026 წლის პირველ კვარტალში“, რაც ნიშნავს იმას, რომ„ადამიანები არამხოლოდ უმუშევრობის სიაში გადავიდნენ დიდწილად, არამედ აღარც ეძებენ სამსახურს.“
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამბობს, რომ პროგრამა დასაწყისშივე აგებული იყო წინააღმდეგობრივ ლოგიკაზე - „ერთი მხრივ, ხელისუფლება მას სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების პოლიტიკად წარმოაჩენდა, ხოლო მეორე მხრივ, რეალურად არ ქმნიდა იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც ადამიანებს სიღარიბიდან გამოსვლის შესაძლებლობას მისცემდა.“
მისი შეფასებით, პროგრამა ადამიანებს ძირითადად 300-ლარიან გასაცემელსა და სოციალური დახმარების შენარჩუნების გარანტიას აძლევდა. „შედეგად, პროგრამა უფრო სოციალური დახმარების გაფართოებულ ფორმად იქცა, ვიდრე დასაქმების პოლიტიკად.“
ბესიკ დონაძის შეფასებით კი, „ამ პროგრამის ყველაზე დიდი პრობლემა იყო მიზანი, ანუ რისთვის გააკეთეს ეს პროექტი. ეს პროექტი გაკეთებული იყო მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის და არა იმ მიზნებისთვის, რომ ვინმე სიღარიბიდან ამოეყვანათ.“ დონაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე ამ პროგრამის ამუშავების ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო, მიუხედავად იმისა, ახლა მას „ფიქტიურს“ უწოდებს. „ტაშს უკრავდა კობახიძეც, ტაშს უკრავდა მდინარაძეც, ეს პროგრამა ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა იმიტომ, რომ ცვლილებები მოხდა ბიუჯეტში და შესაბამისად სრულად გუნდი იყო პოლიტიკურად პასუხისმგებელი“
სიღარიბე, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა და არჩევნები
წლების განმავლობაში პოლიტიკური ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებდნენ, რომ სიღარიბესა და სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებულებას პოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად იყენებდა. მათი შეფასებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ხშირად ხდებოდნენ საარჩევნო კამპანიების, პარტიული შეხვედრებისა და სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობის სამიზნე ჯგუფები. ექსპერტების ნაწილის მოსაზრებით, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაც სწორედ ამ კონტექსტში შეიქმნა - როგორც ინიციატივა, რომელსაც სოციალური მიზნების პარალელურად პოლიტიკური ფუნქციაც ჰქონდა.
„ამ პროგრამის დაანონსებიდანვე ვიცოდით, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის განკუთვნილი. და ის, რომ ეს პროგრამა ამ ადამიანებს ვერ ამოიყვანდა სიღარიბიდან“, - ამბობს ბესიკ დონაძე. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ადამიანების სიდუხჭირე სათავისოდ გამოიყენა და „მათ წაართვა თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს ადამიანები გამოყენებული არიან როგორც საპარლამენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნებში“
იმავე აზრს იზიარებს გოგა ხიშტოვანი, რომელიც მიიჩნევს, რომ „ეს იყო მცდელობა „ქართული ოცნების“, რომ ადამიანები გაეხადა მათზე დამოკიდებული პოლიტიკურად და მიეღო მათგან არაპირდაპირი ბენეფიტები, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე“. მისი თქმით, „ადამიანები დაასაქმეს იმ პრინციპით, ვინ იქნებოდა ლოიალური და ვინ არ იქნებოდა ლოიალური.“
არჩევნებსა და საარსებო შემწეობის სისტემას შორის შესაძლო კავშირზე ყურადღებას ამახვილებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევაც. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც სახელისუფლებო პარტიამ ხმების ნახევარზე მეტი მიიღო, საშუალოდ, მეტი ხარჯი იყო გაწეული საარსებო შემწეობაზე და შედარებით მაღალი იყო საარსებო შემწეობის მიმღებთა წილიც.“
სოციალური პოლიტიკა და ადამიანური შედეგი
25 მაისს ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა მოქალაქემ დაძლია. 2020 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე ზუსტად 3-ჯერ - 21.3%-დან 7.1%-მდე შემცირდა. კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ 2030 წლისთვის სიღარიბის აღმოფხვრა სავსებით რეალურია.
ეკონომიკურ „დუღილზე“ საუბრობდა ირაკლი კობახიძის წინამორბედი, ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც აცხადებდა, რომ „უმუშევრობა და სიღარიბე გვაქვს ჩვენ ისტორიულ მინიმუმზე“ და რომ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე მიუთითებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება სიღარიბის შემცირებას საკუთარ ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ასახელებს, საქართველოში სოციალურ შემწეობას იღებს რამდენიმე ასიათასი ადამიანი. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საარსებო შემწეობას იღებდა 432 968 ადამიანი, ხოლო დამატებით 212,952 სოციალურად დაუცველი ადამიანი იყო ისეთი, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში გარანტირებული ჰქონდათ სოციალურად დაუცველის სტატუსი (ამ რიცხვში შედიან როგორც პროგრამით დასაქმებულები, ასე დასაქმებულთა ოჯახის წევრები).
საქართველოში სოციალური დახმარების სისტემა უკიდურეს სიღარიბეში მყოფი სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის თვეში ითვალისწინებს 30-დან 60 ლარამდე საარსებო შემწეობას. თანხის ოდენობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული - ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარები 60 ლარს იღებენ, შედარებით უკეთესი, თუმცა კვლავ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები კი 50, 40 ან 30 ლარს. რაც შეეხება ბავშვებს იმ ოჯახებში, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლებია, სახელმწიფო ყოველ 16 წლამდე ასაკის ბავშვზე 200-ლარიან საარსებო შემწეობას გასცემს.
„როდესაც ადამიანის ყოველდღიური არსებობა, ოჯახის გამოკვება და შვილების საჭიროებების დაკმაყოფილება დამოკიდებულია სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე, ხელისუფლება იღებს ძალიან ძლიერ გავლენას მოქალაქეზე. ასეთ ვითარებაში სოციალური პოლიტიკა ადვილად შეიძლება გადაიქცეს პოლიტიკური ლოიალობის წარმოების მექანიზმად.“ - ამბობს თამთა მიქელაძე.
„ჩვენი სოციალური შემწეობის სისტემა არის ცუდი იმიტომ, რომ არ ამოჰყავს მოქალაქე სიღარიბიდან…“ - ეკონომისტ გოგა ხიშტოვანის თქმით, სოციალური დახმარების სისტემაში ადამიანების მოტივაციაზე გავლენას ახდენს ის, რომ სოციალური სტატუსი ხშირად დაკავშირებულია სხვადასხვა დამატებით სარგებელთან - მათ შორის, ჯანდაცვის პროგრამებთან, მუნიციპალურ შეღავათებთან და სხვა სოციალურ მომსახურებებთან. „ადამიანები რჩებიან ამ სისტემაში და მერე ეს სისტემა ეუბნება, რომ არ იმუშაო, თორემ ამოგიღებ სიიდან.“
ექსპერტები მიუთითებენ ასევე იმაზეც, რომ წლების განმავლობაში საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ათიათასობით ადამიანისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო და მცირე სტაბილურობის განცდა იყო. და ახლა პროგრამა ისე გაუქმდა, რომ არ გაჟღერებულა მკაფიო გეგმა უსაფრთხო გარდამავალი პერიოდის, ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობებისა თუ სხვა მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ. „ამ პირობებში არსებობს რეალური საფრთხე, რომ ათასობით ოჯახი დაკარგავს მნიშვნელოვან შემოსავალს ისე, რომ ალტერნატიული მხარდაჭერა ჯერ არ ექნება“, - გვეუბნება თამთა მიქელაძე.
რადიო თავისუფლება შეეცადა, მოეძებნა და გასაუბრებოდა საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებს, თუმცა მათ მედიასთან საუბრისგან თავი შეიკავეს.
2026 წლის თებერვალში ცნობილი გახდა ისიც, რომ ხელისუფლება სოციალურად დაუცველთა ბაზის გადახედვასა და შემწეობის მიმღებთა მასშტაბურ გადამოწმებას იწყებდა. „ქართულმა ოცნებამ“ ეს ახსნა იმით, რომ სახელმწიფოს სოციალური დახმარება უნდა გაეცა მხოლოდ იმ ოჯახებზე, რომლებიც დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და რომლებსაც „რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა.“
სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „არ შეიძლება გაიზარდოს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე არის განახევრებული.“ მან ასევე თქვა, რომ „პირველადი ანალიზით გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა შორის 8% არის შეძლებული“.
ფორუმი