Accessibility links

ქერელი ბავშვები სკოლაში აღარ დადიან


27 იანვრის საპროტესტო აქციის შემდეგ მშობლებმა ბავშვების მერეთში გაშვებაზე უარი თქვეს.

მეორე დღეა, ქერელ ბავშვებს მშობლები პროტესტის ნიშნად მერეთის სკოლაში აღარ უშვებენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ქერეს მცხოვრებლებმა აცნობეს.

სოფელი ქერე საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს. სოფლის სკოლა გასულ წელს დაიხურა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ცნობით, შენობის ავარიულობის გამო სკოლაში ყოფნა ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. ქერელი ბავშვები მეზობელი სოფლის, მერეთის, სკოლაში გადაიყვანეს, ადგილობრივ მოსახლეობას კი შეჰპირდნენ, რომ ახალ სკოლას აუშენებდნენ. წელიწადზე მეტია, მათ ეს დაპირება ესმით, სოფელ მერეთის სკოლაში კი თვითონ მერეთის, გუგუტიაანთკარის, კოშკას, ზარდიაანთკარისა და ქერეს ბავშვები დადიან. როგორც მშობლები ამბობენ, მერეთის სკოლას გათბობის პრობლემა აქვს და ბავშვებს გაკვეთილები დერეფნებში უტარდებათ. 27 იანვრის საპროტესტო აქციის შემდეგ მშობლებმა გაციებული ბავშვების მერეთში გაშვებაზე უარი თქვეს. ისინი მერეთის სკოლის პირობებით უკმაყოფილო არიან და ხელისუფლებას სთხოვენ ქერეს სკოლის აშენებამდე ბავშვები ტყვიავის სკოლაში გადაიყვანონ. აქციაზე ისინი, სოფლისთვის მთის სტატუსის მინიჭების გარდა, სკოლისა და საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვდნენ.

ქერეში სკოლისა და საბავშვო ბაღის აშენების საკითხი ღიად რჩება - სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერ თქვეს, კონკრეტულად როდის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს, ქერელებმა ადრე გაცემული არაერთი დაპირება შეახსენეს, თავზარაშვილი კი თავს იმით იმართლებდა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის სიაში ჯერ ვერ ჩაჯდა ქერეს სკოლის საკითხი. მერი მხოლოდ იმის პირობას დებს, რომ სოფლისთვის მთის სტატუსის მინიჭება მალე გადაწყდება.

სკოლისა და ბაღისათვის შენობის პრობლემის მოგვარებისა და მთის სტატუსის გარდა, ქერელები საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყლის სისტემის მოწესრიგებასაც ითხოვენ. მათი თქმით, სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ქერე ხელისუფლებისგან მიტოვებულია. ამ მოთხოვნებით ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა. ისიც უნდა ითქვას, რომ სოფელი ქერე გასულ წელს დაისეტყვა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის თითქმის 80 პროცენტი განადგურდა. ადგილობრივი მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მაღალმთიანად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1 500 მეტრ სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.

სხვადასხვა მონაცემით, სოფელი ქერე ზღვის დონიდან 800-დან 1030- მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

„მაღალმთიანი რეგონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, 2016 წლის 1 იანვრიდან მთის სტატუსის მქონე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებნი საგადასახადო და სოციალური შეღავათებით სარგებლობენ, მეწარმე სუბიექტები კი გადასახადისგან თავისუფლდებიან. მაღალმთიან რეგიონებში საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა კანონის მიღებიდან 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ადგილობრივი ხელისუფლება ქერეს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ჰპირდება, რომ მათი პრობლემების შესახებ ცენტრალურ ხელისუფლებას აცნობებსდა ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაცსოფელში გაზაფხულიდან დაიწყება. ისიც ცნობილი გახდა, რომ მერეთის სკოლაში გათბობის პრობლემის მოგვარება უკვე დაიწყეს და მშობლებიც ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ გაუშვებენ ბავშვებს მერეთის სკოლაში.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG