Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღვარსადენის რეკონსტრუქცია სამწლიანი შუალედით


ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ, ასათიანის, ქუჩაზე სამი წლის წინ გაკეთებულმა სანიაღვრე არხმა არ ივარგა. თავის დროზე ამ სამუშაოებისთვის 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ქუთაისის მერიამ ასათიანის ქუჩაზე ღვარსადენებისა და ტროტუარების მოსაწყობად ახლახან გამოაცხადა 1 583 020 ლარის ღირებულების ტენდერი. განაცხადების მიღება 16 ნოემბერს დასრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, სამშენებლო კომპანიამ სამუშაოები უნდა დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში.

კილომეტრნახევრიან ასათიანის ქუჩაზე გზის საფარი 2014 წელს დაზიანდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორი კომპანია „ესემკას“ მიერ წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქციისას. სამუშაოები რამდენჯერმე და უხარისხოდ შესრულდა. ამჟამად გზის ნაწილი მოასფალტებულია, ნაწილი კი ისევ დაზიანებულია და ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნის:

„სამი წელია, ამ მდგომარეობაში ვართ. მანამდე კიდე უფრო აყრილი იყო გზა. შემდეგ მილები ჩასვეს, საიდანაც წყალი იქცეოდა. გადააფარეს ზემოდან, მაგრამ ისევ აყარეს და ასე გაუსაძლისი მდგომარეობაა, საშინელებაა, ფანჯრები მტვერს არ აკავებს სახლშიც“.

„დაპირება დაპირებად დარჩა. გაჩერებაზე დადგომა შეუძლებელია - როცა ქარია, მტვერით და ნაგვით ვივსებით“.

​ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ყურაშვილის, ინფორმაციით, ასათიანის ქუჩაზე ღვარსადენებისა და ტროტუარების მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაცია მერიამ მიმდინარე წელს ტენდერით შეიძინა კომპანია „პროექტისგან“. რეკონსტრუქციის პროექტის მიხედვით, ტროტუარებზე დაიგება ცემენტ-ბეტონის ქვაფენილი,ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შემოიფარგლება ნარგავები. ბექა ყურაშვილის განცხადებით, პროექტით გათვალისწინებულია წყალარინების სისტემის მოწყობაც, რადგან რამდენიმე წლის წინ გაკეთებული ღვარსადენები წყალს ვერ ატარებს და უხვი ნალექის დროს ქუჩა იტბორება:

„პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის რეკონსტრუქცია, ანუ სრულიად ახალი იქნება. რაც იყო, უვარგისია, შეიცვლება და, პროექტით, უნდა ჩაიდოს გოფრირებული მილი. ასევე, უნდა შეიცვალოს ბორდიურები და ფეხითსავალ ნაწილზე განთავსდეს ფერადი მილები“.

სამი წლის წინ ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული კომპანია, „სპეციალური სერვისები“, მუშაობდა. მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხით შარშან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა. წინასწარი ინფორმაციით, „სპეციალურმა სერვისებმა“, რომელმაც ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარი მიიღო, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა. რამდენიმე წლის წინ გაკეთებული ღვარსადენის ხელახალი რეკონსტრუქციის საჭიროების გამო, პაუხისმგებლობას შოთა მურღულიას, ქალაქის ყოფილ მერს, აკისრებს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი უკლება:

„მურღულიას „საქმენი საგმირონი“ კარგად გვახსოვს ჩვენ ლადო ასათიანის ქუჩაზე, რომელიც დაიწყო 2014 წელს და დღემდე არ არის დასრულებული. მურღულიას თაოსნობით ვერ მოხერხდა სანიაღვრეების მოწყობა და, მეტიც, ამ ფაქტზე საქმეა აღძრული პროკურატურაში“.

ბრალდებას არ იზიარებს ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია. მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ასათიანის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების სიმრავლის გამო ღვარსადენის სხვაგვარად მოწყობა შეუძლებელი იყო. მურღულიას ინფორმაციით, ასათიანის ქუჩაზე ღვარსადენების მოსაწყობად 2015 წელს ტენდერი გამოცხადდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა, თუმცა სამუშაოების დაწყებამდე კომპანიამ უარი თქვა სატენდერო პირობების შესრულებაზე, რადგან მიწისქვეშა კომუნიკაციები ზედაპირულად იყო განთავსებული და ტენდერით გათვალისწინებული 40 სმ-იანი მილების ჩაწყობა ვერ მოხერხდებოდა. შოთა მურღულიას განმარტებით, ამ მიზეზით კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა და სამუშაოს შესრულება დაევალა მერიას დაქვემდებარებულ „სპეციალურ სერვისებს“:

„ამის შემდეგ „სპეციალურმა სერვისებმა“ 30 სმ-იანი მილები ჩადო იქ გზის ორივე მხარეს, რომ წყლის გამტარიანობა გაზრდილიყო. მაქვს ინფორმაცია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩატარდა ექსპერტიზა და ღვარსადენი წყალს ატარებს. როგორ შეიძლება ღვარსადენმა წყალი არ გაატაროს? შეიძლება იმ რაოდენობის წყალი ვერ გაატაროს, რომელსაც გაატარებდა უფრო დიდი ღვარსადენი, მაგრამ ზოგიერთ ქუჩაზე ჩვენ უფრო პატარა ღვარსადენიც გვაქვს. „სპეციალურმა სერვისებმა“ თავისი ძალებით გააკეთა, თანამშრომლებმა იმუშავეს ხელფასის ფარგლებში, დღე და ღამე იშრომეს და მუშახელიც არ დაუქირავებიათ“.

ქუთაისის ყოფილი მერის, შოთა მურღულიასავე, განცხადებით, ასათიანის ქუჩაზე ღვარსადენის მოწყობის საქმეს, ერთი წელია, საგამოძიებო უწყება სწავლობს და ამ დრომდე არ დამდგარა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ზედმეტი თანხა არ დახარჯულა და სამუშაოები ნორმების დაცვით შესრულდა. ამასთან, შოთა მურღულიას არა აქვს პასუხი, თუ რატომ დასჭირდა სამი წლის წინ რეკონსტრუირებულ სანიაღვრე არხებს ხელახლა გაკეთება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG