Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრიდონ ინჯიას "ევროპელი სოციალისტები" პარლამენტში "ქართულ ოცნებასთან" ერთად


„პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში მოხვედრილმა ოთხმა დეპუტატმა საკუთარი პარტია - „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნა.

9 იანვარს გამართულ სადამფუძნებლო ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია დაამტკიცეს. ამიერიდან საქართველოს მე-10 მოწვევის 150-წევრიან პარლამენტში "ქართული ოცნების" - 90 და "ევროპელი სოციალისტების" 4 დეპუტატი იქნება წარმოდგენილი.

ფრიდონ ინჯიამ, ავთანდილ ენუქიძემ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა ახალი პარტიის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება მას შედეგ გამოაცხადეს, რაც ისინი, ოპოზიციის საყოველთაო ბოიკოტის ფონზე შევიდნენ პარლამენტში.

  • „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა - ავთანდილ ენუქიძემ თავიდანვე არ თქვა უარი თავის სადეპუტატო მანდატზე;
  • სიის მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრებმა - გელა მიქაძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა კი პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების - ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები დაიკავეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული ოთხი დეპუტატებიდან მხოლოდ ფრიდონ ინჯია იყო ამ პარტიის წევრი. ამიერიდან ეს ოთხეული პარლამენტში ახალი პარტიის - „ევროპელი სოციალისტების“ სახელით იქნება წარმოდგენილი. „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებული განცხადებების თანახმად, პარლამენტი აღარ არის ერთპარტიული და მის მუშაობაში ჩაერთო ოპოზიციაც.

„მოსწონს ეს გიგა ბოკერიას თუ არა პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია “ევროპელი სოციალისტები” ვართ.

სხვათაშორის შევახსენებ მას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები წინა მოწვევის პარლამენტშიც მიიღო ოპოზიციამ, როდესაც ნაც.მოძრაობას ევროპული საქართველო გამოეყო და ახალი პარტია შექმნა. ის მოქმედება სამართლიანი იყო და ჩვენი უსამართლოა? ეს არის მისი მხრიდან ორმაგი სტანდარტით მიდგომა საკითხის მიმართ" - აწ უკვე პარტია "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას ეს განცხადება პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განმარტებების საპასუხოდ.

"ევროპელი სოციალისტების" ყრილობა
"ევროპელი სოციალისტების" ყრილობა

გიგა ბოკერია, ისევე როგორც ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ახალი პარტიის დაარსება და რამდენიმე დეპუტატის შესვლა პარლამენტის ერთპარტიულობის პრობლემას ვერ გადაჭრის.

„ეს არის ერთპარტიული პარლამენტი და ამ ხალხის შესვლა პარლამენტში, არის დადასტურება ერთპარტიულობის... პარლამენტი ახლა კიდევ უფრო ერთპარტიულია. ზოგჯერ რაღაცის უარყოფით ხაზს უსვამ იმას, რაც ხარ... ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ზეიმი არის ერთპარტიულობის დადასტურება და კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს“ - უთხრა ბოკერიამ ჟურნალისტებს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად:

  • „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი 4 დეპუტატი ცალკე ფრაქციას ვერ შექმნის, რადგან ფრაქციის შესაქმნელად მინიმუმ 7 დეპუტატია საჭირო.
  • მათ აქვთ რამდენიმე არჩევანი - ან უნდა დარჩნენ უფრაქციო დეპუტატებად, ანდა პარლამენტში ჯერჯერობით ერთადერთ ფრაქციას - „ქართულ ოცნებას“ უნდა შეუერთდნენ.
  • არსებობს ცალკე ფრაქციის შექმნის კიდევ ერთი ვარიანტი, თუკი, ვთქვათ, 4-კაციან ჯგუფს მინიმუმ 7-მდე შეავსებენ „ქართული ოცნების“ ფრაქციიდან გამოსული დეპუტატები.

4 იანვარს "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა პარლამენტის მიერ მათი სადეპუტატო მანდატების დაჩქარებული წესით გაუქმების გადაწყვეტილებას. ირმა ინაშვილი აცხადებდა, რომ ეს იყო პარტიის „სამაგალითოდ დასჯის“ გამოხატულება. ხოლო გოჩა თევდორაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია კანონი, როცა შერჩევითად მიუდგა „პატრიოტთა ალიანსს“ და მათ სხვა 51 ოპოზიციონერ დეპუტატზე გვიან შეტანილი განცხადებები დაუკმაყოფილა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ შემთხვევა განსაკუთრებული იყო და პრიორიტეტად ჩაითვალა "პოლიტიკურად მომგებიანი" ნაბიჯის გადადგმა.

„უკვე გაცხადებული იყო, რომ პატრიოტთა "ალიანსის "3 წევრი გადიოდა და მათ მაგივრად შემოდიოდნენ სხვა წევრები. ეს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა „პატრიოტთა ალიანსის“ სამ გამსვლელ პირსაც და სამ შემომსვლელ პირსაც.

ეს პოლიტიკურად მომგებიანი იყო იმ გაგებით, რომ პარლამენტში შემოსვლაზე (ადგილმონაცვლეობის პრინციპით) თანხმობას აცხადებდა სამი პირი და გარდა ამისა, ერთი დეპუტატი აცხადებდა, რომ რჩებოდა პარლამენტში... შედეგად, 4 დეპუტატი ოპოზიციის მხრიდან გაჩნდებოდა პარლამენტში“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი ქადაგიშვილმა.

"ევროპელი სოციალისტების" ყრილობა
"ევროპელი სოციალისტების" ყრილობა

ქადაგიშვილმა გვითხრა ასევე, რომ აქვთ ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევისა პარლამენტში სხვების შესვლის იმედი. კონკრეტულად რომელ პარტიებს ან ცალკეულ პოლიტიკოსებს უკავშირდება ეს იმედი, ირაკლი ქადაგიშვილი არ აკონკრეტებს.

ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდამდე არ ჩქარობს მანდატების გაუქმებას დანარჩენი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის. "მაქსიმალურად ვცდილობთ ისე გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად ველი პოლიტიკური დიალოგისთვის არ შევზღუდოთ" - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი ქადაგიშვილმა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG