Accessibility links

site logo site logo

„ყველა ჩუქურთმა ერთი ფოტოთი აღვადგინე“ - "სერებრიანიკოვის აგარაკი" სოხუმში


სემიონ სერებრიანიკოვის ყოფილი აგარაკი აფხაზეთში

ავტორი: დარია პაპბა

სემიონ სერებრიანიკოვის აგარაკი, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა, როგორც კოშკის, ასევე თანამედროვე აგარაკის შტრიხებს ითავსებს. აფხაზეთში დღეს ეს შენობა ხარისხიანი და გააზრებული რესტავრაციის ნიმუშია.

მე-19 საუკუნის დასასრულისკენ სოხუმში, ბოტანიკური ბაღის გვერდით, რომელიც გენერალმა ნიკოლაი რაევსკიმ რამდენიმე ათწლეულით ადრე გააშენა, ორსართულიანი თეთრი სახლი ჩადგეს.

ისტორიკოსი ანზორ აგუმაა თავის წიგნში „ძველი სოხუმი“ ჰყვება, რომ ამ სახლის პატრონი შვედეთის ქვეშევრდომი, სამთო ინჟინერი სემიონ სერებრიანიკოვი იყო. შენობას სამსართულიანი კოშკი ამშვენებდა. მას ასევე ჰქონდა შემინული ერკერი (ფასადიდან გამოწეული ნაწილი, რომელიც განათების გასაზრდელად კეთდება).

1904 წელს შენობაში პანსიონი განთავსდა, ხოლო 1916 წელს, მას შემდეგ, რაც სემიონ სერებრიანიკოვმა ის სოხუმის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ადმინისტრაციას გადასცა, შენობაში მუზეუმი გაიხსნა. სახლს ერკერი მოანგრიეს, ფასადი დეკორებისგან გაასუფთავეს და მესამე სართული დააშენეს. შენობა მთლიანად შეიცვალა, ძველი ფუფუნებისგან კვალიც არარ დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ 1990 წელს შენობა ძლიერ დაზიანდა და შემდეგ წლებშიც ინგრეოდა, აქ ხალხს სამუშაოდ სიარული მაინც არ შეუწყვეტია. ყოფილი აგარაკი ბოტანიკურმა ინსტიტუტმა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა გაიყვეს.

2011 წელს შენობის აღსადგენად ახალგაზრდა აფხაზი არქიტექტორი თემურ ლომია მიიწვიეს:

„მე რომ მივედი, შენობა სავალალო მდგომარეობაში დამხვდა. საბჭოთა პერიოდში ჩუქურთმები მთლიანად მოხსნეს, ალბათ უნდოდათ, საბჭოთა კონსტრუქტივიზმი შეექმნათ. ყველაფერი გადააკეთეს. სამსართულიანი კოშკი ირყეოდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რესტავრაციის გარდა, იქ სერიოზული სამშენებლო სამუშაოებიც ჩატარდა“.

თემურ ლომია შენობის აღდგენაზე წელიწადის განმავლობაში მუშაობდა.

„ჩვენ მხოლოდ ის გვქონდა, რაც საბჭოთა პერიოდიდან დაგვრჩა. სრულიად გლუვი ფასადები, ყოველგვარი ჩუქურთმისა და დეკორატიული ელემენტის გარეშე. რესტავრაციისთვის მხოლოდ ერთი ფოტო გამაჩნდა, ანზორ აგუმაას არქივიდან. ამ ერთი ფოტოთი აღვადგინე შენობის ჩუქურთმები. არის ასეთი მეთოდი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს ფოტოს მეშვეობით აღადგინო ყველაფერი, ცდომილება შესაძლოა ერთი ან ორი სანტიმეტრი იყოს.

ჩვენ მთელი შენობა გავასუფთავეთ, აღვადგინეთ წინა აივნები და თაღოვანი სარდაფები. კოშკის სათოფურები ძველი ტექნოლოგიით, აგურისგან გავაკეთეთ. ყველაფერი ჩარჩოში ჩავსვით: ფასადის დეკორატიული ფანჯრები, კარები, სარდაფები, ღიობები... ანუ ფასადის დეკორატიული ელემენტების კუთხით სწორედ ის შენობა შევქმენით, რომელიც მე-19 საუკუნეში იყო. მაგრამ რაღაც-რაღაცების გაკეთება მაინც ვერ შევძელი. კაბინეტებისა და სათავსოების ნაკლებობის გამო, ადმინისტრაციამ ნება არ დამრთო, მომენგრია მესამე სართული, რომელიც საბჭოთა დროს დააშენეს, ასევე ვერ აღვადგინე აივანი, რადგან ეს პროექტს ძალიან აძვირებდა“.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG