Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევები კასპის მუნიციპალიტეტში


ლუგარის ლაბორატორია თბილისში
ლუგარის ლაბორატორია თბილისში

კასპის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. სოფელ სასირეთის მცხოვრები ახალგაზრდა კაცი რამდენიმე დღის განმავლობაში მინდორში მუშაობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ სამი დღე გავიდა და ახალგაზრდა კაცს სისუსტე და ცხელება დაეწყო.

მალე მან კანში ღრმად ჩამჯდარი ტკიპაც შეამჩნია. ექიმებმა ის ჯერ კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეჭვი კორონავირუსზე ჰქონდათ. ჩატარებული კვლევების შედეგად ახალგაზრდას ყირიმ-კონგოს ცხელება დაუდგინდა და ის სასწრაფოდ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. პაციენტის დედა, ნუნუ ლევანიძე, ამბობს, რომ მკურნალობა შედეგიანი აღმოჩნდა და მისი შვილი ახლა თავს უკეთესად გრძნობს.

სასირეთის მცხოვრებლები სოფლის მიმდებარე მინდვრებში ტკიპების მომრავლებაზე ლაპარაკობენ. ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ტკიპების კბენით ვრცელდება. ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ - ადამიანს. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ეს საკმაოდ მძიმე ვირუსული დაავადებაა და მაღალი ლეტალობით ხასიათდება. დაავადებულთა, დაახლოებით, 40 % იღუპება. ხშირ შემთხვევაში ის მკურნალობას არ ექვემდებარება. სასირეთის მცხოვრებლები შეშინებული არიან და შესაბამის სამსახურებს ტკიპების წინააღმდეგ მინდვრების სპეციალური ხსნარებით დამუშავებას სთხოვენ.

კასპის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული ინფექციის შესახებ იციან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა. სააგენტოს რეგიონალური სამმართველოს გორის ოფისის ხელმძღვანელი, პაატა თარაშვილი, ამბობს, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე ვეტერინარები კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაემგზავრნენ და პირუტყვის სადგომები სპეციალური პრეპარატებით დაამუშავეს.

ყირიმ-კონგოს ვირუსი ადამიანს გადაეცემა შინაური ცხოველიდან ტკიპით, ადამიანიდან ადამიანზე კი გადადის ინფიცირებული ადამიანის სისხლთან, გამონაყოფებთან, ორგანოებთან მჭიდრო კონტაქტისას. რაიმე ეფექტური ვაქცინა ადამიანებისა და ცხოველებისათვის არ არსებობს.

დაავადება პირველად აღმოჩნდა 1944 წელს ყირიმში, მოგვიანებით მსგავსი დაავადება აღირიცხა კონგოში, ნიგერიაში, სენეგალსა და კენიაში. ვირუსის გადამტანი შეიძლება იყოს გარეული და შინაური ცხოველი, მაგალითად, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა. ცხოველის დაინფიცირება ხდება ინფიცირებული ტკიპის კბენით და ვირუსი სისხლში რჩება.

დასნებოვნებიდან ერთი კვირის განმავლობაში. ადამიანზე ყირიმ-კონგოს ვირუსი გადადის ან ტკიპის კბენით ან დაინფიცირებული ცხოველის სისხლითა და ქსოვილებით. დაავადებული ადამიანი შეიძლება იყოს ინფექციის წყარო სხვებისთვის. ინფექციის სეზონურობა მოიცავს მაის-აგვისტოს პერიოდს.

იმის გამო, რომ არ არსებობს ვაქცინა, ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალებაა ადამიანთა ინფორმირება რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებით. ინფექციონისტები გვირჩევენ:

  • ვატაროთ დამცავი ტანსაცმელი (გრძელი შარვლები, გრძელი სახელოები);
  • ვატაროთ ღია ფერის ტანსაცმელი, რომელზედაც ადვილად გამოჩნდება ტკიპა;
  • ტანსაცმელი და კანის საფარველი რეგულარულად ვათვალიეროთ ტკიპის აღმოსაჩენად, მისი არსებობის შემთხვევაში კი უსაფრთხო მეთოდით მოვიცილოთ;
  • ცხოველთა სადგომში გავატაროთ ტკიპების საწინააღმდეგო ღონისძიებები;
  • ცხოველის დაკვლის ან მოვლის დროს ვატაროთ ხელთათმანები და დამცავი ტანსაცმელი;
  • მოვერიდოთ დაინფიცირებულ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტს;
  • დაინფიცირებული ადამიანის მოვლისას ჩავიცვათ ხელთათმანები და დამცავი ტანსაცმელი.
  • რეგულარულად დავიბანოთ ხელები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG