Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაფერმა თავისი დრო მოჭამა


ავტორი: რატი აბულაძე - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

ვალუტის კურსი არის ის უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომლის პროფილი ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას. მასზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები, რომელთა შორის გამოვყოფ შემდეგს:

  • პოლიტიკური არასტაბილურობა და არაეფექტიანობა. ბოლო პერიოდში, კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად იმოქმედა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებულმა გარემომ. სამწუხაროდ, „სახელმწიფოებრივი დივიდენდების მოტანის“ ნაცვლად, პოლიტიკურმა მოცემულობამ ისევ ვერ აჩვენა ახალი ეკონომიკური ტალღის წარმოქმნის რესური, ახალი პოლიტიკური გუნდისა და ახალი პოლიტიკური კონსტრუქციის ფორმირების პოტენციალი. რაც საზოგადოების იმედგაცრუებასთან ერთად, სავალუტო ბაზარზე უარყოფითად აისახა;
  • ქვეყნის საგადასახდელო ბალანსი (ტრანსაქციები, ექსპორტი, იმპორტი). გაუფასურებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის ფაქტორი, რომ ქვეყანა ძალიან ბევრს ხარჯავს პროდუქტის, მომსახურების და „სპეციალისტების“ იმპორტზე. ყოველწლიურად, მხოლოდ პროდუქციის იმპორტის გამო 7-8 მლრდ დოლარი გაედინება ქვეყნიდან. აღურიცხავია უცხოური კომპანიების მომსახურებასა და უცხოელის სპეციალისტების დაქირავებაზე გაწეული საბიუჯეტო ხარჯების მოცულობა. ყოველივე აღნიშნული კი ქართულ ოჯახების შემოსავლების კლებასა და გაღარიბებას იწვევს;
  • სახელმწიფო ვალი. საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის განისაზღვრა 20.1 მლრდ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 15.7 მლრდ ლარი, ხოლო საშინაო ვალი − 4.4 მლრდ ლარი. ხაზგასასმელია, რომ დიდი სახელმწიფო ვალის პირობებში, ქვეყანა უცხოურ კაპიტალს ნაკლებად იზიდავს. ამასთან, ქვეყანა დიდი საგარეო ვალისა და მაღალი დოლარიზაციის პირობებში მოწყვლადია ფინანსური მოულოდნელობებისადმი (აღნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდი).
  • სავაჭრო პირობები და კონკურენტუნარიანობა. მცირეა იმ ქართული პროდუქტების რაოდენობა, რომელიც მიმზიდველი და კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზე. საექსპორტო პროდუქცია კაპიტალის შემოდინების წყაროა. (სამამულო ბაზარზე ქართული პროდუქციის დაცვა ცალკე პრობლემაა). ამასთან, არსებული მმართველობითი პროფილის პირობებში, სუსტია ეკონომიკური აქტივიზაცია, დაბალია კაპიტალდაგროვების შესაძლებლობა, პოპულისტურია პოლიტიკური მიდგომები.

აღსანიშნია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონის პირველ პროექტში (საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“) გაცვლითი კურსი დაანგარიშებული იყო 1 აშშ დოლარი - 2.63 ლარი. გადამუშავებულ ვარიანტში, კი კურსი დაანგარიშდა 1 აშშ დოლარი - 2.70 ლარი. ამასთან, ყურადღება გამახვილებულია სავალუტო კურსის ცვლილების შედეგად გამოწვეული მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების მინიმიზაციაზე. ამიტომ, აღნიშნული მონაცემი შეიძლება მივიჩნიოთ იმ მოცემულობად, რაც ეროვნული ვალუტის პორტრეტს ასახავს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანაში გვაქვს არა კვალიფიციური კადრების პრობლემა, არამედ მართვისა და მმართველი პირების მხრიდან კვალიფიციურ კადრებთან ურთიერთობის პრობლემა. რეფორმებისა და ცვლილებების გატარების ნაცვლად, ქართული პოლიტიკისათვის „უფრო იაფია“ ახალი და ენერგიული კადრების ჩაძირვა და ძველი კადრებით მარადიულად მართვა. თუმცა, მოგებაში არც პოლიტიკაა და არც ქვეყანა. ხოლო აღნიშნული ფონი „არღვევს“ ყველაფრის საზღვრებს (კურსის, ფასის, სახელმწიფო ტერიტორიის);

ფაქტია, რომ ყველაფერმა თავისი დრო მოჭამა. არსებითად შესაცვლელია პოლიტიკაც, მართვის რესურსიც, უწყებებიც, მუშაობის მოცემულობაც. ამასთან, ახალი პოლიტიკური რესურსი, ახალ და პროდუქტიულ ჰორიზონტებს წარმოაჩენს ქართული თუ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG