Accessibility links

ქართულ ოცნებას აშშ-ში Hogan Lovells-ი გაუწევს ლობირებას


საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, კონტრაქტი გააფორმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ-ბრიტანულ ლობისტურ კომპანია Hogan Lovells-თან.

შეთანხმებაში ქართულ ოცნებას წარმოადგენს პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

როგორც Hogan Lovells-ის მიერ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში 2020 წლის 8 თებერვალს შეტანილ სარეგისტრაციო განაცხადშია ნათქვამი, მომსახურების საგანია „აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება“.

Hogan Lovells-მა კონტრაქტს ხელი მოაწერა 2020 წლის 21 იანვარს. 30 იანვარს შეთანხმება მოწონებულია „ქართული ოცნების მიერ“, მას ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

როგორც სარეგისტრაციო განაცხადში ვკითხულობთ, „რეგისტრანტი (Hogan Lovells-ი) დაქირავებულ იქნა უცხოელი კლიენტის მიერ, რომელსაც ის უწევს კონსულტაციებს და მას წარმოადგენს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ასპექტების გასაძლიერებლად. ამ მიზნით რეგისტრანტის ამოცანაა იურიდიული ანალიზი, კონსულტაციები და სტრატეგიის შემუშავება უცხოელი კლიენტისთვის“.

სარეგისტრაციო განაცხადის თანახმად, რეგისტრანტი ასევე კლიენტს საჯარო ადვოკატირებას გაუწევს აშშ-ის ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენელთა წინაშე.

„რეგისტრანტი ითანამშრომლებს საქართველოს ხელისუფლების არჩეულ წარმომადგენლებთან, მათ შორის, პარლამენტის წევრებთან და შესაძლოა ინსტრუქციები მიიღოს მათგან“.

„მაგრამ“, აღნიშნულია განაცხადში, „[რეგისტრანტი] იმოქმედებს თავად პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ პირდაპირი მითითებით და კონტროლით“.

სარეგისტრაციო განაცხადი იუწყება, რომ Hogan Lovells-ის სერვისი პოლიტიკურ საქმიანობასაც შეეხება.

დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ კომპანიას აქამდე მსგავსი სამსახური არ გაუწევია ამ დამკვეთისთვის.

კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებაა თვეში 75 000 დოლარი.

იუსტიციის სამინისტროში შესულ განაცხადს ახლავს Hogan Lovells-ის წერილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახელზე. მასში მიმოხილულია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და გამოთქმულია იმედი, რომ კომპანიას მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ექნება მასსა და პარტიასთან.

წერილში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ საქმით დაკავებული იქნებიან კომპანიის წამყვანი თანამშრომლები - ნორმ კოლმენი, აივენ ზეიპიენი და აარონ კატლერი.

კოლმენი ყოფილი სენატორია, ზეიპიენი წარმომადგენელთა პალატასა და სენატში დემოკრატების შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი იყო, კატლერი კი ადრე წარმომადგენელთა პალატის ლიდერის, რესპუბლიკელ სენატორ ერიკ კანტორის წამყვან მრჩევლად მუშაობდა.

Hogan Lovells-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იურიდიული და ლობისტური კომპანიაა. 2017 წელს ის მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე იყო წელიწადში 2 მილიარდი დოლარი ბრუნვით.

ამ მომენტისთვის აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებულია ექვსი კომპანია, რომელიც ლობისტურ სამსახურს უწევს საქართველოს წარმომადგენლებს - ორი კონტრაქტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს გაფორმებული, თითო-თითო საქართველოს მთავრობას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული ლობისტური კომპანიები.
იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული ლობისტური კომპანიები.

„ქართული ოცნება“ ლობის დახმარებას მიმართავს აშშ-ის კონგრესში საქართველოს მთავრობის მიმართ მზარდი კრიტიკისა და ღია წერილებში „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით“ გამოწვეული შეშფოთების ფონზე.

29 იანვრით დათარიღებულ წერილში, სენატორები ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის, საპროტესტო აქციების „ძალადობრივი ჩახშობისა“ თუ ოპოზიციონერი ლიდერების „დევნის“ გამო. გავლენიანი სენატორები არ გამორიცხავენ, რომ თუ მთავრობა ვითარებას არ შეცვლის, აშშ-მა შესაძლოა საქართველოსთან პარტნიორობას გადახედოს.

მანამდე პრემიერ-მინისტრ გახარიას კრიტიკული წერილებით მიმართეს კონგრესმენებმა: ადამ კინზინგერმა, ჯერალდ კონოლიმ, ელიოტ ენგელმა, მაიკლ მაკკოლიმ. მათი კრიტიკა შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზებას; ამერიკული და ევროპული კომპანიების შევიწროებას საქართველოში; „ქართული ოცნების“ მიერ ფეისბუკის ყალბი ქსელის დაფინანსებას.

10 თებერვალს თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების ცნობასაც შეშფოთებისა და იმედგაცრუების განცხადებები მოჰყვა კონგრესის გავლენიანი წარმომადგენლებისგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG