Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღამურად ქცეული ქალთევზა და დისნეის სტუდიის მორიგი მარცხი


“პატარა ქალთევზა” (2023, აშშ, რეჟისორი რობ მარშალი)

სასაცილოა! პირველ რიგში სასაცილოა და მერე უხერხული, დაიწუნო დისნეის სტუდიის ეს ახალი ნამუშევარი იმის გამო, რომ არიელს, ჰოლი ბეილის შესრულებით, ცისფერი თვალები და თეთრი კანი არა აქვს. ამაზე საერთოდ არ მინდოდა ყურადღების გამახვილება, მაგრამ ერთი კითხვა მაინც მაწუხებს - ვინ უთხრა ამ ხალხს, რომ არიელი თეთრკანიანი იყო? მართლა ისტორიული პერსონაჟი ხომ არ ჰგონიათ ანდერსენის ზღაპრის ეს გმირი? მერიდება კიდეც იმის გახსენება, რომ ქალთევზები რეალურ სამყაროში არ არსებობენ და კანის ფერი, სხვათა შორის, არც ზღაპრის ავტორს, ჰანს ქრისტიან ანდერსენს დაუკონკრეტებია. თუკი ქალთევზას ახალ ვერსიას 1989 წელს გადაღებულ პოპულარულ მულტფილმს ადარებთ, იმასაც შეეგუეთ, რომ ცხოვრება თქვენი ნებართვის გარეშე იცვლება (მაშინაც კი, როცა ცვლილებები არ მოგწონთ) და დისნეის სტუდიას სურდა შავკანიან ბავშვებსაც დაენახათ არიელში „თავისიანი“, მით უმეტეს, რომ ქალთევზას სახე ანდერსენს არ მოუგონებია (სადღაც დანიაში)... ეს სახე მრავალ კულტურაში არსებობს და ნამდვილად არ არის ევროპული კულტურის საკუთრება.

რასისტებთან დისკუსია გარკვეულწილად მომგებიანი გახდა ფილმის ავტორებისა და „პატარა ქალთევზას“ დამცველებისთვის, რომლებიც პოპულარული მულტფილმის რიმეიკის კომერციულ წარუმატებლობას უფრო მეტად რასისტულ აკვიატებას აბრალებენ და არაფრით უნდათ, აღიარონ - რობ მარშალისთვის, რომელმაც თავის დროზე სახელი გაითქვა „გეიშას მემუარებით“ და მიუზიკლით „ჩიკაგო“, ეს ახალი ფილმი სრული შემოქმედებითი მარცხია.

პოპულარული ფილმების რიმეიკებს, როგორც წესი, იმისთვის მიმართავენ, რომ კლასიკურ ორიგინალს მტვერი მოწმინდონ და დროის შესაბამისად გააცოცხლონ. ამიტომ გასაგებია, რატომ მოინდომა დისნეის სტუდიამ “Me too”-ს ეპოქაში არიელის გადაქცევა ემანსიპირებულ გოგონად, რომელსაც ამ სამყაროში არსებული ბარიერების გარღვევა უნდა და ჩვენგან განსხვავებულის შიშის დაძლევის სურვილი აქვს. სულ ცოტა ხნის წინ გილერმო დელ ტორომ მრავალჯერ ეკრანიზებული „პინოქიო“ გააცოცხლა. ესაა შესანიშნავი ინტერპრეტაცია. მხოლოდ იმიტომ არა, რომ დელ ტოროს ფილმი თანამედროვე სამყაროს ტკივილებს გამოხატავს. „პინოქიო“ არის ფორმის, სტილის, შინაარსის იდეალური ერთობლიობა. ის, რაც კატასტროფულად აკლია „პატარა ქალთევზას“.

რობ მარშალი სასოწარკვეთილად ცდილობს „ორი კინოს“ გაერთიანებას. ერთია ზღვის ფსკერი, სპეცეფექტებით და ციფრული სასწაულებით, მეორეა ის, რაც ზევითაა - ზედმიწევნით რეალისტური და ნამდვილი. ეს ორი სამყარო ვერანაირად ვერ თავსდება და მთელი ფილმი „ღამურას“ ემსგავსება - ნახევრად რეალისტურია და ნახევრად ჯადოსნური. უფრო სწორად, აღარც რეალისტურია და აღარც ჯადოსნური. დისნეის სტუდიის მიერ არჩეული „ზოორეალიზმი“ ინდივიდუალობას, სახიერებას უკარგავს პერსონაჟებს, რომლებიც ასე შეუყვარდა ყველას პოპულარულ მულტფილმში. სურათის გმირები კარიკატურულები გახდნენ (განსაკუთრებით სებასტიანი და ურსულა), დაკარგეს ხასიათები, ქარიზმა და ზღაპარი, უწინ ბავშვებს ოცნებას რომ ასწავლიდა, გადაიქცა მოღუშულ და ბნელ სანახაობად, რომელსაც არსებითად არც თავი აქვს და არც ბოლო.

უსიცოცხლო კომპიუტერული გრაფიკის სტატიკურობამ, რასაც კიდევ გაყინული, უმოძრაო მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები ემატება, ძალაუნებურად დასვა კითხვა - რაში და რატომ დახარჯა დისნეის სტუდიამ 200 მილიონი დოლარი, თუკი ორიგინალური მულტფილმის უხეირო ასლით დაკმაყოფილდებოდა და ჯადოსნურ ისტორიას ერთ ჩვეულებრივ ვიდეოთამაშს დაამსგავსებდა.

ზოგიერთი მაყურებელი, რომელიც ახალ „ქალთევზას“ წარუმატებლობად მიიჩნევს, აღფრთოვანებულია ჰოლი ბეილის თამაშით. რობ მარშალი, მუსიკალურობით ყოველთვის გამორჩეული თავის ფილმებში, ვერანაირად ვერ ახერხებს სწორედ მუსიკით მაინც მოაჯადოოს მაყურებელი. მაგრამ ისიც ვაღიაროთ, რომ ამ მომღერლის ხმა, მისი ვოკალური შესაძლებლობები მაქსიმალურადაა გამოყენებული. სხვა საქმეა, როგორ თამაშობს ბეილი თავის გმირს - საკმაოდ რთულ როლს თუნდაც იმიტომ, რომ არიელი ფილმში ბევრს არ ლაპარაკობს, ემოციების გამოხატვა უსიტყვოდ უხდება. მაგრამ მხოლოდ მიმიკით, მით უმეტეს გადაჭარბებულით, ხასიათს ვერ შექმნი. მხატვრულ და სტილისტურ ქაოსში, რომლითაც სცოდავს რობ მარშალის ფილმი, იკარგება მთავარი გმირიც. არადა, წესით, სწორედ არიელი უნდა გამხდარიყო იმ „ორი კინოს“ შემკვრელი, რომლის ყურებას გვაიძულებს ჰოლივუდი თითქმის ორსაათ-ნახევრის განმავლობაში.

დისნეის სტუდია ბოლო დროს მეტისმეტად გაიტაცა თავისივე ფილმების რიმეიკებმა. ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ სტუდიამ საერთოდ დაკარგა ახლის შექმნის უნარი და ძვირადღირებული, მაგრამ მხატვრული თვალსაზრისით იაფფასიანი კიტჩების კეთება დაიწყო. ჯერჯერობით თითქმის ყველა ეს ფილმი კულტურის მიტაცებას უფრო ჰგავს, ვიდრე საინტერესო მხატვრულ ნაწარმოებს, რომელსაც მართლაც რაღაცის შეცვლა შეუძლია ბავშვებში. მაგრამ მთავარი და შემაშფოთებელი აქ სხვა რამეა - კითხვა, რომელიც აუცილებლად დაიბადება, თუკი ახალ „ქალთევზაზე“ მოგწყინდებათ, ანდა საერთოდ ვერ დაასრულებთ მის ნახვას. განა საკმარისია აირჩიო „რასების ნარევი“ მსახიობი იმისთვის, რომ რასობრივი სტერეოტიპები დაანგრიო? ცუდი ფილმით, იმედია გაუაზრებლად, უფრო მეტად ხომ არ ვუწყობთ ხელს რასიზმის დამკვიდრებას და იმათზე უარესს ვაკეთებთ, ვინც ახალ „ქალთევზაში“ არიელის როლისთვის აფროამერიკელი მსახიობის არჩევას აპროტესტებს?

P.S

ჩემი რჩევა

თუკი დისნეის სტუდიის მორიგმა უხეირო რიმეიკმა შეგაწუხათ, წაუკითხეთ ბავშვებს ანდერსენის შესანიშნავი ზღაპარი - რატომაც არ უნდა იცოდნენ მათ, რომ სიხარული და სევდა მუდმივად თანაარსებობს ამ სამყაროში? მშობლებს კი შეუძლიათ ნახონ ერთი კარგი საბჭოთა ფილმი, თავის დროზე ყველა რეკორდი რომ მოხსნა მაყურებლის დასწრების თვალსაზრისით და რუსებისთვის დღემდე რომ კინოჰიტია - „ადამიანი-ამფიბია“ (1961). ძალიან საინტერესოდ აღიქმება ეს ფილმი ტოტალიტარული სისტემის და ეპოქის კონტექსტში. უცნაურიცაა, როგორ გამოუშვეს ეკრანებზე სურათი, რომელშიც დადებითი გმირი ტოვებს სახლს, დადებით გმირს რაღაცას უკრძალავენ (მამა უკრძალავს იხტიანდრს ოკეანის ზევით, ადამიანებთან ურთიერთობას), დადებითი გმირი აკრძალვას არ ემორჩილება და, რაც მთავარია, საბჭოთა ჰიტს არა აქვს ბედნიერი დასასრული - იხტიანდრი ისევ ოკეანეს უერთდება. რიმეიკი და ინტერპრეტაცია თუ გინდათ, აი, ესაა ინტერპრეტაცია და ესაა კინო, რომელიც ზუსტად გამოხატავს დროს, ისტორიას. და, სამწუხაროდ, ისევ ძალიანაც თანამედროვეა.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG