Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყვარლის ორ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა


ყვარლის ორ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჯერ არ განახლებულა. სოფელ ალმატის ბაღი სარემონტოა. თანხა არის, მაგრამ ყველა ტენდერი ჩაიშალა. ბაგა-ბაღების გაერთიანებაში არ იციან, კონკრეტულად როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი. ამ დრომდე დაკეტილია ყვარლის პირველი ბაღიც. სამუშაოები, რომელიც 16 სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო, ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მშობლები უკმაყოფილო არიან. რა ბედი ელის 120-მდე ბავშვს?

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ამ დრომდე არ განახლებულა. ბაღი სარემონტოა. ჩამოშლილია კედლები, დაზიანებულია სახურავი და იატაკი. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა რამდენიმე თვის წინ კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს სამზარეულოშიც. ალმატის ბაღის აღმზრდელები ამბობენ, რომ უკვე ორი წელია, ბაღის რეაბილიტაციას ჰპირდებიან, თუმცა საქმის კეთება ამ დრომდე არავის დაუწყია.

გარედან შემოდის სისველე. როცა წვიმს, ოთახები შიგნითაც სველდება. ჭერიც დაზიანებულია და რომ რამე ჩამოვარდეს და ბავშვს დაეცეს, საშიშია. საწოლებიც დანესტილია და ყოველდღე გაშრობა სჭირდება. ორი წლის წინაც იყვნენ და წელსაც მთავრობის წარმომადგენლები, სურათებიც გადაიღეს და ჩვენც ვესაუბრეთ, მაგრამ ისევ იმ მდგომარეობაშია ბაღი, როგორც იყო. არაფერი არ გაკეთებულა“.

სოფელ ალმატის საბავშვო ბაღში პრობლემების არსებობას აღიარებენ ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბაგა-ბაღების გაერთიანებაში. ფულიც აქვთ იმისთვის, რომ ბაღი გარემონტდეს, მაგრამ, როგორც ირკვევა, ტენდერის იმგვარად ჩატარებას ვერ ახერხებენ, რომ გამარჯვებული სამშენებლო კომპანია გამოავლინონ და მუშაობა დაიწყოს. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ზაზა ზაუტაშვილი ამბობს, რომ ტენდერი უკვე რამდენჯერმე ჩაიშალა და ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა, თუმცა, ზაუტაშვილისავე თქმით, ტენდერების ჩაშლის შემდეგ ერთ პირთან მოლაპარაკების მეშვეობით პროექტის შესყიდვა მოხერხდა. ახალი ტენდერი სამშენებლო კომპანიის გამოსავლენად მალე უნდა ჩატარდეს, თუმცა ამ პროცესს რომ, ყველაზე ცოტა, 4 თვე დასჭირდება, ამაზეც თავად ბაღების გაერთიანებაში ლაპარაკობენ.

„უახლოეს მომავალში გამოცხადდება ახალი ტენდერი, რის შემდეგაც კაპიტალურად გაკეთდება ეს ბაღი. ამჟამად ამ ბაღის აღსაზრდელებს უწევთ სიარული იძულებით სხვა 2 საბავშვო ბაღში. ბავშვები არიან გადანაწილებული გრემისა და საბუის ბაღებში.ზაფხულში ვერ მოხერხდა ბაღის გარემონტება, რადგან ჩვენ ზაფხულში ვისვენებთ და 16 სექტემბერს განვაახლეთ მუშაობა. ახალი პროექტი იქნება 4-თვიანი და ამ 4 თვის განმავლობაში უნდა მოესწროს ბაღის რეაბილიტაცია.

ყვარელში ალმატის ბაღი არ არის ერთადერთი, სადაც სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა. ყვარლის N 1 ბაღის სრული რეაბილიტაცია, რომელიც 2019 წლის აპრილში დაიწყო, ამ დრომდე მიმდინარეობს. არადა, გეგმის მიხედვით, ბაღი 15 სექტემბრისთვის უნდა გახსნილიყო. 100-მდე აღსაზრდელი ახლა სხვადასხვა ბაღშია გადანაწილებული. ერთ-ერთი მშობელი სოციალურ ქსელში წერს, რომ იმ ბაღში, სადაც მისი შვილი დადის, არ აქვთ საკმარისი საწოლები და ბავშვებს მაგიდებზე აძინებენ:

„ასე მხოლოდ ყვარელში ხდება, თუ სხვაგანაც? ბაღს ხომ არ გვიხსნიან და ისიც ვერავინ გვითხრა, როდის გაიხსნება. სხვა ბაღში მივიყვანე ბავშვი და იქ მაგიდებზე სძინავთ. ამბობენ, საწოლები არ გვაქვსო. ნუ, მაგიდაზე როგორ უნდა დაიძინოს ბავშვმა? ალბათ, ბიუჯეტი არ აქვს ყვარელს. არა, ხალხიც რომ ჩუმად არის?! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“.

ყვარლის პირველი ბაგა-ბაღის ხელმძღვანელი ეკა ჩიკვილაძე ამბობს, რომ, ბოლო ინფორმაციით, ბაღში სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება და, დაახლოებით, ამდენივე დასჭირდება შენობის დასუფთავებას, რის შემდეგაც სააღმზრდელო პროცესი განახლდება.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის საბავშვო ბაღში 20-მდე აღსაზრდელი ირიცხება, ყვარლის პირველ ბაღში კი 100-მდე. ყველა ახლა სხვადასხვა ბაღშია გადანაწილებული. აღსანიშნავია, რომ, ერთეული გამონაკლისების გარდა, კახეთში - განსაკუთრებით კი, სოფლებში - ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურა თითქმის ყველგან მოშლილია, რადგან შენობები ათწლეულების წინ, საბჭოთა მმართველობის დროსაა აშენებული.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG