დანილოვი ირწმუნება, რომ ისინი ვატიკანიდან 2023 წლის ნოემბერში ჩამოიტანა. მან ტაძარს წმინდა ნაწილები გადასცა კლუბში გამართული „შიშვლების წვეულებიდან“ სამი კვირის შემდეგ. ამ წვეულების მონაწილეები დღემდე პატიებას ითხოვენ და უკრაინასთან მებრძოლებს ჰუმანიტარულ ტვირთს უგზავნიან, ზოგი დაპატიმრებულიცაა.
რელიგიის მკვლევრები ირწმუნებიან, რომ 2017 წლიდან ვატიკანში წმინდანების ნაწილებით აღარ ვაჭრობენ (სერტიფიკატი, რომელიც ვიდეოში ჩანს 2018 წლით თარიღდება). თუმცა რელიკვიის შეძენა მაინც შეიძლება.
ანდრეი კორდოჩკინი მართლმადიდებელი მღვდელია, ადრე მადრიდში, მარიამ მაგდალინელის ტაძრის წინამძღვარი იყო. ის ერთ-ერთია, ვინც ანტისაომარ მიმართვას ხელი მოაწერა. „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ თხოვნით, მამა ანდრია განმარტავს, თუ ვინ ეთაყვანება წმინდანების ნაწილებს, როგორ შეიძლება მათი შეძენა, ვინ ყიდის და როგორ უნდა შემოწმდეს მათი ნამდვილობა.
- რატომ სცემს თაყვანს ეკლესია წმინდანების ნაწილებს?
- ქრისტიანებს სწამთ, რომ ადამიანის სხეული ფუტლიარი არ არის, მისი პიროვნების ნაწილია და მის შინაგან სამყაროს განუყოფლად უკავშირდება. სიწმინდე არა მხოლოდ სულის, არამედ სხეულის განახლებასაც გულისხმობს. ადამიანზე სიწმინდეები, მათ შორის წმინდა ნაწილები, მექანიკურად და მაგიურად არ მოქმედებენ. მაგრამ, რადგანაც მათ რწმენითა და სიყვარულით მიეხლებიან, მორწმუნეები წმინდათან სიახლოვესა და მის დახმარებასაც გრძნობენ.
ეს ხედვა ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან მოდის. მეფეთა წიგნი ყვება, თუ როგორ აღადგინა მკვდრეთით მიცვალებული წმინდა ელია წინასწარმეტყველის ნაწილებმა. ქრისტიანობაში წმინდანების ნაწილებს თავიდანვე როგორც დიდ სიწმინდეს ისე ინახავდნენ. მეორე საუკუნეში დაწერილ „პოლიკარპეს მარტვილობაში“ ნათქვამია, რომ წმინდანის მოკვდინების შემდეგ, მისი სხეული მოწაფეებმა განძივით შეინახეს. ის მათთვის „ძვირფას ქვებზე ძვირფასი და ოქროზე ძვირი“ იყო. დღემდეა შემორჩენილი ევქარისტიის წმინდანის ნაწილებზე შესრულების ძველი ტრადიცია. ტაძრის კურთხევისას ტრაპეზზე წმინდანის ნაწილებს ათავსებენ. არ არის აუცილებელი, წმინდანი მოწამე იყოს. ევქარისტია სრულდება ოდიკზე - ქვასაფენელზე, რომელშიც ასევე თავსდება წმინდანის ნაწილი.
თუმცა წმინდანების ნაწილებს ყველა ქრისტიანი არ ეთაყვანება. ეს ტრადიცია ძირითადად მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შემორჩა. პროტესტანტებმა, ზოგი გამონაკლისის გარდა, ამ ტრადიციაზე უარი თქვეს.
- შეიძლება თუ არა წმინდა ნაწილებით ვაჭრობა?
- ქრისტიანულ ტრადიციაში წმინდა ნაწილები დიდი სიწმინდეა. მისი გაყიდვა შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ ჩუქება და გაჩუქება. ესპანეთში ჩემი მსახურების დროს, კათოლიკურმა ეკლესიამ რამდენჯერმე გადმოგვცა ძველი ესპანეთის წმინდანების ნაწილები, იმათი, ვინც პირველ ათასწლეულში - განუყოფელი ეკლესიის ეპოქაში ცხოვრობდა. გარდა ამისა, ჩვენ გვჩუქნიდნენ წმინდანების ნაწილებს რუსეთიდან და უკრაინიდან, წმინდა მოწამე ვლადიმირის - კიევიდან, წმინდა ინოკენტის - ირკუტსკიდან და სხვა წმინდანების ნაწილებსაც.
მიუხედავად ამისა, წმინდა ნაწილები ხშირად ხვდება აუქციონებზე და ანტიკვარებით მოვაჭრეებთან, მათ შორის ინტერნეტსივრცეშიც, მაგალითად, eBay-ზე. ხანდახან ტაძრები იხურება და მთელი მისი ჭურჭელი გასაყიდად გამოაქვთ, მათ შორის - სანაწილეებიც. აუქციონების უმეტესობა ადამიანის ნაშთით ვაჭრობას კრძალავს, მაგრამ გამყიდველი ამბობს, რომ მხოლოდ სანაწილეს ყიდის, წმინდა ნაწილები კი საჩუქრად გადაეცემა.
უნდა იყიდო თუ არა წმინდა ნაწილები? ეს საკითხი კიდევ უფრო რთულია. მაგალითად, ცოცხალი ადამიანით ვაჭრობა არ შეიძლება. თუმცა, თუ ის ტყვედაა და მასში გამოსასყიდს ითხოვენ, შეიძლება გამოსახსნელად თანხა გადაიხადო. იგივე ხდება, როდესაც სიწმინდე აუქციონერებისა და ანტიკვარიატით მოვაჭრეების „ტყვეობაშია“. ეკლესია, რა თქმა უნდა, არ მიესალმება იმას, რომ წმინდა ნაწილები აღებ-მიცემობის საგნად იქცეს, მაგრამ პირდაპირი აკრძალვაც არ არსებობს.
- როგორ შეიძლება იმის დადგენა, რომ წმინდა ნაწილები ნამდვილია?
- კათოლიკურ ეკლესიაში ყოველ სანაწილეს თავისი სერტიფიკატი აქვს. დროთა განმავლობაში სერიტფიკატი შეიძლება დაიკარგოს. რა თქმა უნდა, გაყალბებაც შეიძლება, თუმცა ხანდახან ავთენტიკურ სერტიფიკატთან დაკავშირებითაც ჩნდება კითხვები. საიდუმლო არ არის, რომ იოანე ოქროპირის თავის ქალას თაყვანს სცემენ ათონის მთის მონასტერშიც, ვატოპედში; მოსკოვშიც, მაცხოვრის ტაძარში და კიდევ - ფლორენციაშიც. კიდევ სხვა მაგალითიც, ნანახი მაქვს მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის კათოლიკური სანაწილეები, თავისი სერტიფიკატით. მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიის გადმოცემით, მისი სხეული არ დარჩენილა. მოწაფეებმა მისი დაკრძალვის შემდეგ საფლავი ცარიელი იპოვეს.
- რა ხდება, თუკი დარწმუნებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ ნაწილები ნამდვილია?
- სიწმინდეებს ვეპყრობით, როგორც ერთგვარ სხეულებრივ „ხატებს“, მათი თაყვანისცემისას, თუნდაც ისინი ნამდვილი არ იყოს, ჩვენ თავად წმინდანს ვცემთ თაყვანს. ხატშიც ხომ მასზე გამოსახულ წმინდანს მივაგებთ პატივს და არა იმ მასალას, რომლისგანაც ეს ხატი შეიქმნა.
რაც შეეხება იმ ნაწილების სერტიფიკატს, რომელიც კლუბის მეპატრონემ გააჩუქა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ნამდვილია. თუმცა, ჩემთვის მათი ნამდვილობა არ არის გადამწყვეტი. რამდენიმე დღის წინ ჩემს ფეისბუკზე დავწერე: „მგონია, რომ ბოლო დღეების მოვლენებს შორის ერთგვარი კავშირია, ვგულისხმობ „შიშვლების წვეულების“ განხილვასა და უკრაინის ქალაქების დაბომბვას. სულ ცოტა ხნის წინ ირანში 16 წლის გოგო დაიღუპა, მას შემდეგ, რაც პოლიციამ დააკავა. დააკავა კი იმიტომ, რომ თავზე არ ეხურა. ანუ ადამიანი როგორ გამოიყურება, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, ცოცხალია თუ არა. თუ სათანადოდ ჩაცმული არაა, ეს მორალური პრობლემაა და საჯაროდ უნდა განიხილებოდეს. ხოლო როდესაც ადამიანები საკუთარ სახლებში იფერფლებიან, ამაზე ლაპარაკი აკრძალულია. ერთი სიტყვით, ეს „ტრადიციული ღირებულებებია“. ასე რომ, მე დღევანდელი რწმენისა და „სამოქალაქო რელიგიის“ ავთენტიკურობა უფრო მაეჭვებს და არა წმინდა ნაწილების.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა მიმართეს იტალიის ქალაქ ნოვარის ეპარქიას, სადაც „მუტაბორის“ მფლობელს წმინდა ნაწილების ავთენტიკურობის სერტიფიკატი მისცეს. იქ გვითხრეს, რომ სერტიფიკატზე ხელმომწერი მღვდელმსახური ფრანკო ჩერუტი ნოვარაში რელიკვიების მცველად 2015 წლამდე მსახურობდა (ეს დოკუმენტი 2018 წლით თარიღდება). სერტიფიკატთან დაკავშირებულ სხვა კითხვებს ეპარქიაში არ უპასუხეს.