Accessibility links

ფონდი „ქუთაისი“ - საქველმოქმედო თუ „პარტიული ყულაბა“


ქუთაისი

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია ეჭვობს, რომ ქალაქში ახალი საქველმოქმედო ფონდი „ქუთაისი“ ხელისუფლებამ შექმნა წინასაარჩევნოდ თანხების მობილიზებისთვის. საკრებულოს ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია ეჭვის საფუძვლად იმას ასახელებს, რომ ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრი და ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული „მადლიერების სახლის“ ხელმძღვანელი თამთა ბაკურაძეა.

გიგა შუშანიას განცხადებით,მერიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლებს აიძულებენ ფონდში ხელფასის 1 % გადარიცხონ:

„ქუთაისის მერიის სამსახურებსა და ააიპ ორგანიზაციებს ვითომ ქველმოქმედების მიზნით აიძულებენ, რომ 1% ყოველთვიურად გადარიცხონ ფონდში და შემდეგ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგონ, ეს არის კერძო ფონდი და შეუძლებელია ვინმემ გააკონტროლოს. ჩემი აზრით, ეს არის „საარჩევნო ყულაბა“, რომელიც შეიქმნა „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ“.

გიგა შუშანია
გიგა შუშანია

ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის გიგა შუშანიას განცხადებით, ფონდი 6 ივლისს არის დაფუძნებული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის სახით და მისი ფინანსური ოპერაციების გაკონტროლება შეუძლებელია.

ფონდის საქმიანობას ეჭვქეშ აყენებს საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ მერაბ მეშველიანიც. მისი თქმით, ეჭვის საფუძველს იძლევა ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებლის პოლიტიკურად აქტიური საქმიანობა და ფონდის ლობირება მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან. მერაბ მეშველიანის ინფორმაციით, თვითმმართველი ორგანოების თანამშრომლებს დაურიგეს განცხადების სპეციალური ფორმები და საბანკო რეკვიზიტები ხელფასის 1%-ის ფონდში გადარიცხვისთვის. „ევროპული საქართველოს“ წევრის დათვლით, თვითმმართველობის სამსახურებსა და მერიას დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში 4 ათასი თანამშრომელი მუშაობს და მათი ხელფასის 1 % -ის საერთო ჯამი თვეში დაახლოებით 25 ათას ლარს შეადგენს:

„თვითმმართველობის წლიურად სახელფასო ხარჯი არის 28 მილიონ ლარამდე და მისი 1% ყოველთვიურად არის 25 ათასი ლარი. მერიის თანამშრომლებმა მომიტანეს საბანკო ამონაწერი, რომელიც დაურიგეს და პროტესტი გამოხატეს და სხვა თანამშრომლების დამოკიდებულებაც მითხრეს, რომ მათ პრობლემები არ შეექმნეთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას“.

ამ თემაზე საჯაროდ საუბარს თავს არიდებენ ქუთაისის თვითმმართველობის თანამშრომლები, ქალაქის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე კი ოპოზიციის ბრალდებას ცილისწამებად მიიჩნევს. მისი განცხადებით, ფონდის მიზანია თანხის მობილიზება საქველმოქმედო, სოციალური და კულტურული საქმიანობისთვის. ნინო თვალთვაძე ამბობს, რომ მხარს უჭერს ფონდის საქმიანობას და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თუ ორგანიზაციას მოუწოდებს, ფონდის ფინანსური ოპერაციების გამჭვირვალობა აკონტროლოს:

„ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ფონდმა ცილისწამება აიცილოს თავიდან, ეს არის მაქსიმალური გამჭვირვალობა. მეც მოვუწოდებ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს ამ მიმართულებით, დაინტერესდნენ, შეისწავლონ ფონდის საქმიანობა. მეც დაინტერესებული ვარ, რომ ამ ფონდის საქმიანობა იყოს ეფექტური, ისევე როგორც ნებისმიერი ფონდის საქმიანობა, სადაც მეც ვიღებ შემოწირულებას. რატომღაც არ ხდება ყურადღების გამახვილება, რომ აქ არ არის მხოლოდ თამთა დამფუძნებელი, აქ არის ინგა აბრამიძე, რომელიც უნივერსიტეტის თანამშრომელი და ჩემთვის პატივსაცემი ადამიანია“.

ნინო თვალთვაძე
ნინო თვალთვაძე

ქუთაისის ვიცე-მერის ნინო თვალთვაძისავე განცხადებით, ის მზად არის ჩაერთოს ნებისმიერ საქველმოქმედო საქმიანობაში,მიუხედავად იმისა, თუ რომელი ორგანიზაცია ან პოლიტიკური პარტია ეწევა მას.

საქველმოქმედო ფონდ „ქუთაისის“ საქმიანობა მისაღებია საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვისაც. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შენგელიას განცხადებით, ფონდის მიზნები ნათელია და მას მერიასა და საკრებულოსთან საერთო არაფერი აქვს, გარდა იმისა, რომ თანამშრომლებს ინფორმაცია მიაწოდეს ფონდის შესახებ და მის საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდეს. ირაკლი შენგელია კატეგორიულად გამორიცხავს კავშირს ფონდის დაფუძნებასა და პოლიტიკური პარტიის საქმიანობას შორის:

„ფონდი კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილებით იქმნება და მიზნები აბსოლუტურად ნათელია, დამფუძნებლებს ჰქონდათ კომუნიკაცია ვიცე-მერთან და მოუწოდებენ ადამიანებს ჩაერთონ ფონდის საქმიანობაში, რომელიც უზრუნველყოფს კეთილ მიზნებს. ეს არ ემსახურება პოლიტიკურ ინტერესს და მერია და საკრებულო მასში არ მონაწილეობს“.

საქველმოქმედო ფონდი „ქუთაისი“ 20 დღის წინ დაფუძნდა და, წესდების მიხედვით, მისი მიზანია თანხების მობილიზება საქველმოქმედო, სოციალური და კულტურული საქმიანობისთვის. ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პარტია „ქართული ოცნების“ წევრი თამთა ბაკურაძე, რომლის გამოც ოპოზიციას ეჭვები გაუჩნდა, ჯერჯერობით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG