Accessibility links

logo-print logo-print

შეგვიძლია თუ არა ონლაინსწავლებაზე გადასვლა


რამდენად შეძლებენ ქართული სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინრეჟიმში მუშაობას, თუ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო ეს აუცილებელი გახდება?

მთავრობის გადაწყვეტილებით, არდადეგები სასწავლო დაწესებულებებში 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება.

სასკოლო არდადეგები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციოდ 4 მარტს გამოცხადდა და, პირველადი ინფორმაციით, 16 მარტამდე გრძელდებოდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამინისტრო შეიმუშავებს და წარმოადგენს გაცდენილი აკადემიური საათების ანაზღაურების გეგმას. ჯერჯერობით ონლაინსწავლებაზე გადასვლას სამინისტროში არ გეგმავენ, ეს მხოლოდ უკიდურესი ნაბიჯი შეიძლება იყოს. უფრო რეალურია სასწავლებლებმა გაცდენილი აკადემიური საათების ანაზღაურება სხვა მეთოდებით სცადონ - იქნება ეს საათების გახანგძლივება თუ შაბათ-კვირას ან ზაფხულში სწავლება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინსწავლებაზე ჯერ არ გადასულან, მაგრამ აპირებენ სასწავლო კურსებს ელექტრონული კომპონენტები დაამატონ.

„სწავლის დაწყებამდე სტუდენტებს მივაწვდით ინსტრუქციებს, მათ შორის ვიდეოგაკვეთილებს, თუ როგორ ჰქონდეთ წვდომა საგანმანათლებლო რესურსებზე“, - აცხადებენ უნივერსიტეტში.

სწავლის განახლებას 16 მარტს აპირებს ილიას უნივერსიტეტი, თუმცამხოლოდ ონლაინრეჟიმში. ილიაუნს აქვს ელექტონული ბაზა „არგუსი“ და „მუდლი“, რომელშიც სტუდენტები არიან გაწევრიანებული. მათ სასწავლო მასალები ონლაინ მიეწოდებათ.

ამჯერად ილიაუნი გეგმავს სისტემას ვიდეოლექციების სექციაც დაამატოს. მათ ლექტორები, საჭიროების შემთხვევაში, „არგუსის“ სისტემის გამოყენებით ჩაწერენ და ატვირთავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ილიაუნს დისტანციური სწავლების კუთხით კარგი გამოცდილება აქვს, მაინც მიიჩნევს, რომ, პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე (16 000 სტუდენტი, 800 კურსი), თავიდან სწავლების ახალ მოდელს მცირე ხარვეზები ექნება.

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ეჭვობს, რომ ონლაინსწავლების დასაწყებად საქართველო სრულფასოვნად იყოს მზად. მისი აზრით,პრობლემურია როგორც ტექნიკური მომარაგება, ასევე იმ ხალხის კომპეტენცია, რომლებმაც ონლაინკურსები უნდა ააწყონ, დაგეგმონ და ჩაატარონ. „არის შემთხვევები, როდესაც პედაგოგმა მეილის გაგზავნაც კი არ იცის“, - ამბობს სიმონ ჯანაშია.

მისივე თქმით, სკოლებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლები პრობლემაა, თუნდაც იმის გამო, რომ, რამდენიმე წელია, პირველკლასელებს ლეპტოპებს ურიგებენ. შესაძლებელია ტელეფონის გამოყენებაც. სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ უფრო დიდი გამოწვევაა ბავშვი აიძულო დისტანციურად იმეცადინოს. კიდევ უფრო რთულია დისტანციურად გამოცდების გაკონტროლება.

„ცნობილია, რომ ვიდეოები, რომლებშიც ერთი კაცი ლაპარაკობს და მეორე, უბრალოდ, უსმენს, არაეფექტურია და დიდხანს ვერ უყურებენ“, - ამბობს ის და განმარტავს, რომ, მართალია, საქართველოში ონლაინსწავლების გამოცდილება ნაკლებია, მაგრამ მაინც არის. მაგალითად, ინტერნეტში დევს ვიდეოგაკვეთილები, ცალკე ინტერნეტრესურსია ხანის აკადემია და ასე შემდეგ.

საქართველოსთვის დაკარგული შანსი

დღეს საქართველოს კანონმდებლობა არ აღიარებს უცხოურ უნივერსიტეტებში დისტანციურად მიღებულ განათლებას.

სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ კანონის ეს ნორმა მიიღეს 2005-2006 წლებში, როდესაც ეროვნული გამოცდების რეფორმა ჩატარდა და მნიშვნელოვანი იყო კორუფციული ხვრელები მოესპოთ.

თუმცა 2012-2013 წლებიდან მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებმა მასობრივად დაიწყეს ონლაინკურსებით სწავლება და განათლების სისტემა სხვა რეალობის წინაშე დადგა.

„უნდა გავითვალისწინოთ შეცვლილი რეალობა და ისიც, რომ ინტერნეტი გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა. ჩვენი სწავლების სისტემა სხვა, უფრო ფართო სისტემის ნაწილია. როდესაც ადამიანებს უზღუდავ შესაძლებლობას ჩაერთოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, გამოდის, ცდილობ ამ სისტემას კონკურეცია გაუწიო. ქართული უნივერსიტეტები ჰარვარდს კონკურენციას ვერ გაუწევენ“, - ამბობს სიმონ ჯანაშია.

მისი თქმით, აქ გამოსავალი მხოლოდ ერთია: დისტანციური სწავლებით მიღებული განათლება სახელმწიფომ კანონმდებლობის დონეზე უნდა აღიაროს, რათა ის კურსები და საგნები, რომლებიც აქ არ არის ხელმისაწვდომი, ადგილობრივმა სტუდენტებმა ინტერნეტის მეშვეობით გაიარონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG