Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთი დიდი დაპირისპირების ზღვარზე


ალმაზბეკ ატამბაევმა „განუკითხაობა“ უწოდა მის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დევნას.
ალმაზბეკ ატამბაევმა „განუკითხაობა“ უწოდა მის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დევნას.

ყირგიზეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის, მომხრეებმა პროტესტის ნიშნად ბეტონის ფილებით ჩახერგეს დედაქალაქ ბიშკეკთან ახლომდებარე სოფელ კოი-ტაშის შესასვლელი და, გავრცელებული აზრით, აპირებენ წინააღმდეგობის გაწევას, თუ სამართალდმაცველები შეეცდებიან ყოფილი პრეზიდენტი დააკავონ.

ოფიციალური ბრალდება

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს გენერალური პროკურატურის ბრალდებას ძალაუფლების უზურპაციის თაობაზე, რასაც სარწმუნოდ მიიჩნევენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრები.

უფრო ადრე 60 დეპუტატისაგან შემდგარმა ჯგუფმა ხელი მოაწერა პეტიციას ატამბაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ პრეზიდენტობის დროს კორუფციული დანაშაულისა და ხელისუფლების უზურპაციის ბრალდებით.

17 ივნისს პარლამენტში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ თავის სხდომაზე მოიწვია 2015-2017 წლებში მსჯავრდებული ის ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, რომლებიც თავს „ატამბაევის მსხვერპლს“ უწოდებენ.

თავად ყოფილი პრეზიდენტი ამ ბრალდებებს უარყოფს და კორუფციაში ადანაშაულებს ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს, სოორონბაი ჟეენბეკოვს, რომლის კანდიდატურასაც 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის დროზე ატამბაევი მტკიცედ უჭერდა მხარს.

მის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დევნას ატამბაევმა უწოდა „განუკითხაობა“ და განაცხადა, რომ „მის წინააღმდეგ იყენებენ ყველაზე ბინძური კორუფციული წარსულის მქონე პოლიტიკოსებსა და ყველაზე ამორალურ საინფორმაციო ტექნოლოგიებს“.

მაისის ბოლოს ყირგიზეთში ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც, სისხლის სამართლებრივი გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე, ყოფილ პრეზიდენტებს შესაძლოა ჩამოერთვათ იმუნიტეტი და ოფიციალური სტატუსი.

საპროტესტო იურტების სიმბოლიკა

ალმაზბეკ ატამბაევი ყირგიზეთს 2011-2017 წლებში ხელმძღვანელობდა და ამ ქვეყნის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც პირველი ვადის შემდეგ ნებაყოფლობით დატოვა თანამდებობა.

ყირგიზეთის გენერალურმა პროკურორმა ოტკურბეკ ჯამშითოვმა 25 ივნისს განაცხადა, რომ მის უწყებას აქვს საფუძველი, რომ, საპარლამენტო კომისიის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, ატამბაევს კანონის დარღვევისა და უფლებამოსილების გადამეტების ხუთი მუხლის მიხედვით წაუყენოს ბრალდება.

თავის მხრივ, გენერალური პროკურატურის წარდგინება უფლებას აძლევს პარლამენტს ჩამოართვას ატამბაევს ექს-პრეზიდენტის სტატუსი, რაც, შესაბამისად, ნიშნავს სისხლის სამართლებრივი დევნისაგან დამცავი იმუნიტეტის დაკარგვასაც.

ყირგიზეთის პარლამენტი ამ საკითხზე კენჭისყრის ჩატარებას 27 ივნისს აპირებს.

მანამდე, 2017 წლის ნოემბერში, ახლად არჩეული პრეზიდენტის, ჟეენბეკოვის, ინაუგურაციის შემდეგ, პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით დააპატიმრა ატამბაევის რამდენიმე თანამებრძოლი.

ივნისის დასაწყისში ყირგიზეთის ხელისუფლებამ კორუფციის ბრალდებით დააპატიმრა ყოფილი პრეზიდენტის აპარატის სასამართლო სისტემის რეფორმების კურატორი, მანასბეკ არაბაევი.

კორუფციის მუხლით ბრალდებები აქვთ წარდგენილი საფარ ისაკოვსა და ჯანტორ სატიბალდიევს, რომლებსაც ატამბაევის პრეზიდენტობის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავათ.

და ამ ფონზე, მაშინ როცა პარლამენტში 27 ივნისს ალმაზბეკ ატამბაევისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის შესახებ კენჭისყრა უნდა გაიმართოს, ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა ატამბაევის სოფელ კოი-ტაშის შესასვლელი გზა გადაკეტეს და ოთხი იურტა აღმართეს.

ტრადიციულად, ყიგიზეთში აქტივისტები იურტებს დგამენ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი ხანგრძლივი პროტესტისა და გამოსვლებისათვის ემზადებიან.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG