Accessibility links

ქართველი ამომრჩევლის ხვედრი - ცუდი თუ უარესი?


ავტორი: მიშიკო ირემაძე

რა არის პრობლემა?

ხშირად გვესმის ასეთი ბრძნული და საინტერესო გამონათქვამი - "რაც ხალხი ვართ, ისეთი მთავრობაც გვყავს". ამ პატარა ფრაზამ, ყოველდღიურობის სახე მიიღო, მაგრამ ამ გამონათქვამის მნიშვნელობა მხოლოდ რამდენიმე წამით თუ ილექება ჩვენს გონებაში, მერე კი უკვალოდ ქრება. რატომ ვართ მუდამ ასეთი უნაყოფო არჩევანის წინაშე? რატომ არასდროს გვიწევს არჩევანის გაკეთება კარგსა და უკეთესს შორის? რატომ არ ვსვამთ კითხვას - "რატომ?" ალბათ, იმიტომ, რომ ამ ფრაზას შევეგუეთ - "როგორებიც ვართ, ისეთებიც გვმართავენ!" რა მოთხოვნილებებიც გაგვაჩნია, ისეთი კანდიდატებიც გვყავს ასარჩევი. მაგრამ მაინც უკეთესი გვინდა, თუნდაც ამას არც ვიმსახურებდეთ.

მიმოხილვა

მოყოლებული დამოუკიდებლობის ქრონიკებიდან დღემდე, საკუთარი თავებით მუდმივად უკმაყოფილოები ვართ და გვსურს უკეთესი, მაგრამ ამისთვის რას ვაკეთებთ? რას ვთმობთ და რის სანაცვლოდ? ვირჯებით კი უკეთესობისთვის თუ უბრალოდ ამოჩემებული გვაქვს, რომ გვსურს უკეთესობა? პასუხი თქვენთვის მომინდვია...

საქართველოში გაბატონებული და ფესვგამდგარი პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, მთელი თავისი არსითა და მის ხელთ არსებული ყველა რესურსით, ცდილობს თავის რიგებში სხვა, ახალი წევრი არ მიიღოს და საერთოდ, არც გამოჩნდეს. ერთი წრე, ერთი მიდგომით, ერთი სამუშაო გეგმით, ერთი მიზნით ერთიანდებიან - გამოიმუშაონ, რაც შეიძლება მეტი!

კრიზისულ და ძალზედ მნიშვნელოვან ვითარებებში, ქართული საზოგადოება ორ ბანაკად იყოფა. გავიხსენოთ წარსულში ჩატარებული არჩევნები და ვნახოთ ქართველი ამომრჩევლის მართლაც ცუდსა და უარესს შორის გასაკეთებელი არჩევანი. ასევე, ძალიან საინტერესოა თუ როგორ იცვლებოდა ამომრჩევლის ხასიათი და გემოვნება სულ რაღაც ორ ან სამ წელიწადში.

ისტორია

თავშივე მსურს იმის აღნიშვნა, რომ ამ სტატიაში არ შევეხები ზვიად გამსახურდიას, რადგან მისი არჩევის დროს საქართველო არა მხოლოდ მას, არამედ დამოუკიდებელ საქართველოს ირჩევდა და მისი კონკურენტი მხოლოდ საბჭოთა რუსეთი იყო.

მას შემდეგ, რაც კანონიერად მოსული საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მოღალატეთა გუნდმა ჩამოართვა მართვის სადავეები, საქართველოში გაჩნდა უმტკივნეულესი სინდრომი - ცუდი და უარესი! მაშინდელ პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდა კარგად ნაცნობი "ახალი" სახე - ედუარდ შევარდნაძე. მისი პირველი სიტყვა ეხებოდა ინტელიგენციას, რომელთაც მადლობას უხდიდა იარაღის ხელში აღების გამო. მისი ჩამოსვლის შემდეგ, მის ირგვლივ ტრიალებდა მთელი პოლიტიკური ამინდი, ყველა და ყველაფერი. ქართველმა ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი ცუდსა (შევარდნაძე) და უარესს (კიტოვანი, იოსელიანი, სიგუა...) შორის. საქართველოს მოერე პრეზიდენტს 75% დაუგროვდა არჩევნებზე და დამაჯერებლად გაიმარჯვა, მაგრამ პირველი პრეზიდენტის მიმართ გამოცხადებული ნდობაც ძალიან მაღალი იყო, მაგრამ რა შეიცვალა ერთ წელში?

ქართველი ამომრჩეველი ერთ რამეს ვარაუდობდა, რომ მათ ერთი არჩევანი ჰქონდათ წინ - "უარესი"! საზოგადოება უკიდურესს გაჭირვებაში იყო, მაგრამ ამის შესაცვლელად არც არაფერს აკეთებდნენ. პირიქით, არსებულ ვითარებასთან ადაპტირდნენ და იარაღით სირბილი დაიწყეს.

შეცვლის მცდელობა

ასეთი გაჭირვების, რეგრესისა და ჩაბნელებული ქვეყნის ფონზე, ედუარდ შევარდნაძე, მეორე საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც (2000) ახერხებს გამარჯვებას, მაგრამ 75%-ს აღარ დასჯერდა, ახლა 80% მიიღო. საზოგადოებამ თავისი "პროტესტი" ასე გამოხატა, როგორც ჩანს, მაგრამ მალევე, ქართული საზოგადოება კვლავ ორად გაიყო - ერთი ბანაკი ძველ გვარდიას გულშემატკივრობდა, ხოლო მეორე ახალ თაობას, ბუნდოვანებით მოცული მომავლით.

2000, 2001, 2002 წლებში, ნელ-ნელა იწყებდა ფეხის მოკიდებას მოძრაობა "კმარა" და მისი ლიდერები, რომელთა მიზანი იყო ხელისუფლებაში მოსვლა და არსებული რეალობის შეცვლა. ახალგზრდა, ქარიზმატული ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ზედმიწევნით კარგად ასრულებდა თავის როლს პოლიტიკურ თამაშში, 2004 წელს დაჯილდოვდა 97%-იანი საზოგადოების ნდობით. 80%-იანი შევარდნაძის ნდობა, სულ რაღაც ოთხ წელიწადში თვალსა და ხელს შუა გაქრა, რატომ?

სავარაუდოდ, 2004 წელს გაკეთებული არჩევანი 97%-ს ეგონა, რომ სწორი და მართებული იყო, მაგრამ სულ რაღაც სამ წელიწადში კვლავ კითხვის ნიშნები გაჩნდა და კოლოსალური ნდობა, საპროტესტო აქციებსა და მზარდ უკმაყოფილებაში გადაიზარდა. მალევე მიხვდა საზოგადოება, რომ 2004-შიც სინდრომული არჩევანის წინაშე ყოფილა - კვლავ ცუდი ამჯობინეს უარესს.

2008 წელს, შედარებით ნდობადაკარგულ პრეზიდენტს დიდ კონკურენციას უწევდა ლევან გაჩეჩილაძე, რომელმაც მოახერხა და საზოგადოების დიდი ნაწილი მის მხარეს დააყენა, მაგრამ 30%-ზე მეტის მიღება ვერ შეძლო. საკუთარი ნებით გადამდგარი პრეზიდენტი კვლავ პრეზიდენტი ხდება, თითქმის განახევრებული ნდობით - 55%-ით. კვლავ ცუდზე შეჩერდა საზოგადოება და ისევ არ ჩანს კარგისა და უკეთესის პერსპექტივა.

რატომ?

რატომ კარგავს საზოგადოება ასე მარტივად და სწრაფად ნდობას? ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითია, 2012 და 2016, როდესაც "ნაცინალურმა მოძრაობამ" წააგო არჩევნები და "ქართული ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით აიღო თავის თავზე მართვის სადავეები. პოლიტიკური ცხოვრების ერთ მომენტში ერთზე შეაჩერებენ არჩევანს ამომრჩევლები და მთელ პასუხისმგებლობას მას აკისრებენ, უდიდესი და არნახული იმედებით, ხოლო მალევე ხვდებიან, რომ ეს ცხოვრებაა და არა ზღაპარი და იწყებენ ახალი ზღაპრის გმირის მოძებნას! იგივე მეორდება წლების განმავლობაში, იმავე სცენარი თამაშდება, მაგრამ ჭკუას ვერავინ და არც არავინ სწავლობს. საბოლოოდ, პირველ ჩვენებას ბოლოშიც ვიმეორებთ - "რაც ხალხი ვართ, ისეთი მთავრობაც გვყავს"!

არაკომპეტენტურობა, უხალისობა, უინტერესობა, მხოლოდ ზედაპირული თვალის შევლება და შიში სირღმეებში ჩასვლისას... აი, რამდენიმე მიზეზი თუ რატომაც ვერ აკეთებს ქართველი ამორჩეველი სასურველ არჩევანს. ის, ეძებს არსებულში, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ სასურველის შექმნაზე არც უფიქრია, არადა, როცა ვერ ხედავ გამოსავალს, თვითონ უნდა შექმნა იგი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG