6 ივნისის მსვლელობა პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებს ეხმაურება - ერთი მხრივ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ეწინააღმდეგება, მეორე მხრივ, გამოუძიებელი საქმეების პრობლემაზე სურს საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.
მარშში მონაწილეობდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
“ჩვენ გვინდა საქართველო, სადაც ადამიანის ღირსება იქნება დაცული. ეს პროტესტი იქნება ყველა ქუჩაზე, ყველა უბანში, ყველა ქალაქში, ვიდრე არ გაიმარჯვებს საქართველო და არ ჩამოიშლება რეჟიმი; რეჟიმი, რომელმაც მოქალაქეებს დააკარგვინა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა - ძირს რუსული რეჟიმი! დიდება საქართველოს!” - აცხადებედნენ აქციის მონაწილეები.
შაბათის მარშების ტრადიცია უწყვეტ პროტესტში ჩართულმა მოქალაქეებმა bbc-ის საგამოძიებო ფილმის პასუხად დააწესეს - პირველი ერთი თვის განმავლობაში ამ მსვლელობით ისინი ითხოვდნენ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას იმის დასადგენად, გამოიყენა თუ არა "ქართულმა ოცნებამ" ათიათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი.
მომდევნო თვეებში მარშების თემატიკა უფრო მრავალფეროვანი გახდა - ის ყველაზე ხშირად პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული ასზე მეტი ადამიანის მხარდასაჭერად ტარდება, ზოგჯერ კი მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ თემებს ეხმაურება.
უწყვეტი საპროტესტო აქციები კი დაიწყო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯის გადადგმას [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] დღის წესრიგიდან ხსნის, 2028 წლის ბოლომდე.
ფორუმი