Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული სპორტის 2019 წელი


ოლიმპიური თამაშების წელი მოდის და ქართული სპორტის 2019 წლის მოსავლის შეჯამებას ოლიმპიურ სახეობებში მიღწეული წარმატებებით ვიწყებთ. ოლიმპიადის მომიზეზების გარეშეც, ალბათ, ასე დავიწყებდით. ჩვენი სპორტსმენების დიდი გამარჯვებების უმრავლესობა ხომ სწორედ ოლიმპიურ სახეობებშია მოპოვებული.

ახალი არაფერია, ტრადიციულად, სპორტის ძალისმიერ სახეობებში ვიყოჩაღეთ გამორჩეულად: ჭიდაობაში, ძიუდოსა და ძალოსნობაში. წლის უმთავრეს შეჯიბრებაზე - მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი. ოთხი ოქროს მედალი მოჭიდავეების ანგარიშზეა, თითო კი - ძიუდოისტებისა და ძალოსნების.

პირველად ისტორიაში

არც დამოუკიდებელ და არც საბჭოთა კავშირის წლებში, ერთ სეზონში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველ მოჭიდავეებს ოთხი ოქრო არასოდეს მოუპოვებიათ. ისტორიული შედეგი წლეულს, სექტემბერში, დაფიქსირდა ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე. მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი და ბექა ლომთაძე და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე. საინტერესოა, რომ გენო პეტრიაშვილი ზედიზედ მესამედ ავიდა მსოფლიოს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. ერთ ოლიმპიურ ციკლში ასეთი შედეგი აქამდე ჭიდაობაში არც ერთ ქართველს არ ჰქონია.

მსოფლიოს ქართველი ჩემპიონები
please wait

No media source currently available

0:00 0:02:53 0:00

2019 წლის მსოფლიოს კონკურენციაში ქართველმა მოჭიდავეებმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ოთხი ლიცენზიაც მოიპოვეს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კი მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

ტრადიციულად, კარგი სეზონი ჰქონდათ ჭაბუკ და ახალგაზრდა მოჭიდავეებსაც - ასაკობრივმა გუნდებმა მხოლოდ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე სამოცდაათამდე მედალი მოაგროვეს, მთლიანად კი, ჭიდაობის წლის საერთაშორისო მონაგარი სამასზე მეტი მედალია.

იყო კიდევ ერთი ისტორიული წარმატება თავისუფალი სტილით ჭიდაობაში: საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ცხრა სპორტსმენით ჩავიდა და ცხრავე ჩემპიონი გახდა.

ოქროს ჰეთ-თრიქი

ძიუდოში წლის მთავარ შეჯიბრებას, მსოფლიოს ჩემპიონატს, იაპონიამ უმასპინძლა და პირველივე საჭიდაო დღე საქართველოს ჰიმნით დასრულდა. ლუხუმ ჩხვიმიანმა, რომელსაც მსოფლიოს კონკურენციაში ფავორიტად ბევრი ქართველი გულშემატკივარიც კი არ მიიჩნევდა, თითქმის ყველა ფავორიტი პირადად დაამარცხა და მსოფლიოს ძიუდოს სამშობლოდან გადმოჰხედა. ქართველმა ჩემპიონმა შეჯიბრების დასრულებისთანავე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ის ხალხი მოიკითხა, ტოკიოში გამგზავრებამდე მას „ტურისტად“ რომ მოიხსენიებდნენ.

ჩხვიმიანისთვის 2019 წლის სეზონი ისეთი წარმატებული იყო, უკეთესს ვერც თავად ინატრებდა. 26 წლის ძიუდოისტმა წაუგებლად იჭიდავა სამივე უმთავრეს შეჯიბრებაზე: ევროპის ჩემპიონატზე, მეორე ევროპულ თამაშებსა და მსოფლიოს ჩემპიონატზე და წელი ოქროს ჰეთ-თრიქით დაასრულა.

ძიუდოში ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მსოფლიოს რეიტინგის მიხედვით თამაშდება და უკვე თითქმის გარკვეულია, რომ საქართველოს მამაკაცთა ნაკრები ტოკიოში სრული შემადგენლობით - შვიდი სპორტსმენით - გაემგზავრება.

ძიუდოისტების წლიური მონაგარის შეჯამებისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ ახალგაზრდული ნაკრების საოცარი შედეგი ევროპის ჩემპიონატზე - შვიდი წონიდან ხუთში ოქროს მედალს ქართველები დაეუფლნენ. ერთ წონაში კი ევროკონკურენცია სულაც ქართული ფინალით დაგვირგვინდა.

ახალგაზრდულ ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ლაშა ბექაური, რომელმაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ყველა კონკურენტს აჯობა. 19 წლის ბექაურმა წლის ბოლოს უფროსებშიც გაიბრწყინა - მსოფლიოს მასტერსზე იმარჯვა და მსოფლიოს რეიტინგში მოწინავე ათეულს მიუახლოვდა. ამ წარმატებების შემდეგ, ლაშა ბექაური ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2019 წლის აღმოჩენად დაასახელა.

ეთერის სიურპრიზები

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალია, ვინც ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 20 წლის ძიუდოისტმა ისტორიულ წარმატებას ოქტომბერში მაროკოში მიაღწია, მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე.

წლეულს ქართულ ძიუდოში კიდევ ერთი ისტორიული შედეგი დაფიქსირდა - ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს გოგონათა ნაკრებმა უკეთესად იჭიდავა, ვიდრე ვაჟთა გუნდმა. ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი გმირი ეთერ ლიპარტელიანი იყო, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. მის გარდა, ევროკონკურენციაში ასევე ყველას აჯობა მარიამ ჭანტურიამ.

ლიპარტელიანმა ასაკობრივ ნაკრებებში გასულ სეზონში ყველაფერი მოიგო. უკვე ჩამოთვლილ ტიტულებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროც უნდა მივამატოთ.

უკონკურენტო გოლიათი

თანამედროვე მსოფლიოს ძალოსნობის სუპერვარსკვლავი ლაშა ტალახაძე ლაღად აგრძელებს ტიტულების გროვებას. იგებს აბსოლუტურად ყველაფერს, რისი მოგების სურვილიც აქვს. ატაცსა და აკვრაში სამ-სამი ცდიდან პირველივე ჰყოფნის ოქროს მედლის გასანაღდებლად, შემდეგი ცდებით კი, უბრალოდ, სიამოვნებას ანიჭებს ყველას, ვინც უყურებს.

2019 წლის სეზონს 25 წლის მძიმეწონოსანი ოლიმპიური და ევროპისა და მსოფლიოს სამ-სამგზის ჩემპიონის რანგში შეხვდა. ისევ გამოვიდა ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე და, რა თქმა უნდა, კიდევ გაიმდიდრა ოქროს კოლექცია. ორივე შემთხვევაში ცალკეულ მოძრაობებშიც და ორჭიდშიც ჩემპიონი გახდა და გააუმჯობესა მსოფლიოს რეკორდები, რომლებიც, რა თქმა უნდა, თავადვე ეკუთვნოდა.

„სპორტსმენი, რომლის შესაძლებლობებსაც ზღვარი არ უჩანს“ - ასე დაახასიათა ლაშა ტალახაძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა, აპრილში, ბათუმში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. მაისში კი ტალახაძე, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგად, ზედიზედ მეორედ დასახელდა წლის საუკეთესო ძალოსნად.

ევროპული თამაშები

ევროპის არაოფიციალური ოლიმპიადა - ასეც უწოდებენ ევროპულ თამაშებს, რომელიც პირველად 2015 წელს გაიმართა ბაქოში, მეორე თამაშებს კი წლეულს, ზაფხულში, მინსკმა უმასპინძლა.

პროგრამაში სპორტის თხუთმეტი სახეობა იყო შეტანილი. აქედან ერთი არაოლიმპიური, სამბო, და ერთიც მომდევნო ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი - კარატე. განსხვავებული ფორმატით ჩატარდა კალათბურთის შეჯიბრებაც - ჩემპიონ-პრიზიორები სამი სამზე კალათბურთში გამოვლინდნენ.

საქართველო კონკურენციაში სამოცდაერთი სპორტსმენით ჩაება სპორტის თერთმეტ სახეობაში და საერთო გუნდურ ჩათვლაში ორმოცდაათ ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა, 6 ოქროს, 10 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედლით.

ქართული დელეგაციის წევრთაგან ყველაზე შედეგიანად სამბისტები გამოვიდნენ. ექვსი ოქროს მედლიდან ოთხი სწორედ მათ მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ: ვახტანგ ჩიდრაშვილი, ლევან ნახუცრიშვილი, დავით ლორიაშვილი და ბექა ბერძენიშვილი. ამ სამბისტების გარდა, ბელარუსიდან ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ ძიუდოისტები ლუხუმ ჩხვიმიანი და გურამ თუშიშვილი.

ევროპული თამაშების დასრულებიდან ოთხ თვეში საქართველოს დელეგაციის მინსკის მონაგარს კიდევ ერთი ოქრო დაემატა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბელარუსი მძიმეწონოსანი კირილ ხრიშანკა დოპინგზე ჩავარდა და დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ჩემპიონად კი ფინალში წაგებული იაკობ ქაჯაია გამოცხადდა. ამ შედეგის გათვალისწინებით, საქართველოს შვიდი ოქროს მედალი დაუგროვდა, გაუსწრო გერმანიას და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეექვსე ადგილზე აინაცვლა.

ოქრო-ვერცხლები დოჰას ქვიშიდან

„ქვიშის მსოფლიო თამაშები“ - ასე ეწოდება სპორტულ ღონისძიებას, რომელსაც საფუძველი 2019 წელს ჩაეყარა. კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულმა თამაშებმა სპორტის თოთხმეტი დისციპლინა გააერთიანა. მათ შორის იყო ქვიშის ჭიდაობა - ერთადერთი სახეობა, რომელშიც საქართველომ მონაწილეობა მიიღო. დებიუტი კი ისეთი გამოვიდა, ყველა რომ ინატრებდა.

ქვიშაზე ოთხი ქართველი გავიდა და ოთხივემ მედალი მოიპოვა. ლევან ქელეხსაშვილი და დავით ხუციშვილი ჩემპიონები გახდნენ, დავით მარსაგიშვილმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, მამუკა კორძაიამ - მესამე.

ტოკიოს პირველი ლიცენზია

ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. კიდევ უფრო შთამბეჭდავი კი ისაა, რომ ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ზედიზედ მეცხრედ გამოვა ოლიმპიადაზე, რაც საქართველოში საუკეთესო მაჩვენებელია.

ნინო სალუქვაძე წლეულს 50 წლის გახდა. ოლიმპიურ თამაშებზე პირველად 1988 წელს გამოვიდა, 19 წლის ასაკში, და ოქროსა და ვერცხლს დაეუფლა. 2008 წელს კი პეკინში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

გასულ სეზონში ნინო სალუქვაძემ ყურადღება კიდევ ერთი წარმატებით მიიპყრო - მინსკის ევროპულ თამაშებზე ვაჟთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მეცხრედ ოლიმპიურ თამაშებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:09 0:00

ქართული სენსაცია ფიგურულ ციგურაობაში

2019 წლის ბოლოს საქართველომ სპორტის ზამთრის სახეობებში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ფიგურულ ციგურაობაში იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ იუნიორთა გრან პრის ფინალურ ეტაპზე წყვილებს შორის ჩემპიონი გახდა დუეტი საქართველოდან - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.

ქართულმა წყვილმა საუკეთესო შედეგი აჩვენა როგორც რიტმულ, ისე თავისუფალ პროგრამაში და გაუსწრო ამერიკელ და რუს მოციგურავეებს.

გრან პრის სერიები ციგურაობის საერთაშორისო კავშირის (ISU) ეგიდით შვიდ ეტაპად ჩატარდა და, საერთო შედეგებით, ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება ექვსმა საუკეთესო წყვილმა მოიპოვა. რევია-კაზაკოვას დუეტმა ორ ტურნირზე მიიღო მონაწილეობა. ლატვიის გრან პრიზე მეორე ადგილზე გავიდა, ხორვატიის გრანპრიზე - პირველზე.

გორგოძის დაბრუნება და ჰეიგის დამშვიდობება

ქართულ სპორტში სათამაშო სახეობებისთვის 2019 წელი შთამბეჭდავი არ ყოფილა. შედარებით დასამახსოვრებელი სეზონი ჰქონდათ მორაგბეებს. საქართველოს ნაკრებმა მეთერთმეტედ იმარჯვა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რაც არც არავის გაჰკვირვებია.

შემდეგ იყო სეზონის უმთავრესი ტურნირი, მსოფლიოს თასი, რომლის დაწყებამდეც ქართველმა ქომაგებმა ერთი მოულოდნელი ამბით გაიხარეს - ბორჯღალოსნებს დაუბრუნდათ ლეგენდარული კაპიტანი მამუკა გორგოძე.

მსოფლიოს თასზე ნაკრების გამოსვლას საამაყოს ვერ დავარქმევთ. მილტონ ჰეიგის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ურუგვაის მოუგო (33:7). დამარცხდა უელსთან (14:43), ფიჯისა (10:45) და ავსტრალიასთან (8:27) და ქვეჯგუფში ბოლოსწინა - მეოთხე ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ თანამდებობა დატოვა საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და ბორჯღალოსნებს მომავალი სეზონისთვის ახალი თავკაცი ეყოლებათ. ვინ დაიკავებს ჰეიგის ადგილს, სავარაუდოდ, იანვარ-თებერვალში გაირკვევა, ოღონდ იქამდე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გველის.

2019 წელს ერთი ისტორიული სარაგბო მატჩიც გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა პირველად უმასპინძლა პირველი დონის ეროვნულ ნაკრებს, შოტლანდიას. 31 აგვისტოს „დინამოარენაზე“ გამართული თამაში სტუმართა გამარჯვებით დასრულდა 44:10.

ეროვნულ ნაკრებზე გაცილებით წარმატებული სეზონი ჰქონდათ ასაკობრივ სარაგბო ნაკრებებს. 20-წლამდელებმა ზედიზედ მეხუთედ შეინარჩუნეს ადგილი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 18-წლამდელები კი ზედიზედ მეორედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები.

ორი ნაბიჯი ევროპამდე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ისტორიულ საგზურს ორი საშინაო შეხვედრის მოგება აშორებს, ოღონდ ეს ჯერ კიდევ 2018 წელს გაირკვა, როდესაც ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა უეფას ერთა ლიგაზე ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა.

წლეულს ქართველ ფეხბურთელებს ჰქონდათ შანსი ევროსაგზური ოფიციალურ შესარჩევ ტურნირზე მოეპოვებინათ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა - ხუთგუნდიან ჯგუფში მხოლოდ გიბრალტარს აჯობეს.

საქართველოს საფეხბურთო კლუბებმა, წინა წლების მსგავსად, ისევ ჩააფლავეს საკლუბო ევროსეზონი.

და მაინც, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი მომავალს ოპტიმიზმით უყურებს. იმედის საფუძველიც არსებობს, თან საკმაოდ მყარიც. 20 მარტს ერთა თასის პლეი ოფის ნახევარფინალში ვაისის შეგირდები თბილისში ბელარუსის ნაკრებს დაუხვდებიან. თუ აჯობებენ, 31 დეკემბერს ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი მატჩი გველის ისევ საქართველოში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს წყვილში გამარჯვებულ ნაკრებთან.

ბითაძე - ამერიკაში, ევრობასკეტი - საქართველოში

ქართულ კალათბურთში 2019 წელს ყველაზე დასამახსოვრებელი ორი ამბავი იყო. პირველი ის, რომ საქართველოს ნაკრების წევრმა გოგა ბითაძემ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გააგრძელა საკლუბო კარიერა, მეორე სასიხარულო ამბავი კი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძლად თბილისის დასახელებაა.

ივნისში 19 წლის ბითაძე NBA-ის დრაფტზე „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია მეთვრამეტე ნომრად. ქართველ ცენტრს საკმაოდ კარგი სტარტიც ჰქონდა, მაგრამ, გუნდში არსებული დიდი კონკურენციის გამო, ჯერჯერობით ამაოდ ველით „ინდიანას“ მწვრთნელისგან გოგასთვის საკმარისი სათამაშო დროის მიცემას.

რაც შეეხება 2021 წლის ევრობასკეტს, საქართველომ უმნიშვნელოვანესი შეჯიბრების მასპინძლის სტატუსი ხუთი თვის წინ მოიპოვა - ივლისში მიუნხენში, კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციის ბორდის სხდომაზე, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ჩატარების მსურველი შვიდი ქვეყნიდან ფიბამ არჩევანი ოთხზე შეაჩერა. გამოცხადდა, რომ ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები საქართველოში, გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთში გაიმართება, ჯგუფური ეტაპის მატჩების დასრულების შემდეგ კი შეჯიბრება მხოლოდ გერმანიაში გაგრძელდება.

ბორდის სხდომას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ თბილისი უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებას უმაღლეს დონეზე უმასპინძლებს. პარალელურად კი, დამსწრეთ სპეციალური ვიდეორგოლიც აჩვენეს, საქართველოს შესახებ. მიუნხენის ქართულ დელეგაციაში იყვნენ ასევე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია.

მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი, მოლოდინისამებრ, საქართველოს ნაკრების გარეშე ჩათამაშდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საბერძნეთთან სტუმრად და ესტონეთთან თბილისში განცდილი მარცხებით დაასრულა. წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი ისევ საკადრო პრობლემები იყო. ფიბასა და ევროლიგას საერთო ენის გამონახვა არაფრით გამოსდით და, შედეგად, საქართველოს ნაკრებს ევროლიგაში მოთამაშე ქართველი კალათბურთელების გარეშე უწევს საერთაშორისო მატჩების ჩატარება.

აქვე ერთი დასამახსოვრებელი საკალათბურთო ამბავიც: აგვისტოში საქართველოს ლეგენდარული დირკ ნოვიცკი ესტუმრა. NBA-ის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი უცხოელი მოთამაშე თბილისში ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის აღსაზრდელებს შეხვდა.

დირკ ნოვიცკი საქართველოშია
please wait

No media source currently available

0:00 0:02:53 0:00

ჰალკი

2019 წლის საამაყო გამარჯვებებს შორის აუცილებლად გასახსენებელია ლევან საგინაშვილის მიერ მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელის ტიტულის მოპოვება. ევროპის ექვსგზის და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ქართველმა მძიმეწონოსანმა წლეულს უპრესტიჟულეს შეჯიბრებაში - „ტოპ 8“-ში - მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონობამდე ისე მივიდა, არც ერთ მეტოქესთან არც ერთი შეხვედრა არ წაუგია. მეოთხედფინალში 6:0 სძლია ამერიკელ ტიმ ბრესნანს. ასეთივე ანგარიშით აჯობა ნახევარფინალში ყაზახ კიდირგალი ონგარბაევს და ფინალში რუს ვიტალი ლალეტინს.

ქართველი „ჰალკი“ - მსოფლიოს უძლეველი ჩემპიონი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:39 0:00

წლის ამბები ბაშოდან - ტრავმები და უიღბლობა

ძალიან უიღბლო და ტრავმიანი წელი ჰქონდათ იაპონიაში მოჭიდავე ქართველ სუმოისტებს. ტოჩინოშინის მეტსახელით ცნობილმა ლევან გორგაძემ სეზონი ოძეკის რანგში გახსნა, მაგრამ, ბარძაყის კუნთის გაწყვეტის გამო, იანვრის ბაშოს მეხუთე ტურიდან გამოეთიშა და კადობანში ჩააყენეს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ბოლო შანსი მისცეს ოძეკის წოდების შასანარჩუნებლად. ამისთვის ლევანს მარტის სუპერტურნირი კაჩი-კოშით (დადებითი ბალანსით) უნდა დაესრულებინა - თხუთმეტი ბრძოლიდან მინიმუმ რვა უნდა მოეგო. ქართველ სუმოისტს პროგრამა მინიმუმამდე ერთადერთი ქულა დააკლდა და სეკივაკედ ჩამოქვეითდა.

მაისის ბაშოზე ტოჩინოშინმა ზუსტად ის შედეგი დააფიქსირა, რომელიც ოძეკის წოდების დასაბრუნებლად სჭირდებოდა - ათი გამარჯვება მოიპოვა. იმ სუპერტურნირზე დიდი განსჯის საგანი გახდა ორი შეხვედრა. პირველი, რომელშიც ლევანს მსაჯების შეცდომის გამო უსამართლოდ ჩამოართვეს გამარჯვება და მეორე, - შეხვედრა იოკოძუნა კაკურიუსთან, - რომელშიც ლევანმა მეტოქეს ჰენკათი (ბრძოლისთვის თავის არიდებით) მოუგო.

სუმოს იერარქიის მეორე საფეხურზე დაბრუნებული ქართველი გოლიათი ივნისში საქართველოში ჩამოვიდა, გულშემატკივრებს შეხვდა და წარმატებაზეც და ჰენკაზეც გულახდილად ისაუბრა.

ივლისის ბაშო ტოჩინოშინისთვის ისევ ხანმოკლე აღმოჩნდა. მუხლისა და მხრის ტრავმებს ხუთი ტური ებრძოდა, შემდეგ კი ტურნირს გამოეთიშა და სექტემბრის ბაშოს ისევ კადობანით შეხვდა. ჯანმრთელობამ ლევან გორგაძეს არც შემოდგომაზე დააცადა ჩვეულად ჭიდაობა და ოძეკის წოდებას მეორედ დაემშვიდობა. სეზონის ბოლო სუპერტურნირზე კი - ნოემბრის ბაშოზე - მეოთხე ტურში ნეკნი გაიტეხა და შეჯიბრებას ორი ქულით გამოეთიშა. 2020 წლის სეზონს გორგაძე რიგითი მაეგაშირას რანგში გახსნის.

გაგამარუდ წოდებულ თეიმურაზ ჯუღელს მძიმე ტრავმები სულაც სეკივაკეს წოდების დაკარგვად დაუჯდა. მუხლის ქრონიკული უმძიმესი ტრავმის გამო აქტიური სპორტული კარიერის შესაძლო დასრულების შესახებაც გავრცელდა ხმები, მაგრამ გაგამარუმ გადაწყვიტა კიდევ იბრძოლოს. იანვრის ბაშოს ჯუღელი რანგით მესამე მაკუშიტას დივიზიონში ხვდება.

სტაბილური, მაგრამ ტრავმიანი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2019 წლის დასაწყისში, პირველად კარიერაში, მსოფლიოს TOP 20-ში შეაბიჯა და თითქმის მთელი სეზონი სტაბილურად ინარჩუნებდა სარეიტინგო პოზიციას. ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება ივლისში იზეიმა - ზედიზედ მეორედ იზეიმა ჰამბურგის უპრესტიჟულესი ტურნირის ჩემპიონობა და მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩოგანიც გახდა.

სწორედ მეთხუთმეტე ადგილია ბასილაშვილის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი. ნოემბერში 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა და ახლა მსოფლიოს რეიტინგში ოცდამეექვსე პოზიციას იკავებს.

დაბოლოს

ახლახან ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთ უსიამოვნო ამბავსაც დაუკავშირეს. ევროპის რამდენიმე სპორტულმა გამოცემამ დაასახელა სპორტსმენები, რომლებიც ბოლო წლებში, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ უკანონო საჩოგბურთო გარიგებებში. ქართველი ჩოგბურთელი ამ ბრალდებას სწრაფადვე გამოეხმაურა. ბასილაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ მის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, გაუგებარ იტალიურ ვებგვერდებზე დაყრდნობით.

2019 წელს ქართულ სპორტში სხვა ბევრი უსიამოვნო ფაქტიც მოხდა. მათ შორის უცხოეთში ქართველი სპორტსმენების დაკავებები, ქურდობის ბრალდებით, ფიზიკური დაპირისპირებები და ხელჩართული ჩხუბები ქართულ ჭიდაობასა და ძიუდოში, წინასწარ გარიგებული მატჩები ქართულ ფეხბურთში...

წლის მთავარი სპორტული სკანდალი კი საქართველოსთან არაფერ კავშირშია, მაგრამ ქართველი სპორტსმენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ამბით, საერთაშორისო არენაზე წარმატების შანსი საგრძნობლად იზრდება. მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ რუსეთის დელეგაცია ოთხი წლით ჩამოაშორა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს და მსოფლიოს ჩემპიონატებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში, დოპინგთან დაკავშირებული სისტემური პრობლემების გამო.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG