Accessibility links

ქსენოფობი პროკურორი და მისი მფარველი


თამარ მეარაყიშვილი

“ლენინგორის რაიონის პროკურორის” ალან კულუმბეგოვის ქსენოფობიურმა რეპლიკამ სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ფეისბუკ პოსტზე ბევრის ყურადღება მიიქცია. არანაკლები ხმაური მოჰყვა დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მცდელობას, მხარი დაეჭირა ქსენოფობი პროკურორისთვის, რითიც ის თავად გახდა კრიტიკის ობიექტი.

22 ივლისს საღამოს, სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა „ეხო კავკაზას“ მასალა, რომელიც იტყობინება, რომ “ლენინგორის რაიონის პროკურორმა” ალან კულუმბეგოვმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სასამართლომ უარყო მეარაყიშვილის მიმართ პროკურორის ბრალდება ცილისწამებისა და „სამხრეთ ოსეთის პასპორტის“ უკანონოდ მიღების შესახებ.

ამ პოსტზე ალან კულუმბეგოვმა დატოვა კომენტარი: „ო, მთელი ოსეთი ერთ სულელ სომეხს მიდგომია”.

სოციალური ქსელების ცხინვალელი მომხმარებლები ამ რეპლიკამ აღაშფოთა. საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა. სამოქალაქო აქტივისტს მხარი დაუჭირა იურისტმა თემურ კოკოითიმ. მან ფეისბუქზე დაწერა:

„ალან კულუმბეგოვო, იმის გათვალისწინებით, რომ შენ ხარ ლენინგორის რაიონის პროკურორი, კითხვა მაქვს: იდიოტი ხარ?“

განხილვაში ჩაერთო დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი.მან ქსენოფობი პროკურორი რატომღაც დაიცვა, თემურ კოკოითის არათავაზიანობის გამო უსაყვედურა, შემდეგ კი თამარ მეარაყიშვილს დაუწყო შეკითხვების დასმა, მართლაც სომეხია თუ არა.

სამოქალაქო აქტივისტის პირდაპირ შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა კულუმბეგოვის რეპლიკას შეურაცხმყოფელად და ქსენოფობიურად, ანატოლი ბიბილოვმა უპასუხა:

„სულელები ყველა ერს ჰყავს, ეს ფაქტია. ამისათვის არსებობს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში!“ ამაზე სამოქალაქო აქტივისტმა უპასუხა, რომ „პროკურორები არ სვამენ დიაგნოზს“.

​​ფეისბუკის მომხმარებელმა Alex Popovic-მა ბიბილოვს უსაყვედურა, რომ ისე იქცევა, თითქოს არ ესმის პროკურორის შეურაცხმყოფელი სიტყვების არსი და მის დაცვას ცდილობს.

„ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ქსენოფობია მაღალჩინოსნის პირიდან“ - წერს კომენტარებში აქტივისტი თემურ ცხურბათი და კულუმბეგოვს მიმართავს: „რის გამო შეურაცხყოფ თანამოქალაქეებს? ვინ მოგცა ასეთი უფლებამოსილება? და საერთოდ, სამუშაო დღეს, სამუშაო დროს აქ რას აკეთებ? რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრე - მოემზადე პროცესისთვის უზენაეს სასამართლოში და მათზე მიდი მაინც.“

საერთო ჯამში დიდი დისკუსია გამოვიდა. სულ 148 კომენტარით.

იურისტი თემურ კოკოითი ამბობს, რომ თანამდებობის პირების ასეთი ქცევა რესპუბლიკის დისკრედიტაციაა:

„ის თანამდებობის პირია, რომელიც პირდაპირ არის დაინტერესებული და ჩართული თამარ მეარაყიშვილის სასამართლო პროცესში. ის რაიონში კანონის დამცველია და ამასთან, რაიონის მცხოვრებთან მიმართებით ასეთ განსაზღვრებებს იყენებს. ამან აღმაშფოთა და ამიტომ დავუსვი ეს კითხვა. ასეთი ქცევა ჩვენი დისკრედიტაციაა. ბოლო დროს ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ ჩვენ რაღაც შოვინისტურ წარმონაქმნად ვყალიბდებით. თუმცა ასეთი მიზანი არ გვქონია, რომ გავმხდარიყავით სახელმწიფო, სადაც ადამიანებს ეროვნული ნიშნით განასხვავებენ. ცხინვალი ყოველთვის გამოირჩეოდა ინტერნაციონალიზმით, აქ ადამიანებს არ ყოფდნენ ეროვნული ნიშნით. იყო გაგება ნამდვილი ცხინვალელი - მეტი არაფერი.“

​თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ანატოლი ბიბილოვს მისი პოსტის ქვეშ მიმდინარე დისკუსიისთვის ყურადღება შემთხვევით არ მიუქცევია. ყოველთვის, როცა მისთვის მნიშვნელოვან მასალებს აქვეყნებს, „პრეზიდენტსაც“ უგზავნის, რათა პრობლემას მისი ყურადღება მიაპყროს. ასე იყო ამ შემთხვევაშიც:

„მე ხშირად ვახსენებ ანატოლი ბიბილოვს პუბლიკაციებში. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, როცა მისი ნათესავი, ასევე მამაკაცი, მემუქრებოდა, რომ ჩამოვა ლენინგორში და დამსჯის, თუმცა ჯერ კიდევ ვერ გავიგე რისთვის. ბევრჯერ გამიგზავნია პრეზიდენტისთვის მასალები, როცა საკუთარ ან რაიონის პრობლემებზე ვჩიოდი, მაგრამ განხილვაში მხოლოდ ახლა ჩაერთო და მრავალსაათიან დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რათა რაიონის პროკურორი დაეცვა. მე მაინც ვიტოვებ იმედს რომ გენპროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი შეაფასებს მისი ქვეშევრდომის საქციელს. თუ ის ჩემს საქმეში მონაწილეობს, ასე არ უნდა იქცეოდეს“.

სოციალურ ქსელებში ანატოლი ბიბილოვის და სხვა მაღალჩინოსნების აქტიურობას „სამხრეთ ოსეთში“ არაეთგვაროვნად აფასებენ. ეს არ მოსწონთ ძირითადად, უფროსი თაობის წარმომადგენლებს იმ მიზეზით, რომ სახელმწიფოს მეთაურს სოციალურ ქსელებში არაფერი ესაქმება. თუმცა, უმრავლესობა დადებითადაა განწყობილი - პრეზიდენტი ურთიერთობისთვის გახსნილია.

რუსი პოლიტოლოგის ნიკოლაი სილაევის აზრით, პატარა სამხრეთ ოსეთს მხოლოდ წაადგება ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მსგავსი კომუნიკაცია, რადგან საზოგადოებაში, სადაც ყველა ყველას იცნობს, რთული სოციალური იერარქიის შექმნა, სულ მცირე უცნაური იქნებოდა:

„ამის შემდეგ იწყება ის, რაც ყველას გველოდება. ერთხელ გამოქვეყნებულის სამუდამოდ წაშლა შეუძლებელია, რადგან ვიღაცას ასლი დარჩება. სოციალურ ქსელებში ანონიმურობა, ან დისტანცია მხოლოდ მოჩვენებითია და ადამიანი, რომელსაც უზრდელად მოექეცი, გვერდითაა. თუ სოციალურ ქსელებში ხარ, პოტენციურად მთელი ქსელი გხედავს. ეს თავად სოციალური ქსელების თვისებაა და თუ პოლიტიკური კომუნიკაცია სოციალურ ქსელში ინაცვლებს, ამ კანონებს ემორჩილება. ამისთვის ყველა მზად არ არის.“

„სანამ მზად არ არიან, შეუძლიათ თითქმის ტექნიკური ხასიათის თვითშეზღუდვას მიმართონ“ - მიიჩნევს ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა: „მოხელეებს სოციალურ ქსელებში ყველაფერზე რეაქცია არ უნდა ჰქონდეთ. რეაგირება მაშინ უნდა იყოს, როცა უშუალოდ მათ მიმართავენ. პასუხიც კორექტული უნდა იყოს, რათა თავი ცუდად არ წარმოაჩინონ. მეუხერხულება, როცა ვკითხულობ ზოგიერთ კომენტარს, რომელიც ამ ადამიანებს ღირსებას არ მატებს. ამიტომ საჯარო მოხელეები და თანამდებობის პირები ასჯერ უნდა დაფიქრდნენ, სანამ სოციალურ ქსელებში რაღაცას დაჯღაბნიან.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG