Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყვარელში მევენახეების აქცია დასრულდა, საავტომობილო გზა გახსნეს

ყვარელში აქცია დასრულდა. გიორგი ალადაშვილის ფოტოები
ყვარელში აქცია დასრულდა. გიორგი ალადაშვილის ფოტოები

ყვარელში ყურძნის ფასით უკმაყოფილო მევენახეების აქცია დასრულდა, ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე აღდგენილია მოძრაობა, რომელიც თითქმის 24 საათის განმავლობაში იყო პარალიზებული.

აქციის მონაწილეები მთავრობის ახალი პირობებით უკმაყოფილო არიან, თუმცა ვინაიდან მოკრეფილი ყურძენი ფუჭდება, ისინი შეთავაზებულ პირობებს დათანხმდნენ.

ქარხანამ მოსავლის მიღება განაახლა

ღვინის ქარხანამ, „ყვარლის სარდაფი 2“, მოსავლის მიღება განაახლა.

ერთ-ერთი მევენახე, რომელმაც პროტესტის შემდეგ ჩააბარა ყურძენი, ახალსოფელში მცხოვრები ლია კინდიაშვილია.

„ჩემი ყურძნის სიტკბო 21,2 პროცენტია. კილოგრამში ლარ-ნახევარს გადამიხდიან. ეს რომ გუშინ ჩამებარებინა, ვფიქრობ, 17-ზე დაბალს მეტყოდნენ. ახლა ყურძენს გულისყურით სინჯავენ რამდენჯერმე. ვფიქრობ, ეს აქციის შედეგია”, – უთხრა რადიო თავისუფლებას მევენახემ.

ყვარელში მევენახეების საპროტესტო აქციების პასუხად, სახელმწიფომ ყურძნის ჩასაბარებელი ფასები შეცვალა და გაზარდა.
ყვარელში მევენახეების საპროტესტო აქციების პასუხად, სახელმწიფომ ყურძნის ჩასაბარებელი ფასები შეცვალა და გაზარდა.

აქცია დასრულდა

მიუხედავად იმისა, რომ აქცია დასრულდა, ადგილზე რჩებიან პოლიციის ეკიპაჟები მთელი კახეთიდან.

ღვინის ქარხანაში ასევე მივიდნენ კახეთში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

მევენახეები ყვარლის მუნიციპალიტეტში, - რომლის სოფლებშიც არის ჩამბარებელი პუნქტები, - ორი დღის განმავლობაში მართავდნენ აქციას და აპროტესტებდნენ ყურძნის ჩაბარების პირობებს - დაბალ შესასყიდ ფასს.

ფასი შეიცვალა

22 სექტემბერს, ნაშუადღევს, - პროტესტის მეორე დღეს, - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ გურჯაანში, რთვლის საკოორდინაციო შტაბში განაცხადა:

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება“.

„ვითვალისწინებთ რა იმ მოცემულობას, რომ წელს იყო უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, კონდიციურობის მიხედვით იქნება ახალი ფასები“, - განაცხადა მან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG