Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ჰოროსკოპი რომ არსებობდეს


2023 წელი კატის წელია, ან კურდღლის - ჩინეთში ერთს ეძახიან, იაპონიაში - მეორეს. კიდევ დრუიდების ჰოროსკოპიც არის, კიდევ შუამდინარული თუ რაღაც მაგდაგვარი, აი, ქართული კი არ გვაქვს.

ჯერჯერობით შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ, მაგალითად, ასე:

ჯიხვი (იგივე ვერძი)

ჯიუტია და წელსაც ჯიუტი იქნება. პლანეტა მარსი მას ყოველთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს. აქციების დროს ჯერ რუსთაველის გამზირისკენ გარბის და მერე ფიქრობს რას აპროტესტებს. პოლიციელები იმდენად ხშირად აკავებენ, ხანდახან ავიწყდებათ, რომ დაპატიმრებულია და ისევ ხალხში ეძებენ გადაცმულები.

კვარაცხელიას ძროხა (იგივე კურო)

ეს ფეხებზე მკიდიაა, დილიდან-საღამომდე ჭამაზე ფიქრობს. ზოზინით, მაგრამ მაინც შემოუვლის ქვეყანას, რომ თვითონაც დანაყრდეს და ოჯახშიც რძე მიიტანოს. პოლიტიკა არ ადარდებს, თუმცა გზების გადაკეტვა ყველაზე კარგად მას ეხერხება. შუა ქუჩაში მისეირნობს და მანქანები როგორ გაივლიან?!

ზეზვა და მზია (იგივე ტყუპები)

ბედის ირონია - ერთხელ წაჰყვები კაცს ხმალკბილა ვეფხვის მოსაკლავად და შემდეგ მილიონ რვაასი წელი ჯერ მიწაში უნდა იდო მის გვერდით და მერე მუზეუმში. ისიც ვერ გამიგია, რატომ არის, რომ რაც უფრო ველურ ადამიანს აღმოაჩენენ შენს მიწაზე, მით უფრო დიდი კულტურა გაქვს?

ძაღლის კუდი (იგივე კირჩხიბი)

„კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს“, თქვა თავის დროზე აღმაშენებელმა და დღემდე ასეა. თბილისური საცობის არ იყოს, კირჩხიბი იმდენი ხანი მიდის წინ, გზაშივე უკან წამოსასვლელი ხდება. ანჩხლს და ბრაზიანს ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავი ჰყავს. ის საკუთარი თავიც ერთი არა, რამდენიმეა. აქედან სამს იცნობს, მეოთხეზე ეჭვი აქვს, რომ არსებობს, აი, მეხუთე კი თვითონვე ისე დამალა ბავშვობაში, ვერც თავად აგნებს და ვერც ახლობლები პოულობენ. საერთოდ რა საჭირო იყო ასეთი ადამიანიო, იტყვით. რას გაუგებ, ზოგს კიბო უყვარს, ზოგს - „კიბოს კისერი“.

ალოე ქოთანში (იგივე ლომი)

რატომღაც ყველა მიიჩნევს, რომ მას უამრავი კარგი თვისება აქვს, სურდოსაც არჩენს, წელკავსაც და უშვილობასაც. ამის გამო ყველა ოჯახში დევს ფანჯრის რაფაზე. ხანდახან ფოთოლსაც წაატეხენ ან ორ ფოთოლს, ვის რა სჭირს, იმის მიხედვით. მერე წაისვამენ, ჩაიწვეთებენ და დიდხანს ელოდებიან განკურნებას.

დიასახლისი (იგივე ქალწული)

მხოლოდ მან იცის, როგორ იყიდოს ისეთი ტანსაცმელი, ერთდროულად სახლშიც რომ ჩაიცმევა, სამსახურშიც და ოპერაშიც. ხუთ ლარად სამ თავ კერძს გააკეთებს, ლარი და ნახევარი ხურდაც დარჩება. მუდამ რაღაცას ალაგებს: სახლებს, ოფისებს, აზრებს, გეგმებს… ბავშვობაში სურდა შუქნიშანი გამოსულიყო და როცა მიხვდა, არ გამოუვიდოდა, ბევრი იტირა. ეს რომ დალაგებულ ქვეყანაში აცხოვრო, ალბათ მოწყენილობისგან მოკვდება, მაგრამ რადგან საქართველოშია, დიდხანს იცოცხლებს.

ორთავიანი დევი (იგივე სასწორი)

ეს წყვილის ფეისბუკივითაა, წერ ნიკოს და გპასუხობს ნანა. რომ დაქორწინდნენ, თავ-თავიანთი ფეისბუკპროფილები ორივემ გააუქმა და ახლა საერთო აქვთ, აქაოდა, ერთმანეთს ვენდობითო. თუ ენდობოდით, ცალ-ცალკე დარჩენილიყავით, მაგრამ არა, ორთავიანმა დევმა უკეთ იცის, თავი როგორ დაიბალანსოს. იცის ალბათ!

ტირისკონი (იგივე მორიელი)

ტირისკონი ძველად ნოემბერს ერქვა. სწორედ ამ თვეში იბადებიან მორიელები. აი, როგორი რთული გამოსათქმელიც სიტყვა „ფრთხილად“ არის უცხოელისთვის, ზუსტად ისეთი ხასიათი აქვს მორიელს - ფ, რ, თ, ხ... კიდევ კარგი, ნიჭიერები მაინც არიან, თორემ მაგათ რა აიტანდა. ასეთი ხალხია - თან უნდა უფრთხილდე, თან უნდა გაუფრთხილდე.

ყანწი (იგივე თხის რქა)

განსხვავებულია და უკომპრომისო. ეს რომ გამოდის ასპარეზზე, ვინც მანამდე ფეხზე იდგა, ისიც მოიცელება ხოლმე. წინა წლებში უმოქმედოდ იყო, აღსანიშნავი არაფერი გვქონდა, მაგრამ ახლა ზოგმა ოპტიმისტმა მაინც გააპრიალა სახელოთი. რა იცი რა ხდება, იქნებ, მეზობლად იმპერია დაიშალოს.

მოისარი (იგივე მშვილდოსანი)

წესით, ოლიმპიური ჩემპიონი უნდა იყოს, მაგრამ… თუ სხვაგან სახლში მობრუნებულმა კაცმა სპორტული შარვალი ჩაიცვა, სავარჯიშოდ წავა, ჩვენთან - დივანზე წვება. ხანდახან შეიძლება ადგეს და მართლა რაღაც გააკეთოს. შემდეგ ისევ მიესვენება და ორი კვირა ამაზე ილაპარაკებს, ჯერ ფხიზელი, მერე ძილში.

ზედა მეზობელი (იგივე მერწყული)

ეს განსაკუთრებით ახალი წლის დღეებშია სახიფათო, დალევს და წყალი მოშვებული დარჩება. სანამ შეამჩნევს, შეიძლება სოფელში წასვლაც მოასწროს და დაბრუნებულს ოთახში ჟინვალის წყალსაცავი დახვდება, შიგ მოცურავე თევზებით.

ძველი ჩექმა (იგივე თევზები)

ამბობენ, რომ თევზი-ადამიანი ზუსტად იმდენნაირი შეიძლება იყოს, რამდენი თევზის სახეობაცაა, ანუ ვეშაპიც და ქორჭილაც. თან ყველა მეთევზემ იცის, რომ ყველაფერი, რაც ანკესს წამოედება, თევზი არაა, ხანდახან ძველი ჩექმა, ველოსიპედის ბორბალი ან მანქანის ფარია. საინტერესოა, რა ამოჰქონდათ მეთევზეებს მტკვრიდან წინა საუკუნეებში, როცა მტკვარი ჯერაც გამჭვირვალე და ისეთი სუფთა იყო, რომ სვამდნენ, ალბათ კოკების ნამტვრევები, ქამარ-ხანჯლის ნაფლეთები, არღნის სახელური, ნამდვილი ფარი...

ვერცხლის ყარყატი

ეს ქართული ჰოროსკოპის მეცამეტე ნიშანია. მისი დრო როდის დგება, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ თვეში სამი დღე ვერცხლის ყარყატისაა და მაშინ განსაკუთრებული ხალხი იბადება. ფიქრობენ, რომ გოგებაშვილი, ჭავჭავაძე, ჩოლოყაშვილი და კიდევ ბევრი მათნაირი სინამდვილეში ვერცხლის ყარყატის ნიშნით გაჩნდა. ალბათ ასეა, ბუნებამ უკეთ იცის.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG