Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა


ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიამ საკუთარი ტელე და რადიოარხების მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა და ასეთი ფორმით გამოხატა „პროტესტი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცდილობს ქალაქი და რეგიონი ტელევიზიისა და რადიოს გარეშე დატოვოს“.

„დღეს TV4 -ის მუშაობის მთავარ პრინციპს საფრთხე დაემუქრა. ჩვენ ვემიჯნებით გარკვეული ძალების სურვილს, ჩაერიონ არხის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაში“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 26 მარტს ტელერადიოკომპანიის სატელვიზიო არხ TV4-ის საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში გავრცელდა.

რუსთავი ერთადერთი თვითმმართველი ქალაქი იქნება ტელევიზიისა და რადიოს გარეშე.

სამაუწყებლო კომპანია მადლობას უხდის „ერთგულ მაყურებელს და ყველას, ვისაც სჯერა, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს საკუთარი არხი“.

“განსაკუთრებულად მადლობას ვუხდით ჩვენი ქალაქის მერს, ბატონ ირაკლი ტაბაღუას, რომ მაუწყებლობის შეჩერების ფაქტი სწორედ მისი მერობის პერიოდში დაფიქსირდა. რუსთავი ერთადერთი თვითმმართველი ქალაქი იქნება ტელევიზიისა და რადიოს გარეშე”, აცხადებს სამაუწყებლო კომპანია, რომელიც 1998 წელს გაიხსნა.

ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის დირექტორმა გიგი მგალობლიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მაუწყებლობას, სავარაუდოდ, ერთ კვირაში განაახლებენ. ამდენად, თანამშრომლები - 35 ადამიანი - ტელევიზიაში რჩებიან.

მან არ დააკონკრეტა, თუ ვინ და რა მიზეზით ცდილობს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას და ტელევიზიისთვის მუშაობაში ხელის შეშლას.

ტელერადიოკომპანიის საკონტროლო წილს ფლობს გენერალური დირექტორის მამა, ბიზნესმენი როლანდ მგალობლიშვილი. რეგიონალური მაუწყებელი ახლახან რუსთავის მერიის მიერ საინფორმაციო მომსახურების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა და მისი კონკურენტი შპს ‘პალიტრა TV’ იყო.

ამასთან, კითხვაზე, მაუწყებლობის შეწყვეტის მიზეზი ხომ არ არის რუსთავის მერიის მიერ სატელევიზო და რადიომომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში არაფორმალური ჩარევის მცდელობა, გიგი მგალობლიშვილმა უპასუხა, რომ მათ ტენდერი მოიგეს და ტელერადიოკომპანიის პროტესტი ამას არ უკავშირდება.

„ყველაფერს ერთი კვირის შემდეგ საჯაროდ ვიტყვით“, - თქვა გიგი მგალობლიშვილმა. - “ჩვენ ვასრულებდით მედიატიორის როლს მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის. უმთავრესი მიზეზი ამ ტელევიზიის მუშაობისა და არსებობის მხოლოდ ეს იყო“.

ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის ტელემაუწყებლობა მოიცავს რუსთავს, გარდაბნის, მარნეულისა და, ნაწილობრივ, ბოლნისის მუნიპალიტეტებს. რადიოეთერი რუსთავსა და მის შემოგარენში ვრცელდება.

ტელერადიოკომპანიის საკონტროლო წილს ფლობს გენერალური დირექტორის მამა, ბიზნესმენი როლანდ მგალობლიშვილი. რეგიონალური მაუწყებელი ახლახან რუსთავის მერიის მიერ საინფორმაციო მომსახურების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა და მისი კონკურენტი შპს ‘პალიტრა TV’ იყო. ეს უკანასკნელი არასრული დოკუმენტაციისთვის ტენდერიდან მოიხსნა. ახლა სახელმწიფო შესყიდვა შეფასებით ეტაპზეა.

რუსთავის მერიას საინფორმაციო მომსახურებაზე რამდენიმე ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული: ტელე და რადიომაუწყებლობისთვის, ახალი ამბების სააგენტოსა და პრესისთვის, საერთო თანხით - 192 ათასი ლარი. აქედან მაუწყებლობისთვის 160 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, პრესისთვის 20 ათასი, ხოლო ახალი ამბების სააგენტოებისთვის 12 ათასი ლარი, რომელშიც ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს „ინფო რუსთავმა“ გაიმარჯვა. პრესის ნაწილში ტენდერში ადგილობრივი გაზეთი "რუსთავი" მონაწილეობდა. გაზეთი ტენდერის შედეგებს ელოდება, რომელიც 1 აპრილს გახდება ცნობილი. გარდა ამისა, მერია 5 ათასი ლარით დააფინანსებს ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსს".

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG