Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მამა მულტიმილიონერი ჰყავს - ვინ აპირებს სიმდიდრის შემოწმებას


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა 31 მარტს ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავისი მამის მრავალმილიონიანი ქონება აბსოლუტურად ლეგალურია.

„მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მამაჩემს ოფიციალურ საკუთრებაში აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა და ქონება“, - უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, 31 მარტს. მას არ დაუკონკრეტებია - თუ რა გზით დააგროვა მრავალმილიონიანი ქონება ტარიელ ღარიბაშვილმა, რომელიც საპენსიო ასაკშია.

„სხვადასხვა საშუალებით შექმნა“, - ასეთია განმარტება.

„ჩემს ოჯახს აქვს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, აბსოლუტურად კანონიერი, ლეგალური ბიზნესსაქმიანობა. ამის თაობაზე, თუ დაინტერესდებით, მე მზად ვარ, რომ მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, თუ საიდან აქვს მამაჩემს, რომელსაც მოიხსენიებთ როგორც პენსიონერს...“, - უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი მამისა და ზოგადად, ოჯახის სიმდიდრის შესახებ ინტერესი ახალი არ არის. შეკითხვები ისმებოდა ყოველ ჯერზე, როცა მშობლები ყოფილ პრემიერს დიდ ფულს, ანდა ძვირად ღირებულ სერვისებს უძღვნიდნენ.

ღარიბაშვილის ოჯახის შესახებ არაერთი ჟურნალისტური გამოძიებაა მომზადებული და დასმულია მრავალი უპასუხო შეკითხვა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი, ფლობს შპს „ქართული ფესვების“ 50-პროცენტიან წილს. მან კომპანიის ნახევარი, 2023 წლის თებერვალში, 200 ათას ლარად იყიდა. რეესტრის მიხედვით, კომპანიის საქმიანობის სფეროებია მევენახეობა, ღვინის წარმოება და რეალიზაცია (და სხვა).
2023 წელს ტარიელ ღარიბაშვილმა ახალი კომპანია - შპს „ღარიბაშვილის მარანი“ - დააფუძნა.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2024 წლის 23 მარტს განახლებული დეკლარაციის თანახმად, ტარიელ ღარიბაშვილმა 109 500 ლარი გადაიხადა ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟის თბილისიდან მიუნხენში კერძო რეისით ჩაყვანასა და უკან დაბრუნებაში. დამატებით, ოჯახის მოგზაურობა 20 000 დოლარი დაჯდა.

დეკლარაციის თანახმად, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, 2023 წელს, მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს.

ირაკლი ღარიბაშვილის ხელფასი გასულ წელს 45,1 ათასი ლარი იყო.

  • 2023 წელს, ოჯახური წვეულების ორგანიზება პრემიერის ოჯახს 15 000 ლარი დაუჯდა;
  • შვილების სწავლაში 42 900 ლარი გადაიხადეს;
  • სახელმწიფო ტყის სარგებლობისთვის კი - 6255 ლარი.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის დროს, მისმა ცოლმა, ნუნუკა თამაზაშვილმა, ბაკურიანში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5958 კვადრატული მეტრი ტყე 49-წლიანი სარგებლობის უფლებით მიიღო.

დეკლარაციაში არ ჩანს პრემიერის ძვირად ღირებული საათები, რომელთა შესახებაც რადიო თავისუფლებას ჟურნალისტური გამოძიება აქვს მომზადებული.

ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის ქონების დასაბუთებაზე - მედიის წარმომადგენლებმა, 31 მარტს, არაერთი შეკითხვა დაუსვეს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, რაჟდენ კუპრაშვილს, წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

მან თქვა, რომ ყოფილი პრემიერის 2022 წლის დეკლარაცია ბიურომ დადებითად შეაფასა, ხოლო 2024 წლის მარტში განახლებულ დეკლარაციაში ასახული ფაქტები წელს შეფასდება.

„ნებისმიერი გამოცხადებული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვადევნებთ თვალ-ყურს როგორც ჟურნალისტურ გამოძიებას, ასევე შემოსულ განცხადებებს და ინფორმაციებს. რაც შეეხება დეკლარაციას, ბატონ ღარიბაშვილის დეკლარაციაში წარმოდგენილია გარკვეული სახის ინფორმაცია, რომელიც შემოწმებას გაივლის მიმდინარე წელს“, - განაცხადა კუპრაშვილმა.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, საქართველოს კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. რაჟდენ კუპრაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დროს დაინიშნა.

საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციით, ობიექტურად მუშაობისთვის, ანტიკორუფციული ბიურო სრულიად დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს და მას პარლამენტი უნდა ირჩევდეს.

"რაც შეეხება ჩვენს თანაგუნდელებს, ყოფილ თანაგუნდელებს, ამ სპეკულაციურ განცხადებებში არ მინდა შემოვიდე", - ასე უპასუხა ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიის შეკითხვას - რატომ არ გამოიძია ანტიკორუფციულმა ბიურომ "ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების გამდიდრებასთან დაკავშირებული ეჭვები.

31 მარტს, ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა ანტიკორუფციული ბიუროს ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ამბიცია, კორუფციისგან თავისუფალი ევროპული ქვეყნების სამეულში მოხვდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG