Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პრაიდი არის თემის წევრების მიერ შეკრების თავისუფლების რეალიზაცია, რაც არის კონსტიტუციით დაცული უფლება"


ქეთევან შუბაშვილი, საია-ს ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი
ქეთევან შუბაშვილი, საია-ს ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი

“ის ფაქტი, რომ დღეს თემმა უარი თქვა გამოხატვის თავისუფლებაზე, გარკვეული ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე და დღეს კონკრეტული გამოსვლა არ იგეგმება, ეს უკვე არის იმის მაჩვენებელი, რომ უპირველეს ყოვლისა საზოგადოების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა”, - ეუბნება ქეთევან შუბაშვილი, საია-ს ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი რადიო თავისუფლებას.

17 მაისს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნება ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე. „არ უნდა ხდებოდეს დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძვლებზე. ეს აკრძალვა მკაფიოდ უნდა იყოს ასახული კანონში და განხორციელებული პრაქტიკაში ჩვენს ყველა წევრ ქვეყანაში“, - განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა. ევროსაბჭო აგრეთვე ავრცელებს ე.წ. „ცისარტყელის რუკას“, რომელზეც 0-დან 100 ქულამდეა შეფასებული ევროპის ქვეყნებში ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა. საქართველოს 30% ერგო, რაც ექსპერტების შეფასებით, უფლებების კანონმდებლობაში ასახვით არის გაპირობებული. ასე ფიქრობს ქეთევან შუბაშვილიც:

„გარკვეულწილად, კანონმდებლობა მოწესრიგებულია, თუმცა, იმავე საკანონმდებლო დონეზე რჩება გამოწვევები, რადგან არის რიგი საკითხები, რომლებიც შეიძლება შეეხებოდეს ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობას, განსაკუთრებით, ტრანსგენდერ ადამიანებთან მიმართებით, რაც საჭიროებს რეგულირებას ამ ადამიანების ინტერესებზე მოსარგებად“.

რა ხდება კანონმდებლობის მიღმა?

„რეალობაში სხვა სურათი გვაქვს: პირველ რიგში აღსანიშნავია ძალადობის ფაქტები ამ ადამიანების მიმართ. ყოველწლიურად იმატებს სტატისტიკა. ძალადობა ხდება კერძო პირების მხრიდან, თუმცა შემდეგ პრობლემას წარმოადგენს ეფექტიანი გამოძიება. ამ მხრივ სტატისტიკა არის ძალიან დაბალი, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა გამოძიების ხარისხი და ეს არის გარკვეულწილად იმის შედეგიც, რომ შსს-ში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომელიც მონიტორინგს უწევს მათ შორის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებას, თუმცა, ამის მიუხედავად სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების რაოდენობა და ხარისხი არის ძალიან დაბალი“.

ქეთევან შუბაშვილი ლაპარაკობს ლგბტ+ თემის წარმომადგენლების მიმართ თავად სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე.

„დილის საუბრების“ სტუმარი გამოწვევად თვლის, თემის წარმომადგენლებს შორის სახელმწიფო უწყებების მიმართ დაბალ ნდობას:

„სათემო ორგანიზაციებისადმი ნდობა არის უფრო მაღალი, ვიდრე სხვა ორგანიზაციების მიმართ, თუმცა, სხვა ორგანიზაციებიც აწარმოებენ საქმეებს. ეს არ გვაჩვენებს სრულ სურათს, რა ხარისხითაც აწყდებიან უმცირესობები უფლებადარღვევებს“.

ქეთევან შუბაშვილი პრობლემებს შორის ასახელებს ლგბტ+ პირების დასაქმებას:

„ძალიან საგანგაშოა ტრანსგენდერი ადამიანების დასაქმების მხრივ ვითარება. ფაქტობრივად, ისინი ვერ საქმდებიან და ამის გამო უწევთ, რომ ჩართულები იყვნენ სექსსამუშაოში. უფლებადარღვევებსა და სამუშაოს ხელმისაწვდომობაზე დაბრკოლებებს მივყავართ იქამდე, რომ რეალურად ლგბტ+ თემი დღეს საქართველოში იდენტიფიცირდება როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ჯგუფი“.

რაც შეეხება ივნისში დაგეგმილ „თბილისი პრაიდს“, „დილის საუბრების“ სტუმარი მას განიხილავს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებად:

„რეალურად ეს არის თემის წევრების მიერ შეკრების თავისუფლების რეალიზაცია, რაც არის კონსტიტუციით დაცული უფლება, რომელსაც სხვადასხვა შემთხვევაში ვიყენებთ ყველანი.

ეს აქცია თემის წევრებისთვის არის საშუალება, საჯაროდ თქვან, რომ მათ აქვთ გარკვეული პრობლემები. რაც შეეხება ატრიბუტიკას, არავისთვის არის უცნობი, რომ დროშები და პოსტერები ყველა აქციაზე გამოიყენება. ლგბტ+ თემის წევრებისთვის ეს არის საშუალება, თქვან, რომ ისინიც არსებობენ, რომ მათ უფლებებსაც სჭირდება ყურადღების მიქცევა. ამ აქციებში ვმონაწილეობთ სხვადასხვა მხარდამჭერები და არა მარტო თემის წევრები. ეს აქცია არაფრით განსხვავდება სხვა აქციებისგან“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG