Accessibility links

logo-print logo-print

"ქართველი", "მუსლიმი" და ისტორიის სახელმძღვანელო


"ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის არაფერია გასაყოფი," - წასცდა პარლამენტის (თუ რაც არის) წევრს...

ცხადია, წასცდა, რადგან ქართველის მაგივრად ალბათ ქრისტიანს გულისხმობდა, ან სულაც მართლმადიდებელს, რაც უფრო სარწმუნოა, თუმცა ეს ნამდვილად არ გახლავთ მარტივი ფროიდული წამოცდენა და არც მხოლოდ ამ პარლამენტარის ექსკლუზივია...

მოდი, გულწრფელად ვაღიაროთ, რომ უმრავლესობა სწორედ ასე ფიქრობს, რადგან ეს წამოცდენა, რწმენა თუ, გნებავთ, ცოდნა საქართველოს ისტორიით არის ინდოქტრინირებული, უფრო სწორად, ისტორიის სახელმძღვანელოს ლოგიკით, სადაც ქართველი ერის ისტორიის დრამატურგია ძვალსა და რბილში გამჯდარ დიქოტომიას გულისხმობს - თუ როგორ უპირისპირდება პოლიტიკური ისლამი ეროვნულ იდენტობად ქცეულ ქრისტიანობას...

ჩვენი ისტორია (და ნაწილობრივ ლიტერატურაც... შეიძლება ითქვას, მთავარი ქართული ლიტერატურული ტექსტის გამოკლებით) კონფლიქტის პარადიგმაზე დგას: გაუძლებს კი ზეწოლას რომელიმე ქართველი მეფე ან დედოფალი და ქრისტიანულ რჯულს დათმობს, თუ მსხვერპლად შეეწირება იმ სარწმუნოების ერთგულებას, რომელიც ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს ნიშნად განიხილება?

მართალია, აქ ისლამი არ არის, მაგრამ პირველივე ქართული ლიტერატურულ-ჰაგიოგრაფიული ტექსტი ეროვნული ისტორიის თანამდევი მოტივით იღებს სათავეს: უარყოფს თუ არა შუშანიკი ქრისტიანულ რწმენას!

არა, არ უარყოფს. შესაბამისად, შუშანიკი გმირად იქცევა და ვარსქენის კარიერისტული მიზეზი აღარავის დააინტერესებს - ლიტერატურისა და ქართული მორალურ-ისტორიული ფილოსოფიისთვის ის სამუდამო ანტიგმირად დარჩება. და სამართლიანადაც.

ჩვენეული მასობრივი ცნობიერებისა და, სახელდობრ, ისტორიის გაკვეთილზე მჯდომი ბავშვისთვის (რომელი სარწმუნოებისაც არ უნდა იყოს იგი) საქართველოს ისტორია თვალსაჩინოდ წარმოაჩენს, ვინაა გმირი და ვისგან ემუქრება საფრთხე ქართულ იდენტობას, და აქ ვერაფერს გააწყობ, რადგან ისტორია ისტორიაა და მას ვეღარავინ შეცვლის...

თეიმურაზ მეფის დედა, ქეთევან წამებული შაჰ-აბასის მიერ სადისტურად არის წამებული, რადგან ის ქრისტიანობის ერთგული რჩება შუშანიკის მსგავსად.

არაბი აბო ქართველი ისტორიული წმინდანია, რადგან ის ქრისტიანი გახდა და მშობლიურ გმირად ჩაიწერა ისტორიის სახელმძღვანელოში.

სვიმონ მეფე წლობით იჯდა დილეგში, რადგან ქრისტიანობის ერთგულებით ცდილობდა ეროვნული და დინასტიური თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

ფაქტობრივად, მეფე არ დარჩენილა საქართველოში, ვინც ამ დილემის წინაშე არ მდგარა - არჩევანი გაეკეთებინა პრაგმატულ თუ ისტორიულად ეგზისტენციალურ გადაწყვეტილებას შორის.

ზოგი რამდენჯერმე იცვლიდა რწმენას (სწორედ პრაგმატული მიზეზით, სიმულაციურადაც კი), ზოგიც სამუდამოდ, მაგრამ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში გმირები მხოლოდ ისინი არიან, რომლებიც პიროვნული მაგალითით იმარჯვებენ ზევით ხსენებულ იდეოლოგიურ დაპირისპირებაში.

ქართლისა და კახეთის ერთ-ერთი წარმატებული და მშვიდობიანი მეფის, მაჰმადიანი როსტომ-ხანის დროს ომებიც კი შეწყდა სამი ათეული წლის განმავლობაში და ქრისტიანული ეკლესიების აღდგენასაც კი მიჰყვეს ხელი, მაგრამ ზე-პოპულარულ ქართველ მეფეთა პანთეონში როსტომ-ხანისთვის მაინც ვერ გამოიძებნა ადგილი - საქართველოს ისტორია მას ქართველ მეფედ არ ცნობს, ამ დროს, ურიგო მეფე სულაც არ ყოფილა, უფრო პირიქით...

Direct link

ერეკლე მეორის შეცდომის (თუ არჩევანის შეუძლებლობის) მიუხედავად, როცა საბედისწეროდ შეიცვალა ქართული ისტორიის დრამატურგიის მთავარი ხაზი და ერთმორწმუნე რუსეთი არაქრისტიანულ იმპერიებზე არანაკლებ (თუ მეტად არა) სახიფათო აღმოჩნდა, რუს დამპყრობლებთან მებრძოლი ალექსანდრე ბატონიშვილი ასეც ვერ იქცა პოპულარულ გამათავისუფლებლად, რადგან სპარსულ ჯართან ერთად ცდილობდა მართლმადიდებელი იმპერიალისტების განდევნას, ეს კი სრულიად უშედეგო და არაპოპულარული რამ გახლდათ აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის ტრავმით მცხოვრები ქართველებისთვის...

ამრიგად, არც ალექსანდრე ბატონიშვილის ადგილი აღმოჩნდა ისტორიულ-მასობრივ ცნობიერებაში.

ამ მასობრივი ცნობიერებისთვის "ქართველი" და "მუსლიმი" იმდენად დაშორებული ცნებებია, რომ კოლექტიურ მეხსიერებას ორიოდე ამბავი თუღა აქვს გასახსენებლად, რითაც მუსლიმს ბუნებრივ ნაწილად განიხილავს ქართულ ისტორიაში: საქართველოს ყველაზე დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის სტუმრობებს მეჩეთში და ტურისტულ-საესტრადო არგუმენტს, სადაც ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა ერთ უბანშია... ესაა და ეს. სხვა ყველაფერი, ზოგადად, შეუსწავლელი და ისტორიაში ვერმოხვედრილია, ანკი ისეა აწმყოში შემოჭრილი, რომ ზოგჯერ თითქოს გვავიწყდება კიდეც, რომ წინ მომავალია და არა წარსული...

ალბათ, საკამათო არ უნდა იყოს, რომ საქართველოს ევროპული ცივილიზაციის ისტორიულ ნაწილად მიჩნევა დიდწილად ქრისტიანობის ფაქტორით არის განპირობებული (ცხადია, ბერძნულ-ბიზანტიური ცივილიზაციის კულტურულ-რელიგიური წინაპირობის გათვალისწინებით, რომელიც თავად არის ზოგადევროპულის და აღმოსავლური ქრისტიანობის აკვანი), მაგრამ სახელდობრ ქართული იდენტობის ნიშნების განსასაზღვრად მხოლოდ რელიგიური ფაქტორის გამორჩევა (რომელიც, ვიმეორებ, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საქართველოსთვის) შესაძლოა ისტორიულადვე არ იყოს სრულად ობიექტური, რადგან, მართალია, ილია ჭავჭავაძისეული მამული, ენა, სარწმუნოება იდენტობის დეკლარირებულ და გააზრებულ კონცეფტს წარმოადგენს (მით უმეტეს, იმ კონტექსტში, როცა ამ სამიდან ერთი - მამული - არ არსებობდა), მაგრამ იდენტობა, როგორც აღმოჩნდა, ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობდა (და მით უმეტეს, ახლა არ გულისხმობს) აბსოლუტურ ერთგვაროვნებას, ხოლო ამ სამიდან ერთი - ენა - შესაძლოა იდენტობის ყველაზე მძლავრი შემნახველ-მატარებელი იყოს, რადგან სწორედ ენაა ის ფენომენი, რითაც ადამიანს ახსოვს, ვისი და რისი ნაწილია (ამის მაგალითად ფერეიდნელ ქართველთა ისტორიაც კმარა).

ოღონდ საქმეც ესაა, რომ ენა მხოლოდ მეტყველებას არ ნიშნავს, არამედ ამ ენასთან ერთად აზროვნებას...

იქ, სადაც კულტურის გაუდაბნოების ტენდენციები მძლავრობს და თანასწორობისა და თავისუფლების ღირებულებებს ამა თუ იმ სახეობის ტოტალიტარული აზროვნება და ძველი თუ ახალი დოგმა ანაცვლებს, არათუ ისტორიის მართებული გადაკითხვა, არამედ აწმყოს ობიექტური აღქმაც კი შეუძლებელი ხდება, რადგან ფანატიზმი სწორედ იმგვარ ნიადაგზე იკიდებს ფეხს, საიდანაც განათლება და კულტურა განდევნეს... ფანატიზმს არც რელიგია გააჩნია და არც ეროვნება, ეს სნეულებაა.

შესაძლოა ამიტომაც ეშინოდათ შინგამოზრდილ ფანატიკოსებს თუნდაც იმ ტექსტის, რომელიც ყველაზე ცხადად გამოხატავს ქართული მრავალგვაროვნების უნივერსალურობას: ქართულ ენაზე დაწერილი ზოგადსაკაცობრიო ქმნილების - შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის", სადაც თანასწორობა და სიყვარული ქმედითი იდეაა და არა მხოლოდ მეტაფორა...

ამდენად, შესაძლოა გმირებს ისტორიული ლოგიკის შესაბამისად განალაგებდეს ისტორიის სახელმძღვანელო, მაგრამ ის, ვის მეხსიერებასა და იდენტობას კულტურა და ინტელექტი აყალიბებს და არა ყრუ დემაგოგია, უცხოდ არასდროს მიიჩნევს იმას, ვისაც საწყისებიდან სათუთ და თანაბარ თავშესაფრად ქცევია "ათას ერთი ღამის" თუ ქაჯეთის ციხიდან მზეთუნახავის გამოხსნის ბრძნული ზღაპარი... რადგან ის, რაც უმთავრესია - აქ ისწავლება. მათ შორის, განსხვავებულობის უსამართლო და ჯიუტი ძებნა იქ, რაც სინამდვილეში ერთობის და ერთიანობის მატარებელია.

ისტორია მხოლოდ წარსული არ არის - აწმყო, რომელსაც ახლა ვწერთ, ხვალინდელი ისტორიაა.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG